ავტორი:

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან

"რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საპოლიციო ძალები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებს ტრანსპორტირებაში ეხმარებიან.

როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, რიონის ხეობის მცველები ეცდებიან ბარიკადის მეორე მხარეს შევიდნენ.

"ჩვენი საპოლიციო ძალები კომპანია "ენკასთვის“ ოფიციალურ გადამზიდად იქცნენ. დღეს ვხედავთ, გაიარა კოლონამ, უშუალოდ პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები-მუშები. რადგან ვზღუდვათ კომპანიის ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გატარებას, ამ ხერხს მიმართეს, რომ პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს კომპანიის მუშახელი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ ვეცდებით, შევიდეთ ბარიკადის მეორე მხარეს“, - აღნიშნავს გოლეთიანი.

როგორც გოლეთიანი განმარტავს, “რიონის ხეობის მცველები” პოლიციასთან დაპირისპირებას არ აპირებენ.

„მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, ტექნიკა მეორე მხარეს რომ არ გადაიყვანონ, რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას. ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ, ეს არ არის სწორი და არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა. მისი ფუნქცია არ არის კომპანიის თანამშრომლები ხეობაში თავის მანქანით ატაროს“, - აღნიშნავს გოლეთიანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია "ენკას" თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამოხვანის მიმართულებით, - ამის შესახებ რიონის ხეობის კიდევ ერთი მცველი, მაკა სულაძეც აცხადებს.

მისივე თქმით, აქტივისტებს არ აქვთ მექანიზმი, იმისათვის, რომ გადაამოწმონ ვინ გადაჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს სპეცმანქანებით.

"აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. სიტუაციის მიხედვით ვაგრძელებთ აქ ყოფნას", - განაცხადა მაკა სულაძემ.

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები "ენკას" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 5 საათიდან შეიკრიბნენ. რიონის ხეობის მცველები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, რომ შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით შეუზღუდონ გადაადგილება „ენკას“ ავტომობილებს.

გუშინ ღამით "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის წუხელ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ნაწილი ხეობაში გადასვლას ტყის ბილიკით ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მოგვიანებით, ვითარება " გუმათჰესთან" უშუალოდ იმ ტერიტორიაზე დაიძაბა, სადაც ბარიკადებია აღმართული. აქტივისტები რკინის ჯებირებს აწვებოდნენ და ხელებს აბრახუნებდნენ.

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

"ერთი ადამიანი შემოყვანილი იყო გულის გაჩერებით... დაშავებულებს შორის ბავშვიც არის" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი