ავტორი:

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

ხობის N2 საჯაროს სკოლის მოსწავლემ, 16 წლის დიანა ლომაიამ ქალთა ფიდეს ოსტატის წოდება მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარი წარმატებისა და განვლილი საჭადრაკო გზის შესახებ kvirispalitra.ge-ს დასმულ კითხვებს პასუხობს:

- დიანა, როგორ მოგენიჭა ჭადრაკის ოსტატის წოდება? გქონდა თუ არა მოლოდინი, რომ ამ სტატუსს მოგანიჭებდნენ?

- ქალთა ფიდეს ეს წოდება მოვიპოვე, რადგან ქალთა პირველი ლიგის ტურნირში ტიტულოვანი ქალი მოჭადრაკეები დავამარცხე და 165 პუნქტით მოიმატა ჩემმა რეიტინგმა, 2100-ს გადასცდა ჩემი რეიტინგული შეფასება. როცა მოთამაშის რეიტინგის შეფასება 2100-ს გადასცდება, ეს წოდება ენიჭება თითოეულ მოჭადრაკეს. ერთი ტურნირის ფარგლებში ხდება ამ ტიტულის მოპოვება. პირველი არ ვარ, ვინც ეს ტიტული ამ ასაკში მოვიპოვე, მაგრამ მე არ ველოდი, იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან რთულია მოგენიჭოს ოსტატის წოდება, რადგან ტიტულოვანი ქალები და კაცები უნდა დაამარცხო. ძალიან გამიხარდა.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები შენს წარმატებას?

- ჩემი მშობლები მხარს მიჭერენ და მგულშემატკივრობენ. ყოველთვის ერთად აღვნიშნავთ ჩემს წარმატებებს. ერთი კვირით ადრე გავიგეთ, რომ მქონდა შანსი ტიტულის მოპოვების, ამიტომ განვიცდიდით და ვნერვიულობდით.

- როდის გქონდა პირველი შეხება ჭადრაკთან?

- ჩემი უფროსი ძმა დადიოდა ჭადრაკზე. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემთან ერთად ველოდებოდი, როდის დაამთავრებდა ჭადრაკის გაკვეთილებს, ვიჭყიტებოდი იმ ოთახში და ვაკირდებოდი, რას სწავლობდნენ. ჩემი ძმა რომ სახლში მეცადინეობდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე მეთქვა, ჩემთვისაც ესწავლებინა ჭადრაკის თამაში. გამოდის, რომ ჩემი ძმა არის ჩემი პირველი მასწავლებელი.

თავიდან ხობში დავიწყე ჭადრაკზე სიარული ბატონ მამუკა გეთიასთან, 4 წლის შემდეგ, 8 წლის ასაკში გადავედი ნანა ალექსანდრიას ფოთის საჭადრაკო კლუბში. იქ ჩემი მასწავლებელი იყო ბატონი დავით კოდუა, შემდეგ, გადავედი გოჩა ჩაჩუასთან, რომელთანაც დღემდე ვმეცადინეობ. ასევე, ჭადრაკის ფედერაციამ დამინიშნა მწვრთნელი ზურაბ სტურუა. ამ დრომდე ფოთში დავდივარ მეცადინეობებზე, მაგრამ პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში გვიწევს მეცადინეობა. თბილისშიც დავდიოდი ათდღიან გაკვეთილებზე.

7 წლის ვიყავი, როცა 7-8 წლიანებში გავიმარჯვე ევროპის თასზე, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, 2015 წელს მსოფლის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავედი, 2017 ევროპის 12 წლამდე გოგონებში - მე-5 ადგილზე და პრიზიორი გავხდი, 2018 წელს, მსოფლიოს ოლიმპიადაზე მესამე ახლგაზრდულ ნაკრებში ვიასპარეზე. ვარ საქრთველოს 7-გზის ჩემპიონი. 2019 წელს ქალთა გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი და იქ მომანიჭეს პირველი წოდება (ერთი საფეხურით დაბლა იყო ეს წოდება ამჟამინდელისგან). ბოლოს, ქალთა პირველი ლიგა მოვიგე და ოსტატიც გავხდი.

- შენი ძმაც შენსავით ტიტულოვანია?

- მე-7 კლასიდან თავი დაანება და სხვა მიმართულებით გააგრძელა სწავლა.

- მარცხი და გამარჯვება...

- მქონია მომენტები, როცა დავმარცხებულვარ და გული დამწყვეტია, ჩემს თავზე გავბრაზებულვარ და ცოტა ხნით თავი დამინებებია ჭადრაკისთვის, მაგრამ მერე, მიპოვია ძალა და მითქვამს ჩემი თავისთვის, წინ დიდი გზა გაქვს და უნდა გააგრძელო-მეთქი. საერთოდ, დამარცხებას დიდი სტიმული მოუცია ჩემთვის, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია. ძალიან ბევრს ვსწავლობ ტიტულოვან მოთამაშეებთან თამაშის შემდეგ, როცა პარტიას ვარჩევთ. წაიკითხეთ სრულად

"ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება" - მეუფე იაკობი

როდიდან უნდა დაიწყოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების აცრა საქართველოში - ივანე ჩხაიძის კომენტარი

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა