ავტორი:

"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"კარგს იზამდი. ქალი რომ გეთხოვა... ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინდამაინც მახინჯი არ იყოს, არაა სასიამოვნო სახლში რომ მიხვალ და უშნო ქალი დაგხვდება... ექიმი უნდა იყოს, თერაპევტი ჯობია ყველას, პატიოსანი, წყნარი, ოჯახიშვილი," - ასე ეუბნება პიპინია ერისთავი შვილს ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა“, რადგანაც ასეთი ცოლი უნდოდა აგულისთვის... "ბიჭოს, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან, ბრუნვადი", "არა ბატონო არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ", - ეს ფრაზები კი ქრისტეფორე მგალობლიშვილს, იგივე ბიძია-ბაბუას ეკუთვნის, რომელიც გენიალური ფილმის ("შერეკილები") გენიალური პერსონაჟია და ერთაოზ ბრეგვაძესთან ერთად, საპატიმროში მყოფი ცათმფრენს აგებს... ამ ეკრანულ სახეებს მაყურებელი კარგად იცნობს და უყვარს, თუმცა მსახიობ, ვასილ ჩხაიძეზე, რომელმაც პიპინია ერისთავისა და ქრისტეფორე მგალობლიშვილის როლები შექმნა, შეიძლება ითქვას, ბევრი არც არაფერი იცის.

ვასილ ჩხაიძე 1905 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა, სწავლობდა ასევე თეატრალურ სტუდიაში. იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით - სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1937-1956 წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი გახლდათ.

იყო ასევე ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კი, როცა უკვე რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა, კინოსტუდია "ქართულ ფილმის" თანამშრომელი გახდა. კინოდებიუტი სწორედ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" 1968 წელს შედგა. ელდარ შენგელაია რომ არა, ალბათ, ეს ადამიანი პროვინციაში დარჩებოდა და ქართულ კინოს ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები არ ეყოლებოდა...

"პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, - ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან გარიცხეს და სოფელში პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო. გურამ ლორთქიფანიძე, რომელიც ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა... გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, - ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი, პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, - ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე, გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. პირველად კამერის წინ რომ დარჩა, შეშინდა, მაგრამ სინჯების შემდეგ, პიპინიას როლზე დავამტკიცეთ," - ამბობს რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოკლედ, ვასილ ჩხაიძის პირველი კინოროლი "არაჩვეულებრივ გამოფენაში" პიპინია ერისთავი იყო, რასაც 29 ქართული მხატვრული ფილმი მოჰყვა, მათ შორის, - "ლაზარე", "ფეოლა", "შერეკილები", "ჩირიკი და ჩიკოტელა", „მიმინო“, „დათა თუთაშხია“, "რაჭა ჩემი სიყვარული", "სამანიშვილის დედინაცვალი", "პირველი მერცხალი" და სხვ. მნიშნელოვანია, რომ მსახიობის გარეგნობას, მანერებს, არტისტულობას ძალიან უხდებოდა მსახიობ ეროსი მანჯგალაძის ხმა, რადგანაც უმეტესად მის როლებს ეროსი ახმოვანებდა.

მაია ჩხაიძემ, ლანჩხუთის ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის განყოფილების გამგემ კი აი, რა გვიამბო მსახიობზე: „ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა... მსახიობის მამა - ისააკი ღარიბი გლეხი იყო, დედა ჩიჩუას ქალი გახლდათ, წარმოსადეგი, კარგი დედა და დიასახლისი. ვასო გარეგნობით, სიმაღლით, ინტელექტით მას ჰგავდა... ბატონ ვასოს ძმაც მასწავლებელი იყო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის განათლების განყოფილებას. ვასილ ჩხაიძემ შესანიშნავად იცოდა, არა მარტო რუსული ლიტერატურა, გერმანულიც, მსოფლიო ლიტერატურა, ასევე ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების ცხოვრება. ქართველი ფილოსოფოსებიდან მაღალ შეფასებას მოსე გოგიბერიძეს აძლევდა, მწერლებიდან - მიხეილ ჯავახიშვილს, პოეტებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს...

ჰყავდა მეუღლე და ვაჟი გიორგი. მეუღლე, ნინა ვარდიგულაშვილი ბატონმა ვასომ მცხეთაში გაიცნო, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ გაანაწილეს. ქალბატონი ნინა მცხეთელი გახლდათ და პროფესიით ექიმი, თუმცა ბატონი ვასილი ადრე დაქვრივდა, 50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ გარდაეცვალა.

- მათ შვილზე რას გვეტყვით?

- გიორგი ჩხაიძე ბატონი ვასოს ერთადერთი ვაჟი იყო, რომელსაც სახელი ძმის პატივსაცემად დაარქვა. სხვათა შორის, ის "ცისფერ მთებში" მონაწილეობს. მისი პერსონაჟი შუქრის სახელით არის ცნობილი, ფრანგულს რომ სწავლობს და ამის გამო "კომსი კომსა, ჩემო შუქრი" - ასე მიმართავს ფილმის მთავარი გმირი, ვაჟა ზაზაევიჩი... გიორგის ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ფილმში "სიცოცხლე ერმილეს". გიორგის თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, მსახიობი გახლდათ და აქტიურ სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა, რომელიც სამწუხაროდ, 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, დაოჯახებული არ ყოფილა.

- როდესაც ვასილ ჩხაიძე კინოსტუდიის თანამშრომელი გახდა, სოფელი დატოვა?

- დიახ, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იმ დროისთვის გუნიას სახელობის ფოთის თეატრიდან უკვე წამოსული იყო და უმუშევარიც გახლდათ, როცა ელდარ შენგელაიას ასისტენტებმა სოფელ აცანაში ააკითხეს, პიპინია ერისთავის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მის აღმოჩენაში ვალოდია წულაძის წვლილიც დიდია, სწორედ ამ ადამიანის სახელს ატარებს მუზეუმი, სადაც მე ვმუშაობ. რაც შეეხება "არაჩვეულებრივი გამოფენის" მთავარი პერსონაჟის, პიპინიას როლის შემსრულებელს, "დაგვიანებულ ყვავილსაც" უწოდებდნენ, რადგანაც მისი აღმოჩენა 63 წლის ასაკში მოხდა, რასაც აღმავლობა მოჰყვა“.

* * *

აღნიშნული ფილმის გადაღებისას უკვე სამოც წელს იყო გადაცილებული. მას შემდეგ სხვა რეჟისორებთანაც იმუშავა. "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" კი მისი ბოლო კინონამუშევარი იყო, სადაც ისევ ელდარ შენგელაიასთან მოუხდა მუშაობა. ის 1986 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა და მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს, მაგრამ საფლავი მთელი 27 წლის განმავლობაში დაკარგული იყო. 2013 წელს კი საფლავი ელდერ შენგელაიამ მეგობრის გურამ გელაძის დახმარებით იპოვა და მსახიობის ნეშტი მუხათგვერდიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს.

მაია ჩხაიძე:

- აცანელებს სურვილი გვქონდა, ვასილ ჩხეიძე ჩვენს სოფელში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში გადმოგვესვენებინა, მაგრამ ელდარ შენგელაიას ძალისხმევით, მისი გადმოსვენება დიდუბის პანთეონში მოხდა.

- მისი სახლ-კარი აცანაში არსებობს?

- პატარა სახლი ჰქონდა, რომლიც მოგვიანებით დაიწვა და შესაბამისად, მისი ნივთები, რაც კი მუზეუმისთვის შეიძლებოდა, ექსპონატებად გამოგვეყენებინა, განადგურდა. თბილისის სახლიც დაეკარგა. თან, ხომ გითხარით, მისი ვაჟი ისეთ უცნაურ გარემოში გარდაიცვალა, რომ ვასილ ჩხაიძის ძმისშვილებმა, ნათესავებმა ვერც შეიტყვეს, სახლი მეზობელს დაუტოვა. შემდეგ ქონებრივი დავა სასამართლოში მიმდინარეობდა, მაგრამ ძმისშვილებმა ვერ მოახერხეს ქონების დაბრუნება. გული მწყდება, რომ ნივთები, რომლებიც ექსპონატებად შეიძლებოდა მუზეუმში გამომდგარიყო, განადგურდა და გადაიყარა.

ბატონი ვასო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ხატავდა, წერდა, ხომ ვამბობ, საოცრად კარგი პედაგოგი იყო, მამაჩემს და მამიდას ასწავლიდა. ასე რომ, აცანელ ჩახაიძეებს ეს ადამიანი გვეამაყება... ერთ-ერთი პიროვნება, სკოლის დირექტორი, რომელიც მის ახლო მეგობრად ითვლებოდა, ყვებოდა, - მოვლენებს, ყოველთვის თავის სახელს არქმევდა, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო, ჰოდა, მეგობარს უკვირდა, ვასო როგორ გადაურჩა მძიმე რეპრესიების ეპოქასო? ვასო მასწავლებლის გაკვეთილები შემოქმედებითი მუხტით ყოფილა სავსე, ზეპირად კითხულობდა ლექსებს და ნაწყვეტებს პროზაული ნაწარმოებებიდან... განსაკუთრებულად მომწონს კინორეჟისორ ბუბა ხოტივარის (რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. - ავტ.) შეფასება: "კინოკამერის წინ ვასილ ჩხაიძე თამაშობდა იმას, რასაც ცხოვრებაში წარმოადგენდა, ცხოვრებაში კი ის იყო ჯიშიანი ქართველი არისტოკრატი“. ვფიქრობ, რომ ეს არის ბატონი ვასოს სრული დახასიათება... ბატონი ბუბა მას ასეც უწოდებდა: "აზნაური ვასილ ჩხაიძე და ელდარ შენგელაიას მიერ აღმოჩენილი "დიდი პიპინია"... ამ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ის ქართულ კინოში მანამდე დარჩება, სანამ ქართველი მაყურებელი კლასიკად ქცეულ ქართულ ფილმებს ნახავს.