ავტორი:

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას, რომლის თანახმად პუნქტი, სადაც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეც იყო საუბარი, ამოიღეს. შესაბამისი განკარგულება სოხუმში 2020 წლის დეკემბერში მიიღეს.

ასლან ბჟანიას ხელმოწერით გაუქმებული პუნქტი, რომელიც "საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში" არსებობდა, აფხაზური მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ჟენევის ფორმატის მიღმა, "საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობას" უშვებდა. თუმცა, ეს პუნქტი ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს, ბჟანიაზე ზეწოლის შესაძლებლობას აძლევდა.

აღნიშნულ პუნქტს აფხაზეთში ასლან ბჟანიასა და მისი გუნდის მიმართ ოპოზიციური ძალების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბჟანიასა და მის მთავრობას, რომელსაც აფხაზეთში პერიოდულად პროქართულ განწყობებში ადანაშაულებენ, ინტერვიუებსა და გამოსვლებში თავის მართლება და იმის მტკიცება უწევდათ, რომ "საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა აფხაზეთის ინტერესების ღალატს და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარს არ ნიშნავს".

ამ სიახლეს აფხაზეთი მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა. ნაწილის განცხადებით, ამით "აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს, ამჯერად მორალურადაც და ამის შემდეგ, ასლან ბჟანიას და მის გუნდს ბევრად თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ..."

სხვები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამის ერთადერთი შედეგი ასეთი იქნება - აფხაზეთი კიდევ უფრო, სახიფათოდ დაუახლოვდება რუსეთს.

"ყველაფერი კარგადაა. ნიკიტა მიხალკოვი გვამხნევებს, 1-ელ ივნისს ნურმაგომედოვიც გვეწვევა... ბჟანია კვირაში ერთხელ კრემლშია, ან კრემლს გარეთ... ქუჩაში კრიმინალია, რეგულაციები ივნისის ბოლომდე არ მოიხსნება, ტურისტები ვერ ჩამოვლენ, ხალხს შია, უფროსობას და გავლენიან პირებს ყველაფერი აწყობილი აქვთ. მთავარია, არაფერი შევიმჩნიოთ, არაფერზე გვაქვს სანერვიულო..." - წერს ადგილობრივი ელა ტანძია.

"ასეთ აფხაზეთზე ვოცნებობდით, არ მეთნახმებით? დილით მეგობრებმა მთხოვეს, ხურდები ხომ არ გაქვს, მარტოხელა ქალს, რომელსაც ქმარი ნარკოტიკებით დაეღუპა და თავადაც ნარკოდამოკიდებულია, თვეების შვილი ჰყავს, საჭმლისა და პამპერსის ფულს ვუგროვებთო... რაც მქონდა მივეცი, მაგრამ ხელფასამდე ან დედაჩემის პენსიამდე ალბათ სხვას უნდა ვთხოვო ფული. ყველაფერი კარგად არის. ასეთ აფხაზეთზე ხომ ვოცნებობდით?!.."- კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი ლენა აკირთავა.

"მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ქართული ინვესტიციებისკენ ცქერას შეწყვეტენ და თავს თავად გაართმევენ. აღარ დაიწყებენ თავის მართლებას, აი რუსეთს იმიტომ ვეპატიჟებით და სომხებს იმიტომ ვაძლევთ ყველაფერს მუქთად, რომ ოპოზიცია საქართველოსთან ყველანაირ ურთიერთობაზე სპეკულირებსო..." - მიაჩნია ლიანა დბარს.

"არ ვიცი, რას გვიშლიდა ეს დოკუმენტი. ბჟანია-ანქვაბს ეს პუნქტი ზღუდავდა რამეში? ვინმემ ამიხსენით, რას გვიცვლის ეს გადაწყვეტილება... რაც აქამდე იყო, იგივე იქნება, ისევ იმ გავლენიანებს ექნებათ ფული, ჩვენ - ნამცეცები. კლანური დაპირისპირებები ისევ გაგრძელდება, ამავდროულად, ორივე თავის კეთილდღეობაზე ზრუნვას განაგრძობს, გალავნებით გარშემორტყმული სასახლეები ისევ ექნებათ, მრავალრიცხოვანი დაცვით, დრო და დრო ერთმანეთს გამოხშირავენ, ჩვენ ვუყუროთ, ხელფასიდან ხელფასამდე. საპენსიო ასაკს, რაც დრო გადის, ნაკლები ადამიანი აღწევს..." - წერს ირაკლი აგუმა.