ავტორი:

ვოგის ყდიდან პერსონალურ ქოუჩინგამდე

ვოგის ყდიდან პერსონალურ ქოუჩინგამდე

როგორც ყველა პატარა გოგონა, ისიც მოდელობაზე ოცნებობდა. მართალია, მისი ძირითადი პროფესია დიზაინერობაა, თუმცა ბავშვობის ოცნებამ ფრთები შეისხა და პროფესიული ცხოვრება მაინც მოდელობას დაუკავშირა.

8-წლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, ჩინური „ვოგის“ ყდაზეც იყო, ცნობილი დიზაინერების არაერთ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა შანხაისა და ხანჯოუში, არაერთხელ მოირგო ტანსაცმელი ცნობილი ჩინური ვებგვერდისთვის - Taobao და არაერთი სამკაული დაუმშვენებია თავად საიუველირო მაღაზიებისთვის. იყო უამრავი ლაივშოურუმის, ფოტოგადაღებისა თუ ქასთინგის მონაწილე. „ვოგშიც“ სწორედ ერთი-ერთი ასეთი ქასთინგიდან მოხვდა.

ასევე, თანამშრომლობდა ჩინეთის ერთ-ერთ ტელეარხთან, სადაც პირდაპირ ეთერში აჩვენებდა სხვადასხვა ტანისამოსსა და აქსესუარს.

მიუხედავად შემდგარი კარიერისა, ნინო შარიამ გადაწყვიტა, შეცვალოს საკუთარი პროფესია და ჩინეთში ფრილანსერობის შემდეგ ახლა ძალები ქოუჩინგში მოსინჯოს. ასე აღმოჩნდა ნინო „ქოუჩინგის სკოლაში“.

„ქართული კვირის“ მკითხველმა „ქოუჩინგის სკოლის“ შესახებ ბევრი რამ იცის. მათ შორის, ისიც, თუ რამდენად საინტერესო გზას გადის ამ პროექტის თითოეული მონაწილე, ამიტომ ამ ამბის თხრობაც იქიდან გავაგრძელოთ, როცა ნინო საქართველოში დაბრუნდა...

(ნინო შარია) – 2019 წლის ივნისში ჩემს მეგობარს ქორწილი ჰქონდა. ქორწილისთვის ჩამოსვლა გადავწყვიტე, თან, აქაურობა მენატრებოდა და ვიფიქრე, ზაფხულს საქართველოში გავატარებდი, შემდეგ კი, უკან დავბრუნდებოდი. ჩამოსვლის შემდეგ, 2-თვიანი კონტრაქტით, სინგაპურში გავემგზავრე და როცა ისევ საქართველოში დავბრუნდი, პანდემიაც დაიწყო... აქ დავრჩი... დავრჩი და გადავწყვიტე, ჩემი დრო ფიტნესისა და თვითგანვითარებისთვის დამეთმო.

-როგორ აფასებთ თქვენს კარიერულ მიღწევებს რა გზა გაიარეთ აქამდე მოსასვლელად?

-ყველამ იცის, რომ სამოდელო კარიერა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს 23 წლის გოგოსთვის, რომელიც ჩინეთში მოხვდა. მაშინ ჩინეთი განსხვავებული ქვეყანა იყო: ბნელი, ნაკლებად განვითარებული... უცხოელებიც ნაკლებად ჩამოდიოდნენ. დღეს სიტუაცია იქ საერთოდ სხვაგვარია - ყველაფერი გახსნილია და მაღალი დონის სერვისებით სარგებლობა შეგიძლია. სამწუხაროდ, ეს კომფორტი მაშინ არ არსებობდა, ამიტომ ჩემი განვლილი გზაც საკმაოდ რთული და შიშებით სავსე იყო, თუმცა საკმაოდ რისკიანი ვარ და თითქმის, ყოველ ჯერზე მიმართლებდა.

1 თვიდან 25 დღეს სამსახური იკავებდა. მე არ მქონდა უფლება, ფორმიდან ამოვვარდნილიყავი, რადგან ეს ისეთი სფეროა, სადაც თუ ერთხელ იტყვი უარს, შენს ადგილს აუცილებლად სხვა დაიკავებს. შესაბამისად, სერიოზული გამოწვევის წინაშე ვიდექი, რასაც ვთვლი, რომ თავი გავართვი. კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავიარე.

ამ გამოწვევების გადალახვის გარდა, სამოდელო ბიზნესი ფინანსურადაც საკმაოდ სასარგებლო იყო.

-შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ სფეროში იპოვეთ საკუთარი თავი და ეს ის იყო, რაც ყოველთვის გსურდათ?

-ყველაფერი დავიწყე ქართული ტელეპროექტიდან - „ვა-ბანკი“. მანამდე არც თუ ისე ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. სხვათა შორის, ჩინეთში „ვა-ბანკიდან“ მიმიწვიეს. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო და მომენტი აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე.

-რატომ მაინც და მაინც ქოუჩინგი?

-გარდა იმისა, რომ ვფიქრობ, მოდელობის დრო ჩემთვის დასრულდა და ახალი პროფესია უნდა შევიძინო, ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, ქოუჩმა, თამარ ბოკერიამ მითხრა, რომ მაქვს ნიჭი, მოტივაცია მივცე ადამიანებს. სწორედ მან შემომთავაზა, გავმხდარიყავი ქოუჩი, რისი სურვილი მეც გამიჩნდა.

ყოველთვის მაინტერესებდა საკუთარი თავი სხვა პროფესიაში და რომ არა მოდელობა, ალბათ, ფსიქოლოგი ვიქნებოდი. თუმცა, ფსიქოლოგიას უფრო დატვირთული მხარეები და ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, მეტი სირთულეები აქვს, ქოუჩინგი კი, უფრო ჩემია. ეს პროფესია, პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარებისთვის, პროგრესისთვის და უფრო მეტი წარმატებისთვის ავირჩიე. ვფიქრობ, რომ მაკლია რაღაც ნაპერწკალი და ამ ნაპერწკალს ქოუჩინგი მაპოვნინებს.

-ფაქტობრივად, კარიერულ ცხოვრებას ნულიდან იწყებთ. ეს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, თუ შესაძლოა ქოუჩინგს ძველი პროფესიის პარალელურად გაჰყვეთ?

-მე ვფიქრობ, გავხდე ქოუჩი, თუმცა ამას მეტი სწავლა და განვითარება სჭირდება. ქოუჩინგს არაერთი მიმართულება აქვს და ვაპირებ, ბოლომდე გავყვე ჩემს არჩევანს. ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყე.

-როგორ მოგწონთ სწავლის პროცესი და რა მოლოდინები გაქვთ?

-სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გაცნობიერებული ჯერ კიდევ არ მაქვს. ზოგადად, ვიცი და მესმის, თუ როგორი მნიშვნელოვანი პროფესიაა, თუ რამდენად კარგია, როცა სხვა ადამიანებს მოტივაციას აძლევ, ეხმარები და ცხოვრებას უუმჯობესებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა მელოდება. დასაწყისი კი ძალიან მომწონს, სიამოვნებით ვუსმენ ლექციებს, ვარ კმაყოფილი და ვგრძნობ, რომ მართლაც ბოლომდე გავყვები ამ გზას.

NS

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2021“-ის საუკეთესო ათეული გამოვლინდა

რატომ არის სფეისის ონლაინ სესხი ყველაზე მოსახერხებელი?

სემეკი შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის პრინციპს განმარტავს