ავტორი:

ამნისტიის პროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა ბრალდებებს უყურნებენ ერთმანეთს მხარეები

ამნისტიის პროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა ბრალდებებს უყურნებენ ერთმანეთს მხარეები

19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნება" პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც დიდი ალბათობით ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია ოპოზიციის კანონპროექტი.

„ვერ შევთანხმდით. ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე, რომელიც სრულ შესატყვისობაშია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების" ვერსიით, ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. ჩვენი პროექტით, საჭირო არ არის ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას რიგი ჩვენი შენიშვნებისა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ დღეს, პირველი მოსმენით, სესიაზე თავიანთი პროექტის გატანას აპირებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე შეუთანხმებლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაა.

როგორც დღეს გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოხანაშვილმა განაცხადა, მათ ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია არა აქვთ.

„ოპოზიციური ჯგუფები ერთიან პოზიციაზე თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. ამიტომ ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ პოზიციები დღეს, არის ის, რომ თვითონ ოპოზიციის შიგნით არის გაურკვევლობა. უფრო კონკრეტულად, „ლელოს" წარმომადგენლები ისეთ კატეგორიულ მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლს მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის პროექტის არსს არღვევს. მათ კატეგორიული კრიტერიუმები აქვთ დაყენებული და გაზიარება რომც გვინდოდეს, შარლ მიშელის სულისკვეთებას დაარღვევს. „ლელოს" პოზიციაა, რომ მათ აღარ უნდა იკისრონ ის პოლიტიკური ტვირთი, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს. სამწუხაროდ, ისრების გადატანა დაზარალებულებზე სურთ, რაც სრულიად მიუღებელია. ეს შეთანხმების ნაწილი არ არის და ამ მოთხოვნის თანაზიარი ჩვენ ვერ ვიქნებით. სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ უფრო მეტი თანამშრომლობის მოლოდინი, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ გამოთქვამს მზაობას, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, გაგრძელდეს მსჯელობა და მოხდეს პოზიციების დაახლოება.

„ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, ჩვენ ამაზე კონკრეტულად არ ვსაუბრობთ. გაჟღერდა რამდენიმე საკითხი და "ქართული ოცნების" მხრიდან არის მათზე მსჯელობის გაგრძელების მზაობა. დაველოდოთ, რა პოზიცია ექნებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"