ავტორი:

"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი

"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი

"ცხოვრებამ დამცინა", - განაცხადა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა, ტელეკომპანია "მთავარის" გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან". როგორც ირკვევა, ანი ნადარეიშვილმა ადვოკატის ლიცენზია მოიპოვა და ლამის ყოველდღიურად დილის 10 საათიდან 6 საათამდე პერიოდს მეუღლესთან, ციხეში ატარებს.

"იმის ფონზე, რასაც ვაკეთებდით - წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ვმუშაობდით, ვიბრძოდით, აქეთ შემოგვიტრიალდა ყველაფერი და დაგვაბრალეს გაუგონარი ისტორიები. მესმოდა ბევრი რამ... ძალიან ბევრი რამ ბაჩო რომ დაიჭირეს, მერე გავიგე, რომ თურმე სასტიკი და ჯალათი იყო, ნასვამი შედიოდა შამპანურით ხელში ციხეებში და ვიღაცებს სცემდა (არადა, ცხოვრებაში შამპანური არ დაულევია). მე ხო ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მე ხომ ბაჩოს ვიცნობდი. მძიმე იყო ეს ჩემთვის - უსამართლობის, უმწეობის განცდა".

მან ციხის კადრების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს კადრები ბაჩო ახალაიასთან არანაირ კავშირში არ იყო.

"როდესაც ეს კადრები გავიდა, ახალი ნამშობიარები ვიყავი, თვეების მყავდა კესო. კადრები იყო შოკისმომგვრელი, ასეთი რამ თუ ოდესმე სადმე ხდებოდა, ვერ წარმომედგინა, ვიდრე გავიგებდი რა იყო ეს კადრები, შინაგანად მაკანკალებდა, ასეთი რაღაც როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ბაჩოსთან არ დამიკავშირებია, რადგან იმჟამად შს მინისტრი, მანამდე კი თითქმის 4 წელიწადი თავდაცვის მინისტრი იყო. საღამოს, როცა ბაჩო მოვიდა მეგობრებთან ერთად, მაშინ გავიგე, რომ ბაჩოსთან იყო დაკავშირებული. ძალიან დიდი თვალებით ვიყურებოდი, ვერ ვხვდებოდი ბაჩო რა შუაში იყო ამ ყველაფერთან. მითხრა, რომ ციხეებიდან მოყოლებული თემაა, რომელიც რატომღაც ბაჩო ახალაიასთან მიდის, ოღონდ თვითონაც არ იცის რატომ, საერთოდ არ იცის, მსგავსი რამ თუ ხდებოდა, სახეზე ეტყობოდა, რომ თვითონაც შოკში იყო.

რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, - განცხადება გავრცელდება ჩემი გადადგომის და არ ინერვიულოო.

"მე მჯერა მისი, რა თქმა უნდა. მას ციხეებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

ბაჩო რომ დააკავეს და ჩვენს მიმართ იყო მუქარა, გინება, ყველაფერი ავიტანეთ. ცდილობდნენ, რომ მასზეც ყოფილიყო ეს ზეწოლა. დაჰყავდათ ციხიდან ციხეში. დაკავებიდან ძალიან მალე შეიყვანეს ქურდების ციხეში. მივხვდი, რომ იქ იმის შესვლა, რომელიც ამ ადამიანებს ებრძოდა, ძალიან საშიში იყო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, ყურადღების ცენტრი უნდა გადამეტანა იქ, სადაც ბაჩო იყო. ნოემბერი იყო, ავიღე თბილი პლედი, თერმოსით ცხელი წყალი წავიღე და მეგობრებთან ერთად, იქ მანქანაში ვათენებდით. მერე გადაიყვანეს გლდანის ციხეში, ადვოკატისგან ვიცოდი, რომელ კორპუსში და სართულზე იყო. იქ იყო შემაღლებული ადგილი და იქედან დურბინდით ვუყურებდი. არ ვიცოდი, ცოცხალს დატოვებდნენ თუ არა... ჩემთვის იმ პერიოდში მთავარი იყო, რომ ცოცხალი ყოფილიყო.

ბაჩოს არ უნდოდა, რომ ციხეში მიმეყვანა შვილი. იმიტომ რომ, პატარა იყო. მერე უკვე როდესაც წერა-კითხვა, წერილების წერა ისწავალა, მამა-შვილს შორის მიწერ-მოწერა დაიწყო და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მისთვის იქნებოდა კარგი, ერთმანეთს შეხვედროდნენ. პირველი შეხვედრა იყო პანდემიის პირობებში, პირბადით, ხალათით, შუშით. ორივეს მხრიდან ძალიან დიდი ემოცია იყო, ორივე ძალიან დიდხანს უყურებდა ერთმანეთს თვალებში.

ბაჩოს დედა იყო საოცარი ადამიანი, როგორც დედა, ისე დამაკლდა მეც, იმიტომ, რომ ჩემი თანამებრძოლი იყო. ბაჩოსთვის მილიონჯერ კიდევ უფრო მძიმე იყო ეს თემა, ჯერ ერთი ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა, სასამართლოებზე შორიდან ნახულობდა და თვალებს ვერ უსწორებდა, ეცოდებოდა, რომ ქალი ერთი შვილის სასამართლოდან, მეორე შვილის სასამართლოზე გადადიოდა, მერე რამდენიმე საათში ქმრის სასამართლოზე - დღეში სამ სასამართლოზე დადიოდა, ამდენ რაღაცას ისმენდა და ვერ გაუძლო. ბაჩო დასაფლავებაზე არ წავიდა, იმიტომ რომ ხელბორკილებით და ავტომატებიანი ბადრაგის თანხლებით უნდა მისულიყო და უარი თქვა".

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ოჯახური სითბო და თავისუფლება ენატრება.

"რამდენიმე თვეში ბაჩო ციხეს დატოვებს. რომ გამოვა აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს. ძალიან გვინდა, რომ ოჯახი, შვილებთან ერთად, ჩავსხდებით მანქანაში, თურქეთის საზღვარზე გადავიდეთ და სადაც დაგვიღამდება, იქ გავათენოთ. საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც სიამოვნებით დავისვენებდი, მაგრამ თავისუფლად ვერ ვიქნებით. ნებისმიერ თურქულ სოფელშიც კი ბევრად თავისუფლად ვიქნები და ეს მენატრება. მინდა, რომ მარტო ვიყო ჩემს ოჯახთან.

ბაჩო რომ გამოვა, ზუსტად ვიცი, რომ მშვიდად ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. რეალურად საომარ მდგომარეობაში ვართ ახლა და ნამდვილად არ მაქვს ის ილუზია, რომ მშვიდად ვიცხოვრებთ", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

"გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელთან შეხვედრის შემდეგ

მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"