ავტორი:

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელმაც ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელმაც ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა

ისრაელში ბენიამინ ნათანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის ეპოქა დასრულდა და ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მემარჯვენე პარტიის, "იამინას" ლიდერმა, ნაფტალი ბენეტიმ ჩაანაცვლა. ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს.

ახლა კი ისრაელის საკანონმდებლო "ქნესეთში“ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი წინააღმდეგ წავიდა, შედეგად კი ბენეტი ისრაელის პრემიერად ოფიციალურად გაფორმდა.

  • ოპოზიციური სპექტრის შეთანხმება

რამდენიმე დღის წინ, ცენტრისტული პარტიის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე პრეზიდენტ რუვენ რივლინს ელექტრონული წერილი გაუგზავნა:

მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით წარმატებას მივაღწიე. გპირდებით, რომ ეს მთავრობა იქნება ისრაელის ყველა მოქალაქის სამსახურში, მათთვის, ვინც მისცა ხმა და ვინც არ მისცა ხმა, პატივს სცემს მის ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ისრაელის საზოგადოების ყველა ნაწილი გააერთიანოს და დააკავშიროს, - აღნიშნული იყო შეტყობინებაში.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის პრემიერობიდან 2 წელიწადში, პოსტი იაირ ლაპიდმა უნდა დაიკავოს.

  • ვინ არის ნაფტალი ბენეტი?

"ყოფილი სპეცრაზმელი, ნაციონალისტი და მილიონერი", - წერს BBC ნაფტალი ბენეტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში. ბენეტი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები შორს არის ბენიამინ ნათანიაუს შეხედულებებისგან.

აღსანიშნავია, რომ ბენეტს დიდი ხანია აქვს პრემიერ-მინისტრობის ამბიცია. წლებია, ის აქტიურადაა ჩართული ისრაელის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

49 წლის ნაფტალი ბენეტი თავისი პოლიტიკური კარიერის ერთ ეტაპზე ნათანიაჰუს მფარველად და "მარჯვენა ხელად" მიიჩნეოდა. ის ჯერ ნათანიაჰუს შტაბის უფროსად, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრად მუშაობდა,

ნაფტალი ბენეტი და ბენიამინ ნათანიაჰუ

მოგვიანებით შეუერთდა მემარჯვენე ეროვნულ-რელიგიური ებრაელი ხალხის პარტიას. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებაც მოიპოვა და პარლამენტში შევიდა. მალე კი ისრაელის ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩაიბარა.

ეკონომიკის მინისტრის რანგში სტუდენტებთან შეხვედრისას

ის 2019 წლამდე არსებული ყველა კოალიციური მთავრობის წევრი იყო, ხოლო 2019 წელს მისმა ახლად ფორმირებულმა პარტია "იამინამ" ვერ მოიპოვა წარმატება არჩევნებში, რის შემდეგაც ის და მისი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლებად იქცნენ.

ბენეტს ხშირად უწოდებენ ულტრა-ნაციონალისტს, თავად კი საკუთარი თავის დახასიათებისას ამბობს, რომ ნათანიაჰუზე უფრო მეტად მემარჯვენეა. ნაფტალი ბენეტი ღიად უწევს ადვოკატირებას, ისრაელის, როგორც ებრაული სახელმწიფოს ისტორიულ და რელიგიურ პრეტენზიებს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და სირიის გოლანის მაღლობებთან მიმართებით. ამავდროულად, ის ამბობს, რომ ისრაელს არ აქვს პრეტენზია ღაზაზე, საიდანაც ისრაელმა 2005 წელს ჯარი გაიყვანა.

ნათანიაჰუ და ბენეტი 2019 წელს გოლანის მაღლობებზე ისრაელის სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას

  • "როდესაც ხეებზე დაძვრებოდით, ჩვენ აქ უკვე ებრაული სახელმწიფო გვქონდა“ - ეს პალესტინელებისადმი ბენეტის განცხადებაა.

"სანამ მე რაიმის კონტროლის შესაძლებლობა და ძალა მაქვს, ისრაელის მიწის ერთ სანტიმეტრსაც არავის გადავცემ“, - თქვა მან 2021 წლის თებერვალში ერთ-ერთ ინტერვიუში. ბენეტი მხარს უჭერს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის კონტროლის გაძლიერებას. ამასთან, ამ ტერიტორიას ის ბიბლიურ სახელებს, იუდეასა და სამარიას უწოდებს.

  • ცხოვრება ამერიკაში, სპეცრაზმი და მილიონები

ნაფტალი ბენეტი მსახურობდა ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმში და დღემდე ჩართულია ისრაელის სარეზერვო სამსახურის წვრთნებში. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციებში. მაგალითად, 2006 წელს, ლიბანის ომის დროს, ის გამოიძახეს რეზერვისტების შემადგენლობაში და მონაწილეობდა ჰესბოლას რაკეტების გამშვებთა წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში. როგორც მედია წერს, მისი ხელმძღვანელობით ტერორისტების წინააღმდეგ სხვადასხვა წარმატებული ოპერაციებია ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ ბენეტი წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა და მისი გამილიონერებაც ამ ქვეყანას უკავშირდება. ბენეტი მაჰეტენზე, ზემო "ისთ საიდში" ცხოვრობდა, სადაც 1999 წელს კომპანია Cyota-ს თანადამფუძნებელი გახდა. ეს არის თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია. ბენეტი მის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.

2005 წელს კომპანია 145 მილიონ დოლარად გაიყიდა, რამაც ბენეტი მულტიმილიონერად აქცია. ბენეტი ასევე იყო კიდევ ერთი ტექნოლოგიების კომპანიის Soluto-ს აღმასრულებელი დირექტორი. ცნობილია, რომ აღნიშნული კომპანია 100-130 მილიონი დოლარის ფარგლებში 2013 წელს გაიყიდა და ამანაც დამატებით მილიონები მოუტანა ისრაელის მომავალ პრემიერს.

ბენეტის ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი.

"არ მყავს პირადი თვითმფრინავი და იახტა. ფული, უბრალოდ, მაძლევს თავისუფლებას ვაკეთო ის, რაც მინდა“, - თქვა 2014 წელს თავის სიმდიდრეზე საუბრისას ნაფტალი ბენეტიმ..

მომზადებულია BBC-სა და nytimes-ის მიხედვით

"ის არის გამჭრიახი, ხისტი, მე აღმოვაჩინე, რომ ის არის ღირსეული მეტოქე...  გულწრფელი ვიყავი, როდესაც მკვლელი ვუწოდე" - ბაიდენი პუტინზე

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის "დელტა", ე.წ. ინდურ ვარიანტს, რომლის შემთხვევები საქართველოშიც გაიზარდა

კრისტიან ერიქსენი კლინიკიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს - რას წერს დანიელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა