ავტორი:

"ასეთი ხალხი არათუ პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები" - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატზე

"ასეთი ხალხი არათუ პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები" - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატზე

"ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ სოდომურ ცოდვებს - ასეთი ხალხი არამარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები", - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ამასთან, მეუფე სპირიდონის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვთა სახლთან დაკავშირებით არ არის სწორი.

როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს, სასამართლო დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისმწამებლურ განცხადებებს.

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის. ნამდვილად არ არის სწორი. მაგრამ არასწორად გააკეთა თუ სწორად გააკეთა, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ იძულებული ვართ, დავემორჩილოთ. არ არის სწორი, რადგან წერია, რომ საშიში მდგომარეობაა ბავშვებისთვის და სასწრაფოდ მოაცილეთ აქაურობასო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

რას დაეყრდნო სასამართლო, დაეყრდნო არასამთავრობოების ცილისმწამებლურ განცხადებებს, თითქოს აქ რამე ცუდი ხდება. ის, რომ რაღაც ცუდი ხდება სადმე, ამას სჭირდება დამტკიცება. აღძრულია საქმე, გვიჩივლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რამდენიმე საქმე არის აღძრული, მაგრამ არაფერზეა დასრულებული გამოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ რომ გამოძიება მიმდინარეობს, სასამართლო პროცესი გამართული არ არის. აქედან გამომდინარე არცერთი ბრალდება, ცილისწამებას ვიტყოდი უფრო მეტად, რომელსაც ეს არასამთავრობოები აყენებენ, არ არის დამტკიცებული. ჩემი აზრით, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა, რომ ბავშვები სასწრაფოდ გაიყვანეთ აქედანო. ბრალი რომ დამტკიცდეს, ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას, რომ ეს ნამდვილად არსებობს. ასეთი არ უთქვამს გამოძიებას. მერე სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ეს. გამომძიებელი თავისი რწმენით მოქმედებს და სასამართლო მხოლოდ ფაქტებით მოქმედებს“, - აცხადებს მეუფე სპირიდონი.

მისივე თქმით, ბავშვებს არ სურთ წასვლა პანსიონიდან.

"არ უნდათ ბავშვებს აქედან წასვლა, ტირიან, ერთი ცუდად გახდა, გაიყვანეს საავადმყოფოში. მიმაჩნია, რომ არაა სწორი. ეს არის მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავადსახსენებელი ფაშისტები. ღმერთმა აპატიოს, ვინც ამას აკეთებს“, - ამბობს მეუფე სპირიდონი.

მისივე თქმით, ყველაფერი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ პანსიონში ნინო ლომჯარია არ შეუშვეს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანკობას, სოდომურ ცოდვებს. სახელმწიფოს უზგავნიან წელიწადში რამდენჯერმე ულტიმატუმებს, რომ სასწრაფოდ დააკანონეთო ერსქესიანთა ქორწინებაო. მე მიმაჩნია, ყველას გასაგონად, რომ ასეთი ხალხი არამარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები. ეს ხალხი საქართველოში არ უნდა იყოს“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მისივე თქმით, მოსამართლეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ღმერთმა უნდა შეუნდოს.

"ღმერთმა აპატიოს იმ მოსამართლეს, შეუნდოს უფალმა, წარდგება ის ღვთის წინაშე და მაშინ გაიხსენებს ჩემს სიტყვებს, თავი უკვდავი ნუ ჰგონია მას. წარდგება ღვთის წინაშე, ყველაზე დიდი მოსამართლე არის ღმერთი", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილის. მეუფე სპირიდონის თქმით, ისინი წლების განმავლობაში, სერიოზულად ეხმარებოდნენ პენსიონატს.

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი