ავტორი:

შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ვარსკვლავი, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა. ნურმაგომედოვს 1 ივნისს სოხუმში ელოდნენ, სადაც ცენტრალურ სტადიონზე მასტერკლასის ჩატარებასა და მისივე სახელობის კლუბის მებრძოლებთან შეხვედრას გეგმავდა.

როგორც რუსული მედია წერს, ნურმაგომედოვმა აფხაზეთში ჩასვლა აშშ-ის სანქციების შიშით გადაიფიქრა. სანქციებს, დიდი ალბათობით, სამუშაო ვიზის გაუქმება მოყვებოდა, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ხაბიბის პროფესიულ და კომერციულ კონტრაქტებს აშშ-ში და ასევე UFC-თან ურთიერთობას.

Sport.rambler.ru-ს ცნობით, "32 წლის სპორტსმენი, რომელმაც მთლიანობაში 29 ბრძოლა წარმართა და არცერთი წაუგია, კარიერა გასული წლის ოქტომბერში დაასრულა. რამდენიმე დღის წინ ის აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ტელეფონით ესაუბრა და ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა".

რუსულის მედიის ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ ნურმაგომედოვის გადაწყვეტილებაზე საქართველომ მოახდინა გავლენა. იმავე ინფორმაციას ავრცელებენ აფხაზური წყაროები - კონკრეტულად, ხაბიბის გუნდზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თბილისიდან დიდი ზეწოლა განხორციელდა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა რიზვან მაგომედოვმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, სპორტსმენის გაუქმებულ ვიზიტზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "ვიზიტი გაუქმდა!"

Amerikiskhma.com-ის ცნობით, ნურმაგომედოვს უკვე ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან პრობლემა. კერძოდ, 2015 წელს მამამისს, აბდულმაპან ნურმაგომედოვს, რომელიც მებრძოლის აღმზრდელი, პირადი მწვრთნელი და მენეჯერი იყო, რუსეთში აშშ-ის საელჩომ ვიზა გაუუქმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აბდულმაპან ნურმაგომედოვი ანექსირებული ყირიმის მონახულების გამო დაისაჯა, თავად ხაბიბის მამა სიცოცხლეში აცხადებდა, რომ მას UFC-მა რინგზე რუსეთის ორი დროშის გატანა არ აპატია.

აბდულმაპან ნურმაგომედოვი 2020 წელს ისე გარდაიცვალა, რომ აშშ-ის ვიზა ვერ მიიღო და შესაბამისად, შვილის ბრძოლებზე დასწრება ვეღარ მოახერხა.

ახალგაზრდა ჩემპიონის აფხაზეთში ვიზიტსა და ყველა საჭირო პროცედურას კრემლთან დაახლოებული, აფხაზეთში რუსული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი ინალ არძინბა კურირებდა. ის ვლადიმერ პუტინის ყოფილ პრეს-მდივან ვლადისლავ სურკოვთან და ასევე რუსეთის პატრიარქ კირილთან დაახლოებული პირია. სოხუმში ხაბიბის ვიზიტით ინალ არძინბა საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის "აფხაზეთის მომავლის" რეკლამას გეგმავდა.

ვიზიტის გაუქმებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი რუსული მედიის ნარატივს იმეორებს და მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რომელიც ვითომ მათთან შერიგებას გეგმავს, თუმცა ყველგან და ყველაფერში ბლოკავს მათ. სხვების თქმით, ქართული მხარე არაფერ შუაშია - სინამდვილეში, სპორტსმენმა აფხაზეთში ვიზიტის გამო, კეთილდღეობაზე უარი არ თქვა.

"როგორ ელოდნენ ბავშვები თავიანთ ფავორიტთან შეხვედრას. მადლობა საქართველო, ვითომ მეგობრულ ხელს გვიწვდით, სინამდვილეში კი, როგორც და სადაც მოგიხერხდებათ, ბარიერებს გვიქმნით. ასეთი დამოკიდებულებით, მეგობრობას ვერ აღვადგენთ", წერს ერთ-ერთი ადგილობრივი abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში.

"არის ერთი ბალერონი - სერგეი პოლუნინი, უკრაინის მოქალაქეა. ერთ ხელზე რუსეთის დროშა აქვს გამოსახული, მეორეზე - უკრაინის. მასაც ემუქრებოდნენ, რომ საზღვარზე პრობლემებს შეუქმნიდნენ. მკერდზე პუტინი ახატია, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის, დასავლეთში თავისუფლად გადაადგილდება. მთელი მსოფლიო პატივს სცემს მის ნიჭს და არა მის ტატუებს. ეს არის არწივი... დაემუქრნენ, მაგრამ უკან არ დაუხევია, მე ხაბიბს არ განვსჯი, ალაჰმა განსაჯოს, მაგრამ მისი რეიტინგი ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"კარგი კაცი ხარ, მაგრამ არწივი - არა!" - წერს სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებელი "აარონი".

"ქართული მხარე არაფერ შუაშია, ფულის გამო გააკეთა, თავისი მომავალი ვერ გაწირა. სულ ეს არის. მასსა და ტიმოთის შორის შავმა კატამ გაირბინა და მერე რამზან კადიროვმა შეარიგა. მან საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს "მშიშარა" უწოდა... ის "ფორბსის" სიაში 2019-2020 წლებში ლიდერი იყო, მისი შემოსავალი 16,5 მილიონ დოლარამდე ფიქსირდებოდა. ამ თანხის პატრონს, ცხადია, აქვს გეგმებიც, ამერიკაში კომერციული ინტერესები აქვს და ნამდვილად არ უნდა ამის გაფუჭება. შესაბამისად, ის მხოლოდ აფხაზეთში კი არა, ყირიმში ჩასვლისგანაც იკავებს თავს... ასე რომ, საქართველო არაფერი შუაშია", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ომარ კეკუტია.

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"