ავტორი:

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

ვინაიდან ჯერ კიდევ არ გვაქვს საიმედო მედიკამენტი COVID-19-ის მძიმე დაავადების განსაკურნებლად, ვაქცინა ერთადერთი საიმედო დაცვაა, ვაქცინაცია კი ერთადერთი გამოსავალი პანდემიის შესაჩერებლად, რასაც არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს. „გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, განაახლონ საქმიანობა ნიღბის ტარების ან სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე უკვე მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული“ - ამას კი უკვე ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევაძე გვეუბნება, რომელთანაც „კოვის-19“-ის ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ. მან ჩვენ მიერ დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა.

- ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, გაიკეთებს თუ არა აცრას, პირბადე უნდა მოიხსნას და იმ წუთიდან ვირუსისგან უკვე დაცულია, ანუ აცრილ ადამიანს რამდენ ხანში იცავს ვაქცინა?

- ვაქცინა იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებას აიძულებს მომავალში დაავადებისგან დაცვის მიზნით. ანტისხეულების გამომუშავებას დრო სჭირდება. ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, თუ ჯერ არ ჩაგიტარებიათ მეორე დოზით აცრა, ან თუ ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების შემდეგ ორ კვირაზე ნაკლებია გასული, სრულად არ ხართ დაცული. ამიტომ, უნდა გააგრძელოთ ყველა პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება სრულად აცრიდან ანუ საბოლოო დოზიდან კიდევ 2 კვირის მანძილზე. თუკი ადამიანს აქვს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ან იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, შეიძლება, ვაქცინაციის შემთხვევაშიც არ იყოს სრულად დაცული და ვაქცინაციის შემდეგაც დასჭირდეს ყველა სიფრთხილის ზომების დაცვა.

- აცრა ხომ არ აქვეითებს იმუნურ სისტემას?

- COVID-19 ვაქცინები ჩვენს ორგანიზმს ხელს უწყობს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, რომელიც COVID-19-ს იწვევს, დაავადების გადატანის გარეშე. სხვადასხვა ტიპის ვაქცინა სხვადასხვანაირად „მუშაობს“. თუმცა ყველა მათგანი ორგანიზმს უტოვებს "მეხსიერების" T- ლიმფოციტებისა და B - ლიმფოციტების მარაგს, რომლებიც იმახსოვრებენ სამომავლოდ როგორ ებრძოლონ ამ ვირუსს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს მხოლოდ კონკრეტული დაავადებების წინააღმდეგ და არ ასუსტებენ იმუნურ სისტემას.

- კოვიდგადატანილი რამდენი ხნის მერე უნდა აიცრას, ანუ აცრა მისთვის სასურველი როდის არის?

- COVID-19-ისგან განკურნებული ადამიანი ვაქცინაციას საჭიროებს, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს იცავს მას დაავადების შედეგად განვითარებული ბუნებრივი იმუნიტეტი. შედარებით იშვიათად, თუმცა მაინც ფიქსირდება რეინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, ვაქცინაცია დაავადების გადატანის შემდეგ არის უფრო საიმედო დაცვა. საქართველოში COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია გამოჯანმრთელებიდან 120 დღის შემდეგ. ზოგადად რეკომენდებულია, რაც შეიძლება დროული აცრა, ყველაზე ადრე სიმპტომების არქონის შემთხვევაში, დაავადებიდან 2 კვირის შემდეგ. თუკი პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა მონოკლონალური ანტისხეულებით ან პლაზმით, ასეთ შემთხვევაში, ვაქცინაცია არ არის საჭირო გამოჯანმრთელებიდან 90 დღეზე ადრე. უმეტესწილად, სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციების მიხედვით, ვაქცინაცია ნებადართულია დაავადების დადასტურებიდან 90 დღეში. ეს უფრო დაკავშირებულია ვაქცინების შეზღუდულ რაოდენობასთან, რომ პირველ რიგში ვაქცინა შეხვდეს იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ არ აქვს იმუნიტეტი COVID-19-ის წინააღმდეგ.

- როგორც გვეუბნებიან, ვაქცინირებულს შეიძლება კოვიდი მაინც შეხვდეს, მაგრამ ორგანიზმი მას ადვილად დაძლევს და ლეტალური გამოსავალიც ასეთ დროს თითქმის 0-ია.

- თუკი ადამიანი არ არის სრულად ვაქცინირებული (ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში არ აქვს ორივე დოზა გაკეთებული) ან მეორე დოზიდან არ გასულა მინიმუმ 2 კვირა და ის არ იცავს საპროფილაქტიკო წესებს, მისი დაინფიცირების შანსი დიდია. სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა დაცვა აქვს პროცენტულად დაინფიცირებისგან ან მძიმე დაავადებების განვითარებისგან. თუმცა ამ მაჩვენებლებს შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა და უმეტეს შემთხვევაში ვაქცინირებულ ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმა, რასაც ისინი ლეტალურ შედეგამდე მიჰყავთ, თითქმის არ უვითარდებათ. თუ სრულად ხართ აცრილი, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი COVID-19-ით გაცილებით დაბალია.

- ვაქცინირებული ადამიანი, დაინფიცირების შემთხვევაში, არის თუ არა სხვებისთვის ინფექციის გადამცემი?

- შეუძლია თუ არა ვაქცინირებულს ვირუსის გადატანა და სხვებისთვის გადაცემა, ეს ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. მზარდი მტკიცებულებების თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან სიმპტომების გამოვლენის გარეშე (90%-ით იშვიათია ე.წ. ასიმპტომური ინფექცია) და ამიტომ პოტენციურად ნაკლებად ავრცელებენ ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ხოლო რაც შეეხება თავად ვაქცინებს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაავადებას იწვევს, ამიტომ არცერთ ვაქცინას არ შეუძლია COVID-19-ის გამოწვევა.

- აცრილი ადამიანებიდან, საქართველოს მასშტაბს ვგულისხმობ, თუ მიგიწვდებათ ინფორმაციაზე ხელი, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, იმისათვის, რომ ვაქცინამ თავისი მაქსიმალური ეფექტურობა გამოავლინოს, ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, ადამიანს გაკეთებული უნდა ჰქონდეს ორივე დოზა და მეორე დოზიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 2 კვირა. შესაძლოა, ადამიანმა გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მალევე გამოუვლინდეს დაავადების სიმპტომები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ან უკვე იყო დაინფიცირებული ან მეორე დოზის გამოყენებამდე ინტერვალში დაინფიცირდა, ვინაიდან ჯერ მას სრულად დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჩამოყალიბებია. რამდენია ასეთი შემთხვევა საქართველოში, ვერ გეტყვით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ არცთუ ისე ბევრი ადამიანია აცრილი ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინების ორივე დოზით. 2021 წლის 26 მაისის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 121 263 პირია აცრილი, აქედან მხოლოდ 17 518 პირია აცრილი ვაქცინის 2 დოზით.

- თუ ადამიანმა არ იცის, რომ კოვიდი აქვს, ანუ უსიმპტომოა და ამ პერიოდში მოუხდა აცრა. რა რისკებთან გვაქვს საქმე?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან არცერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ თუკი ასიმპტომური პაციენტი გაიკეთებს ვაქცინას, ეს არ გამოიწვევს დამატებით გართულებებს, აცრის ერთადერთი მინუსი ის იქნება, რომ ჯერ იმუნურ სისტემას არ ექნება გამომუშავებული დაცვა ამ დაავადების წინააღმდეგ და დაავადება წარიმართება ისევე, როგორც არავაქცინირების შემთხვევაში წარიმართებოდა.

- აცრის შემდეგ ხშირად სვამენ კითხვას - შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება ან რაიმე დიეტური შეზღუდვა ხომ არ არის მითითებული? შეიძლება თუ არა მაგალითად, ყავის დალევა? მზის სხივების, ანუ რუჯის მიღება, სოლარიუმში ვიზიტი ხომ არ გაართულებს სიტუაციას?

- ვინაიდან აცრის შემდეგ იმუნური სისტემა ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს, შეგვიძლია, მოვისაზროთ, რომ ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ორგანიზმს სწორად მუშაობაში და დააქვეითებს იმუნიტეტს, არ არის სასურველი (მაგ. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, დიდხანს და ხშირად მზეზე ან სოლარიუმში ყოფნა და ა.შ). ჩვენი მიზანია, შედეგად კარგი იმუნური პასუხის ჩამოყალიბება, რომ მას მაქსიმალური ეფექტიანობა ჰქონდეს.

- ალერგიული პაციენტებისთვის, ვისაც მაგალითად, ჭინჭრის ციება და სხვადასხვა გართულება ახასიათებთ, ვაქცინაცია რამდენად რეკომენდებულია და მათთვის რაიმე საგანგებო გაფრთხილება ხომ არ არის?

- მათთვის, ვისაც ანამნეზში მწვავე ალერგიული რეაქციები აქვთ, რომლებიც არ უკავშირდება ვაქცინებს ან საინექციო მედიკამენტებს, COVID-19 ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში დაყოვნებით. მათთვის, ვისაც სხვა ვაქცინებზე ან მედიკამენტების საინექციო ფორმებზე დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ჰქონიათ, საჭიროა ალერგოლოგის კონსულტაციის გავლა და ექიმთან ერთად რისკისა და სარგებლის შეფარდების მიხედვით გადაწყვეტა, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული პირის აცრა. მათთვის, ვისაც ოდესმე ჰქონიათ დაუყოვნებელი ან მწვავე ალერგიული რეაქცია COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, არ იქნას გამოყენებული ეს კონკრეტული ვაქცინა. მათთვის, ვისაც COVID-19 ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ განუვითარდათ დაუყოვნებლივი ან ძლიერი ალერგიული რეაქცია, აკრძალულია ამავე ვაქცინის მეორე დოზის მიღება, თუმცა შესაძლოა, ალერგოლოგის კონსულტაციის შემდეგ, შეძლონ სხვა ვაქცინის მიღება მეორე დოზისთვის.

- აცრის შემდეგ თუ გავცივდით, როგორ ვიქცევით?

- თუკი აცრის შემდეგ გამოგვივლინდა ე.წ. გაცივების სიმპტომები, ეს დიდი ალბათობით ვაქცინის გვერდითი ეფექტია. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებიდან ინექციის ადგილზე გვხვდება ტკივილი, სიწითლე და შეშუპება, ხოლო ზოგადი სიმპტომებიდან - დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა. მეორე დოზის შემდეგ გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს უფრო ინტენსიური, ვიდრე პირველი. ეს გვერდითი ეფექტები ნორმალური ნიშნებია იმისა, რომ თქვენი იმუნური სისტემა იწყებს დაცვას და სიმპტომები რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს. თუკი სიმპტომები გიგრძელდებათ რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, შესაძლოა, თქვენ დაავადდით COVID-19-ით ან სხვა ვირუსული ინფექციით, ასეთ დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად. COVID-19-ის გამორიცხვის შემთხვევაში, მართეთ დაავადება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა „გაცივება“. მიიღეთ ბევრი სითხე, დაისვენეთ საკმარისად, ტკივილის ან ტემპერატურის შემთხვევაში მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე

"ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს..." - ამირან გამყრელიძე მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს