ავტორი:

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან შესული და იქ არსებულ ვითარებას სწავლობენ. სოციალურ მუშაკებს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს ერთი საერთო მიზანი აქვთ - გაარკვიონ რა ხდება პანსიონში, მართლა ძალადობენ თუ არა იქ ბავშვებზე.

ამის პარალელურად უკვე ოთხი წელია შსს იძიებს სისხლის სამართლის 4 საქმეს, რომელიც უწყებამ პანსიონის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების მიმართვის საფუძველზე აღძრა. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერცერთი საქმის გამოძიება, რის მიზეზადაც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქმეში საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტის არარსებობას ასახელებს.

ოთხივე საქმე პანსიონის აღსაზრდელთა მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის სხვადასხვა ფორმას ეხება, მათ შორის ერთი საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მუხლითაც არის აღძრული. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო თითქმის ერთწლიანი წყვეტის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში პირველად 4 ივნისს შევიდა.

ბოლო 10 თვის განმავლობაში, უწყებას არანაირი ტიპის კომუნიკაცია, მათ შორის, არც სატელეფონო გასაუბრება არ ჩაუტარებია პანსიონატში მცხოვრებ ბავშვებთან. ხანგრძლივ პაუზას საააგენტოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარებით ხსნიან. სახალხო დამცველი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ მძიმე ვითარებაზე ჯერ კიდევ 2015 წლიდან ლაპარაკობს, იძლებულია მოვლენებს შორიდან დააკვირდეს, რადგან წლებია პანსიონში არ უშვებენ. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ საზოგადოებაში შექმნილი საერთო საპროტესტო მუხტი საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და მათ არსებული ვითარების შესაბამისი სტანდარტებით მოკვლევის შესაძლებლობა მიეცემათ.

რა ხდება ახლა პანსიონში?

ამ დროისთვის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ისინი დაწესებულებიდან 4 ივნისს გაიყვანა. უწყების ამ რეაგირებამ მეუფე სპირიდონის წინააღმდეგობა გამოიწვია. იმავე დღეს მან ბავშვები დაიბარა და კამერების წინაშე ეკითხებოდა, სურდათ თუ არა პანსიონის დატოვება. ატირებული და აცახცახებული ბავშვები ამბობდნენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში სურდათ პანსიონიდან წასვლა, თუ მათ მშობლები წაიყვანდნენ. ამ გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მეუფემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც ბავშვთა უფლებადამცველების აღშფოთება მოჰყვა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებითვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს ვიდეომასალა არის კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პანსიონში ბავშვებზე ძალადობენ. იგი მოითხოვს მეუფე სპირიდონის სახელზე შემაკავებელი ორდერი გამოიცეს და მას ბავშვებთან მიახლოება აეკრძალოს. „ეს ბოლო ორი ვიდეო მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უდევს. კადრები აჩვენებს იმას, რომ მეუფე სპირიდონი ემოციურად ძალადობს ბავშვებზე, რაც დასჯადი დანაშაულია. სასამრთლო იმსჯელებს გაიყვანოს თუ არა ყველა ბავშვი პანსიონიდან. გარდა ამისა, გაეროს კომიტეტი განიხილავს ამ პანსიონის დახურვის შესახებ ძირითად სარჩელს. სამართლიან ქვეყანაში არსებული ყველა მექანიზმი, რაც დედამიწის ზურგზე არსებობს, გამოყენებულია. ველოდებით შედეგს. „ - აცხადებს ანა აბაშიძე.

რას ყვებიან თავად ბავშვები?

მეუფე სპირიდონმა პანსიონის კარი ყველა მედიისთვის ჩაკეტა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. მისი ნდობის ობიექტი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედი“, რომელმაც პანსიონიდან შემზარავი ცნობები გამოიტანა. ტელეკომპანიის მიერ ჩაწერილი ბენეფიციარები აღმზრდელთა მხრიდან ღირსებისშემლახავ მოპყრობაზე ლაპარაკობენ.

"მე მთელი საღამო დამაყენეს მუხლებზე. არ დამაძინეს. ანუ ცოტა ხომ ვცელქობთ ბავშვები და ჩემი ჯგუფელები, ყველა, დააყენეს საღამოს მუხლებზე და მასწავლებლებმა გვითხრეს, თუ საბანი გადაგვძვრება, დაგვაფარეთო. ორი მასწავლებელი იყო, რომელიც მსგავს რაღაცებს აკეთებდა. მთელ საღამოს არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, "პოლზე“ ხომ ვიყავით მუხლებზე დაჩოქილები და პირდაპირ დაგვარტყამდნენ წელზე ხელს. ბევრჯერ, ტელევიზორთან რომ ვისხედით ხოლმე, მასწავლებლები მუხლებზე შემოგვადებინებდნენ ფეხებს და მასაჟებს გვაკეთებინებდნენ, სანამ არ მობეზრდებოდათ" - ყვებიან ბავშვები ნინოწმინდის პანსიონიდან.

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც წლებია სამედიცინო მომსახურებას უწევს პანსიონის ბენეფიციარებს, გეგმიურ შემოწმებაზე დაწესებულებაში 4 ივნისს იყო შესული.

კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლიკარპე დოლიძემ Ambebi.ge -სთან საუბარში აღფრთოვანება ვერ დამალა პანსიონში არსებული ვითარებით.

"მაქსიმალური სისუფთავე და წესრიგია. ყველა საჭირო პირობააა იქ ბავშვებისთვის შექმნილი. ჩადით და ნახეთ. 3 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიეჭვია, რომ ბავშვებზე ვინმე ძალადობდა. ძალიან ლაღები ჩანდნენ ჩვენთან ურთიერთობაში" - ამბობს ექიმი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ნინოწმინდის პანსიონზე

ის, რასაც ახლა სახელმწიფო უწყებები პანსიონში აკეთებენ, გაერომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 7 მაისს დაავალა. PHR-ის მიმართვის საფუძველზე გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

"სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება“ – განაცხადეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში თითქმის ერთი თვის წინ. სახელმწიფო სტრუქტურებმა კი საკუთარი მოვალეობის შესრულება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც მედიამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და აქტიური გაშუქება დაიწყო. აქვე, აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენს, როგორც „შესაბამისი უფლებამოსილების მქონე“ უწყებას პანსიონში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევა. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ 4 ივნისს უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა. "IRCT შოკირებულია საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის თავშესაფარში ბავშვთა წამებისა და ცუდად მოპყრობის შემთხვევების გადმოცემებით" - წერია ორგანიზაციის სიახლეებში.

"ეს არის წამება და ცუდად მოპყრობა, რამე სხვა არ გეგონოთ. ბავშვთა ზრუნვაზე პასუხისმგებელმა ნებისმიერმა ინსტიტუციამ უნდა შეინარჩუნოს და დაიცვას მათი (ბავშვების) ადამიანთა უფლებები. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მათი უფლებები დაიცვას რეგულარული მონიტორინგითა და ძალადობის დასჯით",– თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასგერ კიაერუმმა.

ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს უწყების დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში, ამ ეტაპზე უცნობია.

"გასამდა....გავღარიბდით, დავობლდით" - როგორ ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

"გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელთან შეხვედრის შემდეგ