ავტორი:

"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ

"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პიერო ფასინო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიას და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად“, - განაცხადა პიერო ფასინომ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნიევ რაუ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მოლოცვები. საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაქვს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნიევ რაუმ.

უწყების ცნობით, პოლონელი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„გარწმუნებთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის პროდასავლურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ევროკავშირისა და ნატოში - მომავალ სრულ წევრობას“, - ნათქვამია დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, - აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის წერილში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, რომელიც 1-ელ ივნისს შედგება.

„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის 1-ელ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინსტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლიეტუვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.

„თავისუფლებით გაერთიანებულები მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება!

ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ლიეტუველი ხალხის სახელით თითოეულ თქვენგანს საუკეთესო განწყობას გისურვებთ“, - განაცხადა ნაუსედამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„თბილი მილოცვა ლატვიიდან საქართველოს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს“, - წერს ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერში“.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის ამ სამეზობლოში. მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა,“ - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ის რამდენიმე პოსტსაც აქვეყნებს.

„26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროკავშირს და საქართველოს სხვა პარტნიორებს სურთ, ქვეყანას დაეხმარონ შიდა და გარე გამოწვევების გადალახვაში.

„თითქმის მოგვარებული საპარლამენტო კრიზისი კარგი მაგალითია. თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანია და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ადრე,“- წერს ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

„დიდ გამოწვევად რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში“, - წერს კრამონი.

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ასევე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა. მისი თქმით, ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის 103 წლის იუბილეს. მაისის თვეში საქართველო და ნორვეგია ორივე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 2021 რთული წელი იყო. გარდა პანდემიისა, საქართველოს არსებული საოკუპაციო და პოლიტიკურ კრიზისთან მოუწია გამკავება. ასეთ რთულ დროს კი ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა სიმტკიცე და გამძლეობა. პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინეს კომპრომისის ნება, წინსვლა. პოლიტიკური გამბედაობა და თანამშრომლობის სურვილი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

საქართველოში წითელი არმიის შემოჭრიდან წელს 100 წელი გავიდა. ამ ფაქტმა პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული განვითარების პროცესი სრულიად ჩაშალა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და შედეგები ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვხედავთ უსირცხვილო მცოცავ ოკუპაციას და ვგლოვობთ იმ ხალხს, რომელთა სიცოცხლე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას შეეწირა. ჩვენ გვახსოვს იმ ქართველი კაცის გმირობის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლის დატოვებას, საოკუპაციო საზღვრის მიღმა სიკვდილი ამჯობინა. ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, საქართველო ძლიერი და სანდო პატრნიორია. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე მოვასწარით ამ საოცარი ქვეყნის კუთხეების დათვალიერება. დავტკბით რაჭის თვალწარმტაცი ხეობითა და შთამბეჭდავი ხედებით მყინვარწვერიდან. კიდევ უფრო მეტის ნახვის და შეცნობის სურვილი გვაქვს. საქართველო ზღაპრული ქვეყანაა არა მხოლოდ მისი ბუნებისა და სამზარეულოს, არამედ აქაური ხალხის და კულტურის მრაალფეროვნების გამო, რაც ამ ერს ასეთ საინტესოს და საყვარელს ხდის.

ვაქცინაციის რიცხვის ზრდასთან ერთად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რთულ პერიოდს მალე უკან ჩამოვიტოვებთ. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!“, - აცხადებს ელჩი „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"