ავტორი:

კაცს, რომელიც ქალიშვილს იმიტომ კლავდა, რომ როგორც მამას და მამაკაცს უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი, 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კაცს, რომელიც ქალიშვილს იმიტომ კლავდა, რომ როგორც მამას და მამაკაცს უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი, 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი.

სამართალდამცველებმა გ.ს 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ" ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.