ავტორი:

"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო

"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო

„ამინდზე მეტი“ - ასე ჰქვია ახალ გადაცემას, უფრო სწორად, ამინდის პროგნოზს „მთავარ არხზე“, რომელიც 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მსახიობებს, უკვე კარგად ცნობილ დუეტს - თათული ედიშერაშვილსა და თამუნა ნიკოლაძეს მიჰყავთ. ამინდის პროგნოზის წაყვანა ქართულ სატელევიზიო სივრცეში სიახლე არ არის, მაგრამ, როცა მას ორი ყველასათვის საყვარელი მსახიობი იუმორისტული ელემენტებით შეზავებულს გვაწვდის, პირველია.

„ამინდის პროგნოზი საინტერესო, სასიამოვო მოსასმენი და საყურებელი რომ ყოფილიყო, მისი ერთ-ერთი წამყვანი მე უნდა ვყოფილიყავი. ეს იდეა კი არხის გენერალურ დირექტორს - ნიკა გვარამიას გაუჩნდა. რატომ გაუჩნდა და რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეს გაამართლებდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად ამაშია, მისი ნიჭიერება და კარგი პროდიუსერული ხედვა... როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, ვერ მივხვდი, მე, როგორც თათულის, რა შეიძლებოდა, ამინდის წაყვანისას გამეკეთებინა. რაც მთავარია, ეს არ უნდა ყოფილიყო სტანდარტული ტექსტი... საერთოდ, როდესაც მე და თამუნა ნიკოლაძე ეკრანზე ერთად ვჩნდებით, ყოველთვის არის მოლოდინი, რომ იქ რაღაც მოხდება. ამიტომ, ბუნებრივია, იმედი მაყურებლისთვის არ უნდა გაგვეცრუებინა... ისე მოხდა, რომ პროექტი შედგა, გამოვიდა - იდეამ გაამართლა. ბევრმა ადამიანმა მითრხა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ დამჯდარა და არ უყურებია“ - გვეუბნება თათული ედიშერაშვილი.

- კი, ეს არ არის ამინდის მშრალი პროგნოზი...

- რეალურად მე და თამუნას, როგორც მსახიობებს, გვიწევს თამაში, წამყვანები კი ვართ, ოღონდ, თათული და თამუნა ვართ. ეს ყველაფერი 5 წუთს არ სცდება... პირველივე გადაცემამ დღის რეიტინგი მოიგო. ისე არ გამოვიდეს, რომ თავს ვიქებ, უბრალოდ, აღვნიშნავ ფაქტს. ეს ყველაფერი თან, პარალელურად იუმორით არის შეზავებული, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონს.

- მოკლედ, აქ მთავარია თქვენი პარტნიორობა, რომელიც თავიდანვე შედგა და რომელიც საოცარია...

- საერთოდ, ჩვენი პარტნიორობა, თავის დროზე, „ღამის შოუს“ დამსახურებაა. სწორად დაგვინახეს და მადლობა მათ ამისთვის. ჩვენც კი მივხვდით, რას ითხოვდნენ და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. მგონი, ბუნებისგან რაღაც საჩუქარია, რომ ამ წყვილში მე აღმოვჩნდი.

- ამინდის შესაფერისად ყოველდღიურად იცვლება თქვენი კოსტიუმებიც...

- კი, ჩვენი სამოსი ასახავს მზის ჩავლის, ამოსვლის, ცის ფერებს... სანამ პროექტში დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ჩაერთვებოდა, ეს საკითხი მანამდე გადაწყდა, რომ ყოველ დღე განსხვავებული უნდა გვცმოდა, ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი როლი სოფო ლილუაშვილმა, ნიკა გვარამიას მეუღლემ ითამაშა. მისი იდეით, დათუნამ მასთან ითანამშრომლა. ეს გადაწყვეტილება თავიდან რისკი კი იყო, მაგრამ რეალურად გაამართლა. ძალიან მომწონს.

- ბაჩანა ვინ არის? - რომელსაც ხშირად მოიხსენიებთ ხოლმე თქვენს ტექსტებში?

- ჩვენი პროდიუსერი, სცენარისტი არის საოცრად ნიჭიერი ჟურნალისტი ბექა ყორშია. როდესაც შევიკრიბეთ და იდეები ჩამოვწერეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა, წამოვიყვირე - ერთი ვიღაც უნდა გვყავდეს, რომლის მიმართ მუდმივად ექნება მაყურებელს ინტერესი, რომ კადრს მიღმა ვიღაც არის-მეთქი. მერე მის სახელზე ვფიქრობდით. მერე მოდი, კი არ მოვიგონოთ, მართლა იყოს ეს ტიპი-თქო. მოკლედ, ჩვენი ტექნიკური პროდიუსერია ბაჩანა, ანუ რეალურად არსებობს და ამ ამბავმაც გაამართლა... მოკლედ, სცენარს ბექა ყორშია წერს, მაგრამ ჩემი და თამუნას ჩართულობა ამ საქმეში დიდია.

- საერთოდ, ამინდი განსაზღვრავს შენს ხასიათს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, ამინდს მოაქვს განწყობა. კარგი ამინდის გამო შეიძლება მიიღო კარგი გადაწყვეტილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ასეთი დიდი დოზით ჩავერთვებოდი ამ ამბავში, არ მეგონა... რაც ცუდი სულაც არ არის...

თამუნა ნიკოლაძე:

- როდესაც ნიკა გვარამიასგან მივიღეთ შემოთავაზება, დაუთანხმებელი რა იყო? სასიამოვნო, მისაღები, კულტურული, გემოვნებიანი შემოთავაზება აღმოჩნდა. თან, ჩვენს დუეტს უკვე თხუთმეტწლიანი ისტორია აქვს, ამდენი ხანია, ერთად მოვდივართ სხვადასხვა არხზე სხვადასხვა სერიალში ვთამაშობდით. ერთმანეთი დიდი ხანი რომ არ ვნახოთ (თითოეულს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება, სამსახურები, გეგმები გვაქვს), მაგრამ საკმარისია, რაიმე პროექტში შევხვდეთ, მაშინვე ფორმაში ვართ და ერთმანეთს ვგრძნობთ. ერთმანეთის წარმატებას განვაპირობებთ. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, პატარა იუმორი გვჭირდება, თუ სადმე რაიმე რეპლიკის ჩამატება, თავისით მოდის ყველაფერი. სინოპტიკოსებისგან მოწოდებული ამინდის ზუსტი პროგნოზი ეკრანიდან არასდროს წაგვიკითხავს. იქ ჩვენი სამსახიობო უნარებიც უნდა ჩანდეს, ამიტომ, ყველანაირ სიტუაციას ირგებ და როგორც შესასრულებელ როლსა და მისიას, ასე უდგები... პირველი დღიდან მოყოლებული, არ იცით, რამდენი წერილი მოგვდის და რამდენი თბილი სიტყვას გვესმის. თუ ადამიანებს ასეთ რთულ დროში ამინდის ჩვენი გამოცხადებით გავახალისებთ, პოზიტიურ განწყობას მივანიჭებთ, ამას რა სჯობია.

- ამინდს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაშიც?

- ერთდერთი ქარი და მის გამო მტვერი რომ ტრიალებს ხოლმე ჰაერში, ეს არ მსიამოვნებს, - თან, თმა გეწეწება, ტანსაცმელი გაგირბის... ზამთარი, შემოდგომა, გაზაფხული მიყვარს. ზაფხულში მზეც მიყვარს, მაგრამ ოდნავ დისკომფორტი მაქვს, როცა დიდი სიცხე იწყება. მაგ დროს, ყოველთვის ვცდილობ, ქალაქიდან გავიდე და სადაც მეტი ჟანგბადია, იქ ვიყო. მთა არის პირველი ჟანგბადის მიმღები ადგილი, სადაც უნდა წავიდე და მერე - ზღვაზე. წვიმაც მიყვარს, გაზაფხულის ჭექა-ქუხილის არ მეშინია. მთას კარგი წვიმიანი ამინდი უხდება... პროგნოზის გამოცხადებისას სანამ მაყურებელს დავემშვიდობებით, ხშირად ვამბობ, - როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, იცოდეთ, თქვენს ხასიათზე არ უნდა იმოქმედოს, ანუ ამინდი არ ქმნის ხასიათს! მომწონს ეს დამშვიდობება.

- სამოსიც მოიხდინეთ...

- ერთი კოსტიუმი მზის ჩასვლისაა, მეორე - ამოსვლის და ასეთი ფერებით და განწყობით არის თითოეული შექმნილი... ამ ყველაფერზე დათუნა სულიკაშვილმა და სოფო ლილუაშვილმა იზრუნეს. ქალბატონმა სოფომ ბევრი იშრომა და ახლა კოხტად და კლასიკურად ვართ.

დათუნა სულიკაშვილი, დიზაინერი:

- „მთავარ არხთან“ თანამშრომლობა ყოველთვის მსიამოვნებს, რადგან იქ პროფესიონალები მუშაობენ. ყველაფერი ყოველთვის მაღალ დონეზე აქვთ. მუშაობის დროს პროფესიონალზმი და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად დამირეკა სოფომ, როგორც ვიცი, მას სთხოვეს დახმარება. სოფოსთან მუშაობა კიდევ განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან გემოვნებიანი ადამიანია, ზუსტად იცის და ზუსტად ხვდება, რა არის გასაკეთებელი. ამ ადამიანის ადვილად მესმის და სასიამოვნოა, როცა ის პროექტში ერთვება. მასთან ერთად საბოლოოდ კარგ შედეგს ვიღებთ.

- ყოველი დღე არის სხვადასხვა ფერის კოსტიუმით გამოხატული...

- რადგან ამინდის პროგნოზია, ამიტომ გადაწყდა ასეთი ფერადი ყოფილიყო და მზის, მთის, ღრუბლის სიმბოლიკები გამოგვეყენებინა. ამინდის თემაზე ეს ჩემი პირველი პროექტი იყო. თვითონ ამინდის წაყვანაც ძალიან საინტერესოდ მოიფიქრეს. ამ პროგნოზს დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვუსმენ, ვუყურებ. და თან, გენიოს, უნიჭიერეს ადამიანებს მიჰყავთ და ეს ცალკე და სასიამოვნო ამბავია.

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?