ავტორი:

"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" მოცეკვავე თეა დარჩიამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც სცენა დატოვა.

როგორც ამბობს, ეს მისთვის რთული გადასატანი იყო. ასევე გულწრფელად ისაუბრა იმ განცდებზე, რომელიც მისი ქალიშვილის მარიამ მათიაშვილის სცენაზე დადგომის შემდეგ ეუფლებოდა.

"მარიამმა ერთ დღესაც მითხრა, რომ მინდა ცეკვაო, მეც მინდა იქ, სადაც შენ ხარო. კარგი-თქო, ვუთხარი. შევიდა სტუდიაში, ჩემმა კოლეგებმა ამუშავეს, შეასწავლეს რაღაცეები. ამასობაში, მესამე შვილი, იოანა გავაჩინე. დავბრუნდი დეკრეტიდან, შევდივარ დარბაზში და მარიამი უკვე დგას იქ. ახლა ნახეთ რა ხდება, მე მარიამს რეპეტიციაზე, გასახდელში თუ სადაც არის, ყველგან ვაკონტროლებ. ჩემს საკუთარ სამსახურში ჩემი ფუნქცია დავკარგე და რაღაც ახალი შევიძინე. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, აღარ მსიამოვნებდა კონცერტზე ცეკვა, რადგან სულ მარიამს ვუყურებ. ამ დროს მე სად ვარ? დავიტანჯე.

შემდეგ ბევრი რამ აეწყო ერთმანეთზე, იქ მეოთხე შვილი, გაბრიელი გავაჩინე... იქ რაღაც ჩავიფიქრე და ასე შემდეგ. გაჩნდა გაბრიელი და წამოვედი სცენიდან. გაბრიელი რომ არა დღემდე ვიცეკვებდი. ძალიან რთული იყო, თუმცა არ მქონდა სტრესი, რაც ანსამბლიდან წამოსვლას ახლავს თან" - ამბობს თეა დარჩია.

მოცეკვავე აღიარებს, რომ სცენიდან წამოსვლის შემდეგ, როდესაც შვილს ცეკვის დროს ხედავდა, ძალიან შურდა მისი.

"რამიშვილები რომ დაიდგა, თუ გადავიტანდი ამ ამბავს არ მეგონა. ვუყურებდი იმას, რისთვისაც შევედი ანსამბლში და ამ დროს მე იქ არ ვარ. მაგრამ მარიამი ცეკვავს ზუსტად ისე, როგორც მე ვიცეკვებდი. გავსკდი გულზე. მანდ მივხვდი, რომ ხელოვანები ცოტა ვერ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა შვილია, თუ სხვა. შავ-ბნელი შურით შემშურდა მარისი. ყველა, ვინც იმ მომენტში იდგა სცენაზე, ჩემი შვილის თამადობით, მეზიზღებოდა" - თქვა დარჩიამ.