ავტორი:

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

სიახლე არ არის, რომ პანდემიამ ცხოვრების სტილი შეცვალა. ადამიანების უმეტესობამ ძირითადი საქმის პარალელურად სხვა საქმეებიც წამოიწყო, რადგანაც ესა თუ ის დარგი დაპაუზდა, მათ შორის - თეატრი. მაგალითად, ახმეტელის თეატრის მსახიობმა და მუსიკოსმა გიორგი ცხადაძემ, ჟურნალისტ მეუღლესთან, სალომე ლემონჯავასთან ერთად, სახლში თვეების ნენესთვის თეატრი „ნენეტო“ დააარსეს. შემდეგ კი ეს იდეა მცირე ბიზნესადაც აქციეს და თეატრებს უკვე დაინტერესებულ ადამიანებს მათი შვილებისთვისაც სთავაზობენ.

პატარა ნენე ცხადაძე 21 ივლისს ერთი წლის ხდება. მხიარული გოგოა, უყვარს ფოტოების გადაღება, ხალხთან კონტაქტი და სიცილი. მამიკოს მიერ შექმნილი სახლის თეატრი კი, უკვე მისი საყვარელი გასართობია.

გიორგი ცხადაძე:

- ნენეს მართლა ძალიან უხარია ადამიანებთან ურთიერთობა, ტელევიზიას მიეჩვია, რადგან ჩვენ გამო ხშირად უწევს იქ ყოფნა. სატელევიზიო განათებას რომ ხედავს, გიჟდება, ისე მოსწონს. როცა ვიდეოს ან ფოტოს ვუღებთ, ცოტა გვეპრანჭება. უყვარს მუსიკა, რადგანაც მასზე კარგად რეაგირებს... მალე ერთი წლის ხდება. მისი დაბადება ლამის სალომეს დაბადების დღეს - 20 ივლისს დაემთხვა. იუბილე პანდემიურად რომ უნდა აღგვენიშნა, რისთვისაც მომზადებულები, გამოწყობილები ვიყავით და ზუსტად მაშინ დაეწყო მშობიარობა. წავედით სამშობიაროში, ოღონდ, ისე მოხდა, რომ ნენე 21-ში გაჩნდა... ჩემთვის მისი დაბადება დაუვიწყარი წამებია, თან, ბლოკში ვიყავი...

- პანდემიაში თავისებური ცხოვრების წესი შეიქმნა. ვისაც რა შეეძლო, იმის კეთება დაიწყო - ზოგი მებოსტნე გახდა, ზოგი კულინარი, მწერალი, მხატვარი... თქვენთანაც რაღაც სიახლეებია...

- ნენე რომ გაჩნდა, თეატრი უკვე დაპაუზებული იყო, კონცერტებიც შეწყვეტილი. პანდემიამ ყველა სფერო დააზარალა, მაგრამ შემოქმედებით სფეროებს ყველაზე მეტად შეეხო. ამის გამო სოციალურმა პრობლემებმაც წამოიწია... მოკლედ, ყველანი სახლში ვიყავით, ახალდაბადებულ ნენეტოს ვერავინ ნახულობდა. ცოტა შეგვეშინდა, ასოციალური არ ყოფილყო. ადამიანებს რომ ნახავდა, არ დამფრთხალიყო, მაგრამ სხვათა შორის, ასე არ მოხდა. ამაში ძალიან დაგვეხმარა სახლის თეატრი, რომელიც თვითონ შევქმენით.

- და თან, დაპაუზებული თეატრის გამო მამასაც სცენის მონატრება ჰქონდა, ამასთან, გოგონაც კარგად გაერთობოდა, არა?

- კი, მაგრამ ჯერ იმას ვიტყვი, რომ როდესაც ბავშვისთვის სათამაშოს ვყიდულობ, ვცდილობ, ნატურალური იყოს, თუ სარგებლობას არ მოუტანს, არ ავნოს მაინც. საქართველოში სამწუხაროდ, ბევრი უხარისხო სათამაშოა, რაც ცალკე პრობლემაა... მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და თან თავში სულ გვიტრიალებდა რაღაც თეატრის მსგავსი აზრი და საბოლოოდ ჩვენს თეატრამდეც მივედით... მანამდე კი მხოლოდ ხელის თოჯინა მქონდა, რომელშიც შევყოფდი ხელს, ვათამაშებდი, რაც ნენეს ძალიან მოსწონდა. ამის მერე ხან ფარდა ჩამოვაფარეთ და იქიდან გამოვძვრებოდი. მოკლედ, რადგან ფარდაც გაჩნდა და პერსონაჟი თოჯინის სახით არსებობდა, თეატრის დამზადებაც გადავწყვიტეთ, სადაც ნენეს ზღაპრებს წავუკითხავდით, რაიმე წარმოდგენას გავითამაშებდით. ამ საქმეში ჩემი უფროსი დები - თამუნა და თიკოც ჩავრთე.

- მოკლედ, ისე მოხდა, რომ ნენესთვის სახლში შექმენით პირველი თეატრი, რომელიც ხელით არის დამზადებული...

- კი, მერე ამან სტარტაპის ფორმაც მიიღო. გაჩნდა იდეა, რომ მე და სალომეს რაიმე საერთო საქმე გვქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტელევიზიაში ვმუშაობთ - სალომე ბიზნესჟურნალისტიკის მიმართულებით და მე უფრო - შემოქმედებითი, ვიფიქრეთ, თუკი ჩვენს შვილს გავუკეთეთ თეატრი, რა იქნება, რომ მსგავსი სხვა ბავშვებსაც ჰქონდეთ-თქო? ეს აზრი და იდეა ავიტაცეთ განვახორციელეთ. გვიხარია, რომ ორივეს საერთო საქმე გაგვიჩნდა, რამაც ამ პანდემიაში კიდევ უფრო გაგვაერთიანა. მოკლედ, დავამზადეთ თეატრები. სოციალურ ქსელში მაშინვე შევქმენით გვერდები, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ პასუხებსაც ვერ ვცემდით, რადგანაც ასეთი ინტერესი თუ გაჩნდებოდა, ამისთვის მზად არ ვიყავით. მოკლედ, ბევრი რამ ასაწონ-დასაწონი და დასახვეწი აღმოჩნდა... მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი თავიდანვე ეკომეგობრულ პროდუქტზე გავაკეთეთ, ანუ რასაც მასალად ვიყენებთ, ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალურია.

მოკლედ, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი შეითავსებს, თითებზე წამოიცვამს თოჯინებს, ფარდის მიღმა დადგება და ბავშვებს ზღაპარს წაუკითავს, შეუძლია სხვადასხვა პრესონაჟები გაათამაშოს. იყო შემთხვევა, თვითონ ბავშვები უყვებოდნენ ერთმანეთს ზღაპრებს... ყველაფერი კი პატარებს იმის საშუალებას აძლევთ, რომ ფანტაზია გაიღვივონ, თეატრი შეუყვარდეთ. ჩვენი ამბის მთავარი დანიშნულებაც ეს არის.

- რაც მთავარია, ნენეს უხარია...

- კი. მე მაქვს წარმოდგენები, თოჯინებს ვათამაშებ და თვითონაც თამაშობს ცალკე იმ თოჯინებით. კარგად ერთობა. ბავშვები ყოველდღიურად იცვლებიან. ამიტომ გემოვნებაც ჩამოუყალიბდა - რაღაც მოსწონს, რაღაც - არა. რამდენიმე თეატრი არის, რომელიც გავაკეთეთ და არ ეკარება... თუ თოჯინებს მოითხოვს და არ მიიყვანე, ძალიან გვიბრაზდება. ყველაზე მეტად მგელი და წითელქუდა უყვარს. წითელქუდას ლამაზი კაბა აცვია და ალბათ ამიტომ... მოკლედ, ეს პერსონაჟები ნენეს მეგობრები არიან.

- სალომეც უმართავს სპექტაკლებს?

- სალომეც სამსახურში ძალიან დაკავებულია, მაგრამ მშვენივრად ითავსებს მსახიობის ამპლუას. ყველანაირ პერსონაჟს თამაშობს და აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამომსახველია. მეც ვუყურებ ხოლმე მის სპექტაკლებს.

- ნენეს რომ არ ჰყოლოდა მსახიობი მამა, ექნებოდა ეს თეატრი?

- მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი და პანდემია არ ყოფილიყო, შეიძლება, არ ჰქონოდა... დროს ალბათ ვერ გამოვნახავდი ადრე ამისთვის.

- რა პერსპექტივა აქვს ახლა ამ საქმეს?

- ფაქტია, რომ დიდი ინტერესია და შესაბამისად მოთხოვნილებაც. გეგმაში გვაქვს ჩრდილების თეატრიც შევქმნათ, მას ექნება ანოტაცია, რომლითაც ვასწავლით ადამიანებს თითების მოძრაობით როგორ შეძლებენ სხვადასხვა ცხოველისა თუ ფიგურის განსახიერებას. შუქს რომ ჩააქრობენ, ლამაზი ჩრდილები წარმოიქმნება. მას ასევე სათამაშოებიც ექნება. ეს პროექტიც ახლო მომავალში განხორციელდება. ასევე გვინდა, შევქმნათ ქართული კეთილი ზღაპრები, ჩვენივე პერსონაჟებით. ვინც თეატრს შეიძენს, ამ ზღაპრებით და სათამაშოებით გაათამაშებს ამ ყველაფერს... მოკლედ, ჯერჯერობით ასეთია ჩვენი ამბავი.

ბანერი გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქციიდან, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

"ნიუ ჰოსპიტალსში" აცხადებენ, რომ კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ