ავტორი:

"ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა...მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - რამ მოახდინა საქართველოში შთაბეჭდილება ვილი სანიოლზე

"ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა...მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - რამ მოახდინა საქართველოში შთაბეჭდილება ვილი სანიოლზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი ამბობს, რომ საქართველში ჩამოსვლის შემდეგ, მასზე ადამიანების სითბომ შთაბეჭდილება მოახდინა. ვილი სანიოლის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს "ფეისბუქში“ ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანების სითბომ. დასავლეთ ევროპელები ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ხალხი ცხოვრობს, თუმცა ეს ასე არაა, რაც ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ქვეყნის პირველი გუნდის გაწვრთნა, რადგან აქ ვმუშაობ არა მხოლოდ გუნდისა და ხელმძღვანელობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

მაქვს ბინა და ყოველ დღე მივდივარ ოფისში სამუშაოდ. საფრანგეთშიც მსგავსი სიტუაცია მქონდა, ყოველდღე მიწევდა ქალაქში გასვლა და მუშაობა. ჩემი სამუშაო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობაში იწყება. ჩემს დამხმარე მწვრთნელ ადელ ჩედლისთან ერთად ოფისში მოვდივარ, ვხვდებით თანამშრომლებს, რომლებიც გეგმავენ შეხვედრებს.

ჩვენ ხშირად გვიერთდება ჩემი მეორე თანაშემწე, ზურა ხიზანიშვილი. თუ გვჭირდება სამედიცინო საკითხების განხილვა, ვიბარებთ შეხვედრაზე სამედიცინო შტაბის წევრებს, სხვა დროს კი, ვიდეო ანალიტიკოსებთან ერთად ვიდეო ჩანაწერებს ვარჩევთ და მონტაჟებს ვქმნით. ნაკრების მომდევნო მატჩისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.

საქართველოში დავესწარი რამდენიმე მატჩს და საინტერესო ფეხბურთელებს დავაკვირდი. მარტში პირველ შეკრებაზე უკვე გამოვიძახე ეროვნული ლიგის რამდენიმე მოთამაშე. მე ამას მომავალშიც გავაკეთებ, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ.

ჩემთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ თბილისში ყოფნა, არამედ სხვა ქალაქების, კლუბებისა და სტადიონების მონახულებაც, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ქართული ფეხბურთის ნაწილს. როდესაც ადამიანი ქვეყანაში არ ატარებს ბევრ დროს, მას უჭირს გარკვეული საკითხების გაცნობიერება.

მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელების რეაქციის გაცნობიერება ჩემს ნათქვამსა, თუ ქმედებებზე. უნდა გავიცნო აქაური კულტურა, ეს ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილია. სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - ამბობს ვილი სანიოლი.