ავტორი:

"ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა" - ნიკოლოზ წულუკიძე მარინა ჯანაშიაზე

"ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა" - ნიკოლოზ წულუკიძე მარინა ჯანაშიაზე

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ბოლო სატელეფონო საუბარს იხსენებს:

"მარინა ჯანაშიამ ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია რომ ასეთი დასასრული იქნებოდა. სამი მსახიობის (მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, მარინა თბილელი) 100 წლის იუბილეზე მეკითხებოდა.

გულისწყვეტაც შევატყვე, რომ ჩვენთან ერთად არ იდგა სცენაზე. გული მეწვის, რომ,, მოხუცი ჯამბაზების" ერთ-ერთი მთავარი ჯამბაზი მოხუცი ვერ გახდა, ძალიან ადრე წავიდა, ძალიან... თემო გოცაძემ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო. გითანაგრძნობთ და გამძლეობას გისურვებთ ბატონო თემო P.S. რა ძვირფასი გახდა ეს წერილი" - წერს წულუკიძე.

ცნობისთვის, მსახიობი მარინა ჯანაშია დღეს გარდაიცვალა. ის 71 წლის იყო.

ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია.

აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).