ავტორი:

"ამერიკა რუსეთს ომს არ დაუწყებს“ - რას ამბობს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე

"ამერიკა რუსეთს ომს არ დაუწყებს“ - რას ამბობს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე

უკრაინის პოპულარულმა გამოცემამ "სტრანამ" («Страна») ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკური ცენტრის - Rand Corporation-ის უფროს ექსპერტს სემუელ ჩერაპს, რომელშიც იგი ეხება აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ვაშინგტონის პოზიციებს რუსეთთან მიმართებით, გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან და ნატო-სთან დამოკიდებულებას, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო მიღების თაობაზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით: "ამერიკა უკრაინის გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს“.

- როგორი იყო ამერიკელების პოზიცია იმ დროს, როცა ამ გაზაფხულზე რუსეთის ჯარების გადაადგილება მოხდა უკრაინის მიმართულებით? რა რეკომენდაციებს აძლევდა ვაშინგტონი კიევს? და საერთოდ - რა აჩვენა ამ სიტუაციამ: მზად არის აშშ აქტიურად დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ვითარების გამწვავების დროს?

- რადგანაც არანაირი პირდაპირი შეტაკება ან სროლა არ მომხდარა, არ შეიძლება მსჯელობა იმაზე, მზად იქნება თუ არა აშშ უკრაინის დასახმარებლად დაპირისპირების მწვავე ფაზის დროს. რასაკვირველია, რუსული ჯარების თავმოყრამ ყველა ააღელვა. არ ვიცი, რა რეკომენდაციებს აძლევდა ვაშინგტონი კიევს, მაგრამ, ალბათ, მეორდებოდა უკვე ის, რაც ადრე თქმულა - ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დაპირება, სუვერენიტეტის განმტკიცებაში მხარდაჭერა და ა.შ. რაც შეეხება რუსეთს, გაუგებარია, თუ რას მიაღწია მოსკოვმა ამ ოპერაციით. ამბობენ, - რუსეთმა ჩათვალა, უკრაინელები პროვოკაციას ამზადებენო და ამიტომ კრემლმა კიევის მოქმედების შემაკავებელი წინმსწრები აქტი განახორციელაო, მაგრამ ეს ვერსიას ბევრ კითხვებს იწვევს.

თუ რუსეთი კიდევ დაიწყებს ჯარების თავმოყრას და მათ უკრაინის სიღრმეში წასწევს, არ არის იმის ნიშნები, რომ აშშ უკრაინის გამო რუსეთს ომს დაუწყებს. ამას ისიც ადასტურებს, რომ უკრაინა დღემდე არ არის ნატო-ს წევრად მიღებული და ამის იურიდიული გარანტიები არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა კიევს სხვაგვარად არ დაეხმარება, ვთქვათ, სანქციებითა და დიპლომატიური საშუალებებით.

- რატომ არ დაუწესა ჯო ბაიდენმა ბოლო დროს სანქციები გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გაზსადენი საბოლოო ჯამში აშენდება და მისი ექსპლოატაცია დაიწყება?

- აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს თავის ნატოელ მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან ურთიერთობების აწყობა წარმოადგენს. გაზასადენისათვის სანქციები რომ გამოეცხადებინა, ამერიკისათვის ეს დიდი პრობლემა გახდებოდა გერმანიასთან დამოკიდებულებაში. ცხადია, მოკავშირის წინააღმდეგ სანქციის გამოცხადება ცოტა უხერხული იქნებოდა და კონტრპროდუქტიული. მით უმეტეს, რომ გაზსადენი მაინც აშენდებოდა, სანქციით თუ უსანქციოდ. დღეისათვის მისი 96% უკვე მზად არის. ასე რომ, სანქციები უკვე უაზრობაა. თანაც გერმანია დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ვაშინგტონი ამ ნაბიჯზე წავიდოდა (ანუ სანქციებს დააწესებდა), ეს იქნებოდა ამერიკასთან ურთიერთობის ძლიერ გამაღიზიანებელი ფაქტორი, თანაც დიდი ხნის განმავლობაში.

"ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უკრაინისათვის უკვე სიმბოლოდ იქცა და სიმბოლოებთან ბრძოლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის უკვე თითქმის აშენებულია, ეფექტიანი არ იქნებოდა. უფრო უკეთესი იქნება მისი გაშვების დროს ხელსაყრელი პირობების მოთხოვნა, მაგალითად, უკრაინის მილსადენებით რუსული გაზის ტრანზიტის მტკიცედ განსაზღვრული მოცულობა. არის იდეები, თუ როგორ შეიძლება უკრაინას დანაკარგები აუნაზღაურდეს (კომპენსაცია და ა.შ.). ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ საჭიროა სიტუაციას საღი თვალით შევხედოთ და რეალურ პირობებში ცხოვრებას მივეჩვიოთ, შევეგუოთ იმას, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ამუშავდება. ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ მომენტში.

- სხვათა შორის, მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, როგორია აშშ-ის ნამდვილი, რეალური პოზიცია უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით?

- გეტყვით, რომ დღეისათვის ამერიკა ამ ნაბიჯის გადასადგმელად ჯერ მზად არ არის. მიზეზები ბევრია და სხვადასხვა. ზოგიერთები ამბობენ, რომ თვითონ უკრაინა არ არის მზად, მისი არმია ნატო-ს სტანდარტებს არ შეესაბამება, რეფორმებიც ნაკლები აქტიურობით ხორციელდება... სხვები კი აცხადებენ, რომ თუნდაც სტანდარტები შეესაბამოდეს, ამ სიტუაციაშიც კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ აიღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას უკრაინის დაცვისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს შესახებაც.

ნატო-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის განცხადებამ მთელ ალიანსს ხაფანგი დაუგო. იმ დროს ნატო-ს ყველა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიანო, თუმცა ვადები არ დაზუსტებულა. დღეის მდგომარეობით ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ჯერ არავის გაუუქმებია. არადა, ასეთი დაპირებები ჰაერშია დაკიდებული და რეალურ სიტუაციას არ ასახავს. მსგავს დაპირებებს ჩვენი ყურადღება დღევანდელი პრობლემებიდან სხვაგან გადააქვს და ისეთ არასასიამოვნო მომენტებამდე მივყავართ, როგორიც ამჟამად არის შექმნილი - როცა უკრაინა და საქართველო ნატო-საგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან, მაგრამ მათი განცხადებები რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა - რა არის ვიზიტის მიზანი და როგორია მისი განრიგი

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

რას პასუხობს დავით ზალკანიანი ოპოზიციის განცხადებას, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული"