ავტორი:

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?
  • ფოტოკოლაჟზე: ლევან ვასაძე, ირაკლი გოგავა, ხათუნა ხოფერია, დიმიტრი ლორთქიფანიძე

მაისის შუა რიცხვებში ულტრაკონსერვატორი შეხედულებების მქონე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება - პოლიტიკურ ველზე შემოსვლის განაცხადი გააკეთა და მოძრაობა "ერი“ (ერთობა, რაობა იმედი) დააფუძნა. პოლიტიკაში მოსვლისა და ქვეყნის გადარჩენის განზრახვა ვასაძემ პირველად 2016 წელს გამოთქვა, როდესაც მისი მიზნის - მესამე ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ პრეტენზია გამოთქვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლევან ვასაძე "ოცნების“ ელექტორატზე იმუშავებს, ასევე, მათზე, ვინც ნიჰილისტურად არის განწყობილი არჩევნების მიმართ (ე.წ. შუაშისტები) და ვინც იმედგაცრუებულია "ქართული ოცნებით“.

სოსო მანჯავიძე

მართალია, ლევან ვასაძის თანამოაზრების ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, მაგრამ ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მისი პარტიის წევრებში შესაძლოა ვიხილოთ, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგნელი ირაკლი გოგავა, "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე, "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, "ალტ-ინფოს“ წამყვანი ზურაბ მახარაძე და დიდი ალბათობით, ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ხოლო ვასაძის პარტიის მერობის კანდიდატი თბილისში, შესაძლოა, დიმიტრი ლორთქიფანიძე იყოს.

კონსტანტინე მორგოშია

ჩვენი წყაროს ინფორმაციის გადამოწმება ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებთან ვცადეთ.

ირაკლი გოგავამ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო და გვითხრა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

"ლევანს კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ, ის ყველაზე ძლიერი ქართველი ინტელექტუალია და თუ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გამოვაცხადებ. მოძრაობაში გაერთიანება ჯერ არ გადამიწყვეტია“.

ხათუნა ხოფერია:

"ჯერჯერობით გადაწყვიტილება არ მიმიღია, თუმცაღა, იყო რამდენიმე შეხვედრა ლევან ვასაძესთან და მინდა გითხრათ, რომ პირადი საუბრებიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრული თანხვედრაა ჩვენს იდეოლოგიას შორის. ბავშვი არ ვარ და მყარად ვიცი, რა მინდა. ჩემი განწყობით, ჩემი მსოფლმხედველობით კონსერვატორ-ტრადიციონალისტი ვარ და ლევანიც განეკუთვნება ამ იდეოლოგიას, მოდის საბრძოლველად, რომ ქართული პოლიტიკური ველიდან გავაძევოთ ნეოლიბერალები. მოგეხსენებათ, დღეს ნეოლიბერალები არიან არა მარტო“ ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“, ბოკერია და სხვა მისთანები, არამედ, "ქართული ოცნებაც“ და გახარიას ახალი პარტიაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და კიდევ უფრო ჩავხედავ, რა სამოქმედო გეგმა იქნება და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მქონდა საუბარი სოსო მანჯავიძესთან და ირაკლი გოგავასთანაც. თუ არ ვცდები, სოსომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ირაკლიზე და ბატონ დიმაზე ჯერ არაფერი ვიცი".

დანარჩენებმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა - ფოტოები ვატიკანიდან