ავტორი:

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

5 ივნისს, ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში უმძიმესი დანაშაული მოხდა. თბილისი-ლენტეხი-მელეს მიკროავტობუსის მძღოლს ადგილობრივებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მძიმედ დაშავებული სასწრაფოს ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ის კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა საღამოს მოხდა. თბილისის რეისიდან ჩასული მძღოლი სოფელ მელეში, ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც ღამე უნდა გაეთია. როგორც შევიტყვეთ, მას ტელეფონზე დაურეკეს, უთხრეს, რომ რაღაც ნივთის გატანება სურდათ და ასე გაიტყუეს შინიდან და სახლიდან ცოტა მოშორებით, სოფელ მელესა და ჩიხარეშს შორის სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვეს და გაუჩინარდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადგან მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, საქმის კვალიფიკაციაც შეიცვლება და დამნაშავეებს განზრახ მკვლელობისთვის პასუხისგება მოუწევთ.

ერთი ვერსიით, მძღოლის მკვლელობის მიზეზი მისთვის ფულის "შეწერა" გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას რეისიდან შემოსავალის წილს სთხოვდნენ და რადგან თანხას არ უხდიდა, ამიტომ სასტიკად გაუსწორდნენო, თუმცა სოფელში ასევე აქტიურად განიხილება მეორე ვერსიაც. ამ ვერსიით, დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობის გამო შურისძიება გახდა.

ადგილობრივი გვიამბობს:

- მძღოლს არ ვიცნობდი. ის თბილისი-მელეს რეისზე მუშაობდა, ლენტეხში მიკროავტობუსი მგზავრებს ჩამოსვამდა და გზას აგრძელებდა იმ სოფელში. როგორც ვიცი, დევნილია. მომხდარის ორი ვერსია განიხილება, პოლიცია ჩართულია საქმეში და ალბათ, სამართალდამცავები მალე ყველაფერს დაადგენენ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მძღოლი ლენტეხელი არ არის, მას სოფელში ბინა ნაქირავები ჰქონდა. იქ ათევდა ღამეს და მეორე დილას ისევ რეისში მიდიოდა. მელე და ჩიხარეში, ეს სოფლები, ფაქტობრივად, ერთმანეთზეა გადაბმული. ვიცით, რომ ეს ბიჭი იმ ღამით სახლიდან გამოიყვანეს. მერე გზაში სასტიკად უცემიათ. იარაღი არ არის გამოყენებული, მაგრამ ხელით სცემეს თუ რამე ჩაარტყეს, არ ვიცი. ამბობენ, რომ სერიოზული დაზიანება თავის არეში აქვს - თავი გაუჩეჩქვესო. ქუთაისში ჟანგბადის აპარატზე იყო შეერთებული და იქ გარდაიცვალა. როგორც ვიცი, დაკავებულები არიან. ვის რა დანაშაულს ედავება პოლიცია, ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ დაკავებულებს შორის არის სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის, ანა ჩანქსელიანის მეუღლეც. ჩემი ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობას მას არ ედავებიან. რა როლი ჰქონდა ამ საქმეში რწმუნებულის ქმარს, ვერ გეტყვით.

პოლიციამ დაკითხა ბევრი ადამიანი და ახლა გამოძიება გრძელდება.

- ერთი ვერსიით, მძღოლს ადგილობრივები შემოსავლის წილს სთხოვდნენ...

- კი, ასეთი ვერსიაც არსებობს, მაგრამ, არ ვიცი, ეს რამდენად სწორია. ყველაზე მეტად განიხილება მეორე ვერსია. ითქვა, რომ მიზეზი ქალის გამო ეჭვიანობა გახდა.

უფრო მეტი დეტალის გარკვევა მერის წარმომადგენელთან სოფელ ჩიხარეშში, ანა ჩანქსელიანთან ვცადეთ და მას დავუკავშირდით. როგორც კი გაიგო რა საკითხზე ვურეკავდით, მან ტელეფონი გაგვითიშა და მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

როგორც გავარკვიეთ, მოკლული რობიზონ თუთარაშვილია. მისი მიკროავტობუსი თბილისიდან სოფელ მელეში თვეში 5-6 რეისს ასრულებდა.

"ახლა შევიტყვე ბიჭებისგან, რომ მოკლულია რობიზონ თუთარაშვილი, სოფელ მელეში მხოლოდ ის ჩადიოდა, სხვა რეისები ცაგერი-ლენტეხის მიმართულებით გვაქვს. ამ სოფელში მარტო ეს მძღოლი დადიოდა. ღამეს იქ ათევდა, მეორე დღეს ისევ უკან მოდიოდა, რამდენიმე დღე ისვენებდა და მერე ისევ მიდიოდა რეისზე. 45 წლამდე ასაკის იყო, წესიერი და კარგი კაცი", - გვითხრა ავტოსადგურის თანამშრომელმა.

საკრებულოს დეპუტატი სოფელ ჩიხარეშში სოსო ავალიანი ამბობს, რომ პირადად იცნობდა მოკლულ მძღოლს.

სოსო ავალიანი:

- საშინელი ამბავი მოხდა. რობიზონს პირადად ვიცნობდი, არაჩვეულებრივ ადამიანად შემიძლია დავახასიათო და ამას გეტყვით მთელი სვანეთი, რადგან ის ყველას პატივისმცემელი იყო. 4 წელია, რაც ჩვენთან, ამ რეისზე მძღოლად მუშაობდა. ადგილობრივი არ არის. როგორც ვიცი, ამ დანაშაულთან კავშირში მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული, ისიც, როგორც ამბობენ, დამნაშავე არ არის.

- ვიცით, რომ მერის წარმომადგენლის ანა ჩანქსელიანის მეუღლეა დაკავებული, ამას ადასტურებთ?

- დიახ, დაკავებულია 54 წლის ლოიდი ჯანხოთელი, მაგრამ როგორც ვიცი, მას კავშირი არ აქვს მომხდართან, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა გარდაცვლილთან. არ ვიცი, დაკავებულს ზუსტად რას ედავებიან. მას ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია ის ექიმი, რომელმაც შემთხვევით ნახა ძირს დაგდებული მძღოლი და სასწრაფო გამოიძახა.

არავინ იცის რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამას ძალოვნები დაადგენენ. სოფელში ახლა უამრავი ჭორი ვრცელდება.

რობიზონ თუთარაშვილი ზესტაფონის სოფელ სვირში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. თავის სოფელშიც დადებითად ახასიათებენ რობინზონს და მათი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ფულის შეწერა იყო.

"ფულს მუდმივად სძალავდნენ ადგილობრივები, რომ ავიდოდა სოფელში, იქ ხვდებოდნენ და ართმევდნენ. ეტყობა იმ დღეს ვერ მისცა ის თანხა, რაც მოსთხოვეს და ამიტომ მოკლეს. თავი აქვს ძალიან დაზიანებული, ეტყობა რაღაც საგანი ურტყეს", - ამბობს მოკლულის ახლობელი.

პოლიცია რა ვერსიაზე მუშაობს, ჯერჯერობით უცნობია. დანაშაულის გამოძიება გრძელდება. მომხდარის ვერსია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა