ავტორი:

რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?

რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ესტონური მასმედია საბჭოთა პერიოდის ინფექციურ დაავადებებს იხსენებს და ცდილობს ახსნას ის გარემოება, თუ რატომ არ იყო (ან იყო და მალავდნენ) იმ დროს ეპიდემიები. ასე, მაგალითად, გაზეთი "პოსტიმეესი“ («Postimees») სტატიაში, სათაურით: "რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?“.

ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს ის განუმეორებელი ხმა, რაც ჭიქის წყლით გავსების შემდეგ ისმოდა ხოლმე და ის ფასი, რასაც ერთ ჭიქა სიროფიან თუ უსიროფო გაზიან წყალში იხდიდნენ. იმ დროს, პაპანაქება სიცხეში, ჭიქა ცივი წყლის დალევა თითქმის უფასოდ ნამდვილად ღვთიური სიამოვნება იყო: 1 კაპიკი უსიროფო და 3 კაპიკი - სიროფით: ეს იყო "რკინის ტარიფი“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა. ეს წყლის აპარატები ჩვენს დედაქალაქშიც ძალიან პოპულარული იყო თავის დროზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჭიქებით, რომლებიც სიმბოლურად ცივი წყლით "ირეცხებოდა“, არავინ ავადდებოდა რაიმე ინფექციით.

  • რით შეიძლება აიხსნას ეს საიდუმლოება?

დიახ, მინის წახნაგიან, დაკუთხილ ჭიქებს არც მდუღარე წყლით არ უკეთებდნენ დეზინფექციას, არც ქლორიანი და არც, უბრალოდ, საპნიანი ხსნარით. ამის მიუხედავად, არავის არ გაუგია, რომ ვინმე ოდესმე ამ საერთო მოხმარების ჭურჭლით დაავადებულიყო. საბჭოთა მოქალაქეებს ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებდათ და რიგში დგომის გარკვეული დროის შემდეგ, სიამოვნებით სვამდნენ ხილის სხვადასხვა გემრიელი სიროფით გაზავებულ გაზიან ცივ წყალს იმ ჭიქებით, რომლებითაც მანამდე სრულიად უცნობმა ადამიანებმა ისარგებლეს... და რაც უფრო საკვირველია დღეს, ბავშვებსაც კი წყალს იმავე ჭიქებით ასმევდნენ...

  • დღეს შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ხდებოდა იმ დროს ეპიდემიები - ვთქვათ, ტუბერკულოზის, ჰერპესის და სხვა არასასიამოვნო და სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებების თვალსაზრისით.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: ბევრი ექიმი დარწმუნებულია, რომ დასნებოვნება ხდებოდა, მაგრამ მცირერიცხოვანი სახით და მათზე საჯაროდ ლაპარაკი საზოგადოებაში მიღებული არ იყო. როგორც არ უნდა დაცული ყოფილიყო სანიტარული წესები, საერთო ჭიქების სარგებლობით უბრალო დიზენტერია მაინც გავრცელდებოდა, მაგრამ გასაგებია, რომ ინფორმაცია ასეთი შემთხვევების შესახებ "სანეპიდსადგურებისა“ და სამინისტროების კედლებში რჩებოდა. რიგითმა მოქალაქეებმა სტატისტიკური მონაცემები არ იცოდნენ, ამიტომაც მშვიდად აგრძელებდნენ გაზიანი წყლის სმის სასიამოვნო პროცედურას...

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ინფექციის გავრცელების საფრთხე საყოფაცხოვრებო გზით, ანუ საერთო ჭურჭლის და სხვა მსგავსი ნივთის ხმარებით, ძალიან გადაჭარბებულია. და თუ მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კომერციულ ინტერესთან: სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების გაყიდვის დონე პირდაპირპროპორციულია იმ შიშთან, რომელიც მოქალაქეებს შეიძლება გაუჩნდეთ - რაიმე ინფექცია არ ავიკიდოთ საერთო ჭიქისა თუ პირსახოცის ხმარებითო.

ისე, ობიექტურობის პრინციპს თუ დავიცავთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰეპატიტით თუ ტუბერკულოზით დაავადების შანსი ჭიქიდან გაზიანი წყლის მოწრუპვით თითქმის ნულოვანია.

აი, რაც შეეხება ანგინას და ჰერპესს, ამ ინფექციებით დასნებოვნება შეიძლება. მაგრამ ისევ ობიექტურობის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ამისათვის შესაბამისი პირობებია საჭირო - როგორც მინიმუმი, შესუსტებული იმუნიტეტი მაინც. ძლიერი ორგანიზმი, როგორც წესი, ასეთ ვირუსულ შეტევებს წარმატებით იგერიებს. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ "საშინელ საბჭოთა პერიოდში“ საერთო მოხმარების ჭიქები, ასე თუ ისე, მაინც ირეცხებოდა - ბევრს გახსოვთ, ალბათ, რომ გადაბრუნებულ ჭიქას გაზიანი წყლის აპარატის ნაკვეთურში დადებდით, ხელს დააჭერდით და წყლის საკმაოდ ძლიერი ჭავლი წარმოიქმნებოდა... ეს პროცედურაც ძლიერ ამცირებდა დაავადების ალბათობას.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ