კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ ბიძინა ივანიშილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გახარიას გუნდის ქმედებებმა ბიძინა ივანიშვილი, "პოლიტიკიდან წასული კაცი" იქამდე მიიყვანა, რომ მას განცხადების გაკეთება მოუხდა.
"საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები თავად ავრცელებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილინი "ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება დაუშვებელია.
მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც დაუშვებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გუნდის ლიდერს, რომელთან დაკავშირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც გადადგა, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იყო სრულიად აუხსნელი არამხოლოდ გუნდისთვის, ჩემთვისაც და რა თქმა უნდა, საზოგადოებაც გვისვამდა კითხვებს, თუ რა მოხდა.
მოხდა ის, რომ ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენც. მას ეჭირა ყოველთვის ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის და სამართლის უზენაესობას და ხანდახან, ზოგიერთ შეხვედრაზე ის გამოირჩეოდა კიდეც და უმტკიცებდა ჩვენი გუნდის ზოგიერთ წევრს, რომ რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა კანონი და ის რა თქმა უნდა, ამაში მართალი იყო.
მაგრამ მან უცბად მიიღო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, შეცვალა ეს ჩვენება, გვაგვაოცა ყველა და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი და იმედგაცრუება, ვინაიდან ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი", - აცხადებს წულუკიანი.