ავტორი:

"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?

"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?

“ქართული ოცნების” ლიდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ირკვევა, რომ კახი კალაძე, დიდი ალბათობით, თბილისის მერის თანამდებობაზე მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას. მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ის უალტერნატოვო კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე და, შესაბამისად, მის გამარჯვებაშიც დარწმუნებულნი არიან. ძალზე მრავლისმეტყველი იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამასწინდელი განაცხადებაც, როდესაც მან ტელეინტერვიუში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ახსენა და თქვა, რომ კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში.

რეგიონებს რაც ეხება, უმრავლესობა ცდილობს თავისი თანაგუნდელი მერობის კანდიდატების გაყვანას, მეტიც, ყველა ლიდერს განსაზღვრული აქვს, ვინ სად გაიყვანს "თავის კაცს“. მაგალითად, ამბობენ, რომ კახეთზე კონტროლი ღარიბაშვილს აქვს აღებული, აჭარა შესაძლოა კობახიძე-თალაკვაძის საბრძოლველი გახდეს და ა.შ. რას დაუპირისპირებს მათ ოპოზიცია, შეთანხმდებიან თუ არა ისინი საერთო და "ნეიტრალურ“კანდიდატებზე და რამდენადაა ეს შესაძლებელი, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ambebi.ge-სთან პოლიტოლოგები ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს აფასებენ და შედეგებს პროგნოზირებენ.

პოლიტოლოგი ნიკოლოზ მეტრეველი ამბობს, რომ მისთვისაც ცნობილია, რომ თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

"ყველა ძირითადი მოთამაშე უკვე გამოკვეთლია და საარჩევნო მარათონიც დაწყებულია. შანსებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” უპირობო ლიდერია. ჩემი ინფორმაციით, მმართველ გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა. თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კანდიდატების შერჩევაში ცხადია, აქტიურად იქნება ჩართული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ოპოზიციას რაც შეეხება, იქ კვლავ სრული ქაოსია და დარწმუნებული ვარ, ისევე ვერ შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატებზე, როგორც ვერ შეთანხმდნენ 2020 წლის არჩევნებზე. ამის ნიშნები უკვე სახეზეა, "ლელო“ და "სტრატეგია აღმაშენებელი“, სავარაუდოდ, ყველგან თავიანთ კანდიდატებს წარადგენენ. დიდი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის კანდიდატი ნიკა მელია იქნება. ჩნდებიან ახალი პოლიტიკური ძალებიც, რაც ჩემი აზრით, კარგია, თუმცა მათაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ წინ ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი, რადგან ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ ველზე დამკვიდრება ძალიან რთული საქმეა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რეგიონებს რაც შეეხება, თუნდაც წინა არჩევნებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ქართულ ოცნებას“ ყველა რეგიონში გამარჯვების სრულიად რეალური მოლოდინი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს არც ერთი წუთით მოდუნების უფლება არ აქვს“.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს თუ ვინმეს აქვს შანსი გახდეს ქალაქის მერი, ეს კახი კალაძეა და მისი და გუნდის მხრიდან სწორ გადაწყვეტილებად აფასებს კალაძის პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას.

"თავის დროზე, არც თუ დიდი ხნის წინ ვამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას“ ჰყავს ორი ლიდერი - გიორგი გახარია და კახი კალაძე, რომელთაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. ერთმა დატოვა უმრავლესობა, მორეს წასვლაც, რა თქმა უნდა, უდიდესი დარტყმა იქნებოდა "ქართული ოცნებისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე არც თუ ისეთი ეფექტიანი იყო, მისი გავლენა "ოცნებისთვის“ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია - ვგულისხმობ, მომავალ არჩევნებზე დაწესებულ ე.წ. 43%-იან ბარიერს, რის გადალახვაც მმართველი პარტიისთვის მთავარი გამოწვევაა. გახარიას წასვლას თუ დაემატებოდა კალაძეც (მიუხედავად იმისა, დარჩებოდა თუ საერთოდ გავიდოდა პოლიტიკური ველიდან), ეს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა. მე რასაც ვუყურებ, "ქართულ ოცნებას“ ისეთი გამოკვეთილი ფიგურა, რომელსაც თბილისის მერობაზე ექნებოდა არა მარტო პრეტენზია, არამედ შესაძლებლობა კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, კალაძის გარდა, არავინ ჰყავს. ამიტომ გასაგებია, რომ "ქართული ოცნება“ ყველანაირ დათმობაზე წავიდოდა. სწორი გადაწყვეტილებაა, კალაძე არა მარტო დარჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ მონაწილეობა მიიღოს თბილისის არჩევნებში. რაც შეეხება შანსებს, თუ ვინმეს აქვს დღეს შანსი გახდეს ქალაქის მერი, ეს არის კახი კალაძე“.

ოპოზიციის შანსებს რაც შეეხება, პოლიტოლოგი იწონებს "ლელოს“ ინიციატივას, თუმცა ეჭვობს, იდეა განხორციელებადი იყოს. ის ვარაუდობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას საკადრო პრობლემები შეექნება რეგიონებში.

"ძალიან საინტერესო იყო "ლელოს“ ინიციატივა - ოპოზიცია შეჯერდეს მერობის ისეთ საერთო კანდიდატზე, რომელსაც არ ექნება პარტიული დამღა. იდეა საინტერესოცაა და მიმზიდველიც, მაგრამ რამდენად რეალურია ამის განხორციელება, ეს ცალკე თემაა. ასეთი კანდიდატი თუ მართლა მოიძებნება, რომელსაც საზოგადოება პოზიტიური მხრიდან იცნობს და თუ ამაზე ოპოზიცია შეთანხმდებოდა, ეს იქნებოდა მართლაც სერიოზული გამოწვევა "ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს.

უფრო მგონია, რომ პარტიათა გარკვეული ნაწილი ალბათ მელიას დაუჭერს მხარს და დიდი ალბათობით, მელია იქნება საერთო კანდიდატი. მელიამ გლდანში კი მოიგო, მაგრამ მეეჭვება, თბილისი მოიგოს. გარდა ამისა, "ნაცმოძრაობას“ ისევ ის პრობლემები უდგას, რაც 2012-დან დღემდე ჰქონდა და თუ ვინმეს აქვს შანსი გავიდეს მეორე ტურებში, აქვს "ნაცმოძრაობას“. მათ არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც ექნებათ პრობლემები - დასჭირდებათ კადრების ჩანაცვლება. თავის დროზე, ამ რაიონებში მერები, გამგებლები და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, დღეს "ნაცმოძრაობის“ ელიტას წარმოადგენენ. მოსახლეობის მათდამი დამოკიდებულება ადგილებზე საკმაოდ ნეგატიურია. ასე რომ, საკადრო პრობლემები აქვს როგორც "ნაცმოძრაობას“, ისე - "ქართულ ოცნებას“. "ქართულ ოცნებას“ მოქმედი მერები და გამგებლები ჰყავს, მაგრამ მათ ძირითად ნაწილს უფრო ნეგატიური რეიტინგი აქვს. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ პრობლემები ექნება ორივე მხარეს. რეგიონებში შანსები ორივე ძალას აქვს, მაგრამ აქვთ პრობლემებიც.

ის, რომ "ქართული ოცნება“ რომელიმე რეგიონში უალტერნატივო იქნება, გამორიცხულია, მაგრამ ასევე პრობლემები აქვს "ნაცმოძრაობასაც“. იდეალური მიმართულებით რომ წავიდეთ, ის წინადადება, რომელიც "ლელომ“ წამოაყენა, სერიოზულად თუ გავრცელდება და არა მარტო თბილისზე, მაშინ "ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება ყველა რეგიონში. თუმცა ასეთი კადრები დეფიციტია და მათი მოძებნა რთული იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, იქ ინფორმაცია არ იმალება. ამასთანავე, "ქართულ ოცნებას“, ისევე, როგორც ყველა ხელისუფალს, აქამდე ის პლუსი ჰქონდა, რომ რეგიონებში თავისი კანდიდატი გაჰყავდა. დიდ ქალაქებში ნაკლებად, მაგრამ მცირე რაიონებში ხელისუფლებას მოგების დიდი შანსი აქვს“.

"ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ" - გიორგი ვაშაძე

"მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა" - რას ამბობს კარლ ჰარცელი გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ

"მთავარი ქართველი ხალხის გულისხმიერებაა" -  კარლ ჰარცელის გულწრფელი პასუხი კითხვაზე: რა ხიბლავს ყველაზე მეტად საქართველოში?