ავტორი:

"აშშ დგას საქართველოს გვერდით და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას" - რა გზავნილები ჩამოიტანა ბაიდენის მთავრობის მაღალჩინოსანმა აშშ-დან

"აშშ დგას საქართველოს გვერდით და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას" - რა გზავნილები ჩამოიტანა ბაიდენის მთავრობის მაღალჩინოსანმა აშშ-დან

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისა, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმება.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სახელით, ამ დრომდე გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა გასულ შემოდგომაზეც, როდესაც აქ სახელმწიფო მდივანი პომპეო იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. თავდაპირველად ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, თუმცა კოვიდით გამოწვეული სიტუაციის გამო მოგვიწია მისი გადადება, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ამ კუთხით უკეთესდება.

ამ პრესკონფერენციის შემდეგ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. მივემგზავრები ბაქოსა და ერევანში და იქიდან კვლავ უკან დავბრუნდები საქართველოში გარკვეული პერიოდით.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა.

ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს.

რა თქმა უნდა, მის განხორციელებაზე ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას. მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როცა საქმე ეხებოდა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რაც დასრულდა ამ პოლიტიკური ჩიხიდან ახალი გზის პოვნით. ახლა საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავისი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე პარტიებმა უნდა იმუშაონ, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, აქ არის 3 ძირითადი კომპონენტი: ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც არის პრობლემატური თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს და მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება, შემდეგომ განხორციელება და შემდეგი საკითხებია საარჩევნო და სასამართლო რეფორმები“, - აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დაგმო.

"დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული სიტუაციაა, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ჩემი გზავნილი ახლაც და მას შემდეგ, რაც კვლავ დავბრუნდები საქართველოში, გახლავთ ის, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას", - განაცხადა რიკერმა.

მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამასთან, ფილიპ რიკერმა პატივისცემა გამოხატა ქართველი ჯარისკაცების და მათი წვლილის მიმართ, რომლებიც მათ სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით შეაქვთ.

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში. ჩვენ ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. აშშ მხარში უდგას საქართველოს და ვაქცინით დავეხმარებით. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, ვინც მიიღებს გამოყოფილი 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ და წარმატებულ დემოკრატიაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით", - განაცხადა რიკერმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ