ავტორი:

"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განმარტა რატომ არ დაყავს სკოლაში შვილები. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს:

ვახტანგ მეგრელიშვილი:

- ჩვენი სასკოლო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ბავშვებს 12 წელი ვაწამებთ. მათ მორჩილებას ვაჩვევთ, წარუმატებელი ფსიქიკით ვზრდით. საბჭოთა კავშირში თუ მორჩილი არ იქნებოდი, შეიძლებოდა სახელმწიფოს მოეკალი. დღესაც საბჭოთა სისტემა გვაქვს. ხორცის საკეპ მანქანაში ვატარებთ ყველას, რომ ერთნაირი პროდუქტი მივიღოთ. ბავშვები ვერასოდეს იქნებიან ერთნაირი, უბრალოდ, შეიძლება ერთნაირად გავაუბედუროთ სხვადასხვა ნიჭის ადამიანები. მე საკუთარი შვილები მოვაცილე ამ მახინჯ სისტემას, ისინიც ჩემს სკოლაში დამყავდა და სამი წელია, აღარ ვუშვებ. "ნიუტონში" რეპრესიული სისტემა შევასუსტეთ, მაგრამ რეგულაციებიდან გამომდინარე სხვა რეფორმები წარმოუდგენელი იყო. ახლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები ეს ბრძოლა. საჭიროა ყველას დარწმუნება, რომ მშობლის პრეროგატივაა შვილის აღზრდა და არა სახელმწიფოსი. თუ გავაგებინეთ, ეს იქნება დასაწყისი ცვლილებების, რაც ასე სჭირდებათ ბავშვებს.

- თქვენი შვილები არ აპროტესტებენ, რომ სკოლაში არ უშვებთ? ატესტატის გარეშე ხომ უმაღლესში სწავლას ვერ შეძლებენ?

- რაში სჭირდებათ ატესტატი? განათლებას სხვადასხვანაირად იღებენ. ძირითადად, ჩემი მეუღლეა დაკავებული ბავშვებით, მეც ვიღებ მონაწილეობას. ჩემი ორი გოგონა და ერთი ვაჟი სხვადასხვა რეჟიმით ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი უფროსი გოგონა, 16 წლის მარიამი ფარიკაობის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენია, თავისი ინტერესები აქვს და ცხოვრების თავისი გზა მინდა იპოვოს. შუათანა, ნათია, დაინტერესებულია მუსიკით, კითხვით, პროგრამირებას სწავლობს და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. უმცროსი, კონსტანტინე, 10 წლისაა და მასთან სახლში დადის მასწავლებელი, რომელიც ძალიან უყვარს.

თუ არ გაინტერესებს საგანი, რატომ უნდა ისწავლო? ეს სიგიჟეა! განათლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვები ვერ იღებენ პასუხს, რატომ უნდა გაიღონ ასეთი მსხვერპლი, რომ ყველა საგანი ისწავლონ. ჩვენს ოჯახში ბავშვებს ვუყურებთ, როგორც სრულფასოვან ადამიანებს.

- ბავშვებს უნდათ სახლში ყოფნა?

- მე, როგორც მშობელმა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, როცა ბავშვები სახლში არიან, მეტი ენერგიის და დროის დახარჯვა გვიწევს, მაგრამ არ ვწუწუნებ, თუმცა რომ გვქონდეს ისეთი სკოლა, როგორიც მინდა, ჩემი შვილები დროს იქ გაატარებდნენ, რაც სოციალიზაციისთვის კარგი იქნებოდა, ბევრი მეგობარი ეყოლებოდათ. მათი განვითარებისთვის გარემოს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კარგად მესმის, მაგრამ მე კარგსა და ცუდს შორის გავაკეთე არჩევანი. თუ მოვახერხებ ისეთი საგანმანათლებო სივრცის მოწყობას, რომელიც იმავე მორალური პრინციპებით იმუშავებს, როგორითაც ჩვენი ოჯახი ცხოვრობს, მე წავიყვან მათ სკოლაში. გასაგებია, დიდ გავლენას ვახდენ ბავშვებზე, მაგრამ ისინი სახლში ბედნიერად გრძნობენ თავს. ძალადობა ჩვენ შორის გამორიცხულია. თავიდან მეუღლესაც ეშინოდა, მაგრამ ახლა ჩემზე არანაკლებ დარწმუნებულია, რომ სწორად მოვიქეცით. დღეს ქართულ უნივერსიტეტებში ატესტატის გარეშე ვერ ჩააბარებენ, ამისთვის ვარ ახლა მე პარლამენტში, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტო. ჩემს შვილებს რომ მოუნდეთ უმაღლეს სასწავლებელში აქ სწავლა, უნდა ჩააბარონ გამოცდები ისე, როგორც საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. ისინი დაწერენ რეზიუმეში, რომ სახლში აქვთ განათლება მიღებული და მათ უპირატესობას მიანიჭებენ კარგი დასავლური უნივერსიტეტები. ერთნაირი შედეგი რომ ჰქონდეს საჯარო სკოლელს და სახლში განათლებამიღებულს, უპირატესობას ჩემს შვილს მიანიჭებენ - ასეთი წესრიგია სამყაროში, აქ კი ეროვნულ გამოცდაზე გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ ბავშვს, ისეთი კრეტინულია კანონი. ის აინტერესებთ, სად ვისწავლე ფიზიკა და არა ის, ვიცი თუ არა ფიზიკა. ახლა მაქვს ტრიბუნა პარლამენტში და ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელსაც აქამდე ვერ ვწყვეტდი.

ჩემთან სახლში პოლიცია არ მოდიოდა და არ მეუბნებოდა, სკოლაში რატომ არ დადიან შენი შვილებიო. თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა? ვაპირებ, განათლებაში არსებულ ამ პრობლემებზე ჩემს კოლეგებს ხმამაღლა ველაპარაკო. წაიკითხეთ სრულად

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა... ერთადერთი, ბავშვები შეწუხებულები არიან აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა" - დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე