ავტორი:

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ინგა ჟორჟოლიანის ცხოვრება მოულოდნელად 14 წლის წინ, საქართველოში შეიცვალა. ქალი, რომელიც მხოლოდ სწავლასა და კარიერაზე ფიქრობდა, მოულოდნელად არჩევანის წინაშე აღმოჩნდა... ამერიკელი დიპლომატის შონ ქერსის გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია სვეტიცხოველში ჯვრისწერით გაგრძელდა.

შონ და ინგა ქერსები უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა ძალიან ფერადია, ზრდიან ორ შვილს, მოგზაურობენ. შონი ახლა თავდაცვის სფეროში მუშაობს, მეტის თქმა მეუღლის შესახებ არ შეუძლია. თავად კი გლობალურ ეტიკეტს ასწავლის და ბედნიერია, რომ მისი სრული კურსი ერთ-ერთი ამერიკელი გენერლის მეუღლესაც აქვს გავლილი.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მთავარი ღირებულებით: "ყველა წარმატება ფუჭია, სათნოების გარეშე", რასაც ჩემი მშობლები ყოველდღიურად გვახსენებდნენ. საქართველოში ფილოსოფიის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს მენეჯმენტის განათლება მივიღე. პარალელურად ვსწავლობდი უცხო ენებს და ვმუშაობდი თარჯიმნად. პატარა ასაკში რთული იყო საპასუხისმგებლო სამსახურისა და სწავლის დაბალანსება. ცოტა დრო მრჩებოდა მეგობრებისა და გართობისთვის, თუმცა ადრეულ ასაკშივე მქონდა გააზრებული, რომ სწავლა-განათლება და ბევრი შრომა აუცილებელი იყო წარმატებისთვის.

- მეუღლის გაცნობის ისტორია მოგვიყევით...

- ჩვენი გაცნობის ისტორია ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ. შონი საქართველოში გავიცანი. ჩემი იმჟამინდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებდა, 23 წლის ასაკში ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია. ერთ დღეს, მეგობარმა ვახშამზე დამპატიჟა, ბოდიში მოვუხადე და უარი ვუთხარი, რადგან მეორე დღეს გამოცდები მეწყებოდა, თუმცა ბოლოს მაინც დამითანხმა, რომ ცოტა ხნით მაინც მივსულვიყავი. ვახშამზე მიწვეული იყო შონიც. მისვლისთანავე გამეცნო, ბევრი ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ადვილად მისახვედრი იყო, რომ მოგვეწონა ერთმანეთი. შონი იმ დროს სამხედრო დიპლომატი იყო, მოკლევადიანი მისიით გახლდათ საქართველოში. დამშვიდობებისას მთხოვა, რომ მეორე დღეს შევხვედროდი, რაზეც უარი ვუთხარი, რადგან მთელი დღე უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი. მან ჩემი აღფრთოვანება მეორე დღესვე მოახერხა მისთვის უცხო ქვეყანაში - გაღიმებული უნივერსიტეტის კარებთან დამხვდა, სიცილით მითხრა, რომ მთელი ღამე ვერ დაიძინა, დაღლილი იყო, მაგრამ ასევე ძალიან ბედნიერი.

ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავალი და სიყვარულის ისტორია. მოკლე დროში შეძლო დავერწმუნებინე, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა. საქართველოს დატოვებამდე ერთი დღით ადრე მკითხა, თუ სად იყო ყველაზე ლამაზი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მეორე დღეს უნდა შევხვედროდით. მუხლი მოიყარა და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ჩემთან გატარება სურდა. მკითხა თუ ვარ თანახმა, რომ Mrs. Kersey და მისი მეუღლე გავმხდარიყავი. დავიბენი, ვთხოვე ცოტა დრო მოეცა, რაზეც მიპასუხა - ცოტა არა, მთელი ცხოვრება დაგელოდებიო... ამის შემდეგ უყოყმანოდ დავთანხმდი.

მალევე შევუდექით საქორწილო სამზადისს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ქორწინება ჯვრისწერის გარეშე, შონი კათოლიკე იყო, შევთავაზე, რომ მართლმადიდებლურად მონათლულიყო. მითხრა, ჩვენი შეხვედრა უფლის ნებაა და მზად იყო ერწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი.

ქორწილის დღეს ჯერ მოინათლა და შემდეგ ჯვარი დავიწერეთ სვეტიცხოველში, სადაც წლების მერე ასევე მოინათლნენ ჩვენი შვილები.

- ახლა რას საქმიანობთ?

- სწავლას ვაგრძელებ მაგისტრატურაში. ასევე ვასწავლი გლობალურ ეტიკეტს და ვმუშაობ ეტიკეტის სკოლის ჩამოყალიბებაზე. ძალიან მიყვარს ეს საქმე, რადგან ადამიანებს ვეხმარები, რომ გახდნენ უფრო თავდაჯერებული და არ შეუშინდნენ გზას წარმატებისაკენ.

ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ ჩემი ქვეყნის დასავლეთისკენ ინტეგრაციისთვის. ბევრ საინტერესო ადამიანებს შორის, ვაშინგტონში, ამერიკის ერთ-ერთი გენერლის მეუღლესაც აქვს ჩემთან დასავლური ეტიკეტის სრული კურსი გავლილი. რითაც განსაკუთრებით ვამაყობ. ასევე, მაქვს ბლოგი, სადაც ვწერ ეტიკეტის, მოდის და ცხოვრების წესის შესახებ. წერა ბავშვობიდან ჩემი ჰობია.

- შვილების შესახებ მოგვიყევით, როგორ ართმევთ თავს ოჯახსა და კარიერას?

- მყავს თერთმეტი წლის ქრეიგი და ექვსი წლის ჰოლი. ქრეიგი დაკავებულია სპორტით ძალიან კარგად სწავლობს და ასევე გატაცებულია პლანეტების შესწავლით და მეცნიერებით. ჰოლი, ამჟამად მსახიობობაზე ოცნებობს, თუმცა როგორც ყველა ექვსი წლის გოგონას ოცნებები, მისიც ხშირად იცვლება. შვილების აღზრდა, ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა სამყაროში, რადგან კარიერასა და სამსახურში შეიძლება დაუშვა შეცდომა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ შვილების აღზრდაში დაშვებული შეცდომები, სამწუხაროდ, გამოუსწორებელია. ბავშვებს ხშირად ვუკითხავ აკაკის "გამზრდელს“, დანარჩენი უფლის და მათი ბუნების ნებაა. რთულია დააბალანსო წარმატებული კარიერა და ოჯახი, მაგრამ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ჩემი ოჯახისკენ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა "შიდა კანონი“, რომ ზომიერად ვიფიქროთ კეთილდღეობაზე და მეტი დრო დავუთმოთ ერთმანეთს. რადგან დაკარგულ დროს, ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ დაგიბრუნებს. მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვიწევს სამსახურიდან მოგზაურობა, ამ დროს ვცდილობთ ან მთელი ოჯახი წავიდეთ ერთად ან ერთ ერთი ჩვენგანი მაინც აუცილებლად დარჩეს ბავშვებთან.

- სოციალური ქსელით თქვენი ცხოვრება ძალიან ლამაზი და ფერადი ჩანს. რა სირთულეები ახლავს ამ იდილიის შენარჩუნებას?

- გმადლობ, ვფიქრობ იდეალური ოჯახი ან ადამიანი ალბათ არ არსებობს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მისი წილი ნეტარება მოიპოვოს და შეიგრძნოს. ვცდილობთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის მსოფლმხედველობას. ვფიქრობ, იდილიისა და სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველაზე მართებული ფორმა, გულახდილი ურთიერთობაა. ასევე ვფიქრობ დისკუსია თუ გაბრაზებაში გადადის გონივრულია, რომ თემა შეცვალო ან გაჩუმდე. ჩვენი გამოცდილებით, ურთიერთობის ასეთმა მიდგომამ დროს გაუძლო.

- საქართველოსთან ამ ეტაპზე რა გაკავშირებთ, რამდენად ხშირად სტუმრობთ სამშობლოს.

- საქართველოში, მყავს ოჯახი, ბევრი მეგობარი და ახლობელი. ვცდილობ წელიწადში ერთხელ ან თუ ევროპაში ვართ, ორჯერ მაინც ჩამოვიდე. მართალია ფიზიკურად დავტოვე ქვეყანა, მაგრამ ის ჩემი სულის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია ამერიკის მოქალაქე ვარ და პატრიოტული განწყობით ვარ ამ ქვეყნის მიმართაც, ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ქართველი. ჩემს მეუღლეს ბევრი სიკეთე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, რაზეც არ უყვარს საუბარი, თუმცა მისი ასეთი მიდგომა და სულისკვეთება ჩემი ქვეყნის მიმართ, ძალიან მაბედნიერებს.

- როგორც ფოტოებიდან ჩანს, მდიდარი გარდერობი გაქვთ, იცვამთ გამორჩეულად და განსხვავებულად, ვინ ზრუნავს თქვენ ჩაცმულობაზე?

- ვფიქრობ, ქალის გარდერობი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მისი შინაგანი სამყარო. რა თქმა უნდ,ა ბევრი ცნობილი დიზაინერის ნივთს ნახავთ ჩემს გარდდერობში, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ იმას, რაც მიხდება და ვფიქრობ, რომ ბევრჯერ გამოვიყენებ. მიყვარს მხიარული ფერები, ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია. ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით მიცნობენ.

- ეს არის ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდით? - რა არის თქვენი მაქსიმუმი, რასაც გინდათ რომ კარიერულად მიაღწიოთ?

- მინდა თავმდაბალი ვიყო, თუმცა მქონოდა შემდგარი ოჯახი, ამაზე, რა თქმა უნდა, ვოცნებობდი. რაც შეეხება კარიერას, ძნელია ილაპარაკო მაქსიმუმზე, ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ.

"კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი... ის დაავადების მძიმე ფორმებს იწვევს" - თენგიზ ცერცვაძე

სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის მიღება? - ამირან გამყრელიძის კომენტარი