ავტორი:

"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"

"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"

ჩვენ არასდროს ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა, სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა, ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს „ფარავენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მოცვა გაიზარდოს.

„ყველა ახალ მუტირებულ შტამს გააჩნია გავრცელების მაღალი პოტენციალი და შესაბამისად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი როგორც ახლა აფასებენ, გადამდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადების სწრაფად გავრცელება მოხდეს.

ბრიტანეთში დომინანტურად მაინც რჩება „ბრიტანული შტამი“ და ამ ახალმა შტამმა ვერ შეძლო დომინანტური გამხდარიყო „ბრიტანული შტამის“ გავრცელების ფონზე. ეს შეიძლება ჩვენთვისაც იყოს რელევანტური, რადგან ჩვენთანაც ძირითადად არის „ბრიტანული შტამი“ გავრცელებული.

დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს აქვს“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევის გამოწვევა? საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემაც ისაუბრა. ჩხაიძის თქმით, აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ თვეში მატულობს. ყველაზე მთავარია, რამდენად საშიშია ეს შტამი და რამენად არის იმის ალბათობა, რომ „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლოს დღეისათვის საქართველოში დომინანტური ბრიტანული შტამი. პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბევრი შემთხვევა შემოტანილი, ვინაიდან ბრიტანული შტამი სწორედ შემოტანილი შტამი გახლავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაკადი ინდოეთიდან საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვა, ძირითადად მესამე ქვეყნიდან, სადაც ეს შტამია დაფიქსირებული, ძალიან ცოტაა. დღეისათვის ინდოეთშიც კი არ არის სრული სურათი არის თუ არა ე.წ. „ინდური შტამი“ ინდოეთში ამ დიდი აფეთქების გამომწვევი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ავტორიზებული ყველა ვაქცინა „ინდურ შტამთან“ მიმართებაში ეფექტურია.

„აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, დღეისათვის მის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტურია „ინდური შტამის“ საწინააღმდეგოდაც. ასე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს რისკი ნაკლები აქვთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, ვაქცინა ჩავიტაროთ, რადგან ე.წ. ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ახასიათებს, იყოს უფრო მეტად გადამდები, ნებისმიერ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების გარკვეული რისკია, მათ შორის, საქართველოში. ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებლობით, ის ცოტათი ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. თუმცა, არის თუ არა უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთვევების გამოწვევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ვისაც მეტი შიში აქვს, გაითვალისწინოს ამერიკელების გამოცდილება და რეკომენდაციები, რომლებმაც ჩათვალეს, რადგან „ბრიტანული შტამი“ უფრო მეტად გადამდები იყო, ორი ნიღბის ტარება უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

"ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში..." - როგორია "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლი გახდა

"საკმაოდ რთული ოპერაცია იყო... დაწყებამდე ცოტას ნერვიულობდა" - რას ამბობენ ლაშა გაბუნიას მდგომარეობაზე კოლეგები და რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან?

5 მიზეზი, თუ რატომ არის ბექაფი საუკეთესო არჩევანი ავტომობილის დასაზღვევად