ავტორი:

"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?

"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?
  • ფოტოკოლაჟი: პროტესტი, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

თურქული გაზეთი "ჰურიეთი“ («Hürriyet») საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება დ 9 ივნისს, აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებული კრიზისი საქართველოში“ (ავტორი - ნერდუნ ჰასიოღლუ).

გაგაცნობთ პუბლიკაციის ტექსტს:

"საქართველოში კრიზისი დაიწყო კაშხალის მშენებლობის პროექტის გამო, რომელიც თურქული სამშენებლო კომპანიის ენკა-ს თანამშრომლებსაც შეეხო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ იმ მიზნით, რომ მშენებლობას უარი ეთქვას და რადგანაც მიზანს ვერ მიაღწიეს, ამჯერად თურქი მუშების წინააღმდეგაც დაიწყეს მოქმედება. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ქცევამ თურქი მუშების მდგომარეობას საფრთხე შეუქმნა, ჩვენი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ქართული ტელევიზიით გამოვიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა - "თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“.

საქართველოში ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის გამო კრიზისი გასულ კვირას გამწვავდა. პრობლემის ისტორია ასეთია: 2019 წელს ქვეყნის მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა კაშხლის მშენებლობის თაობაზე, რომელშიც თურქულმა კომპანიამ ენკა-მ და ნორვეგიულმა ენერგოკომპანიამ გაიმარჯვეს, 730 მილიონი დოლარის ინვესტიციის შეთავაზებით.

მაგრამ როცა მდინარე რიონის ხეობაში პროექტის რეალიზება დაიწყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც მევენახეობით არის დაკავებული, ჰესის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. აპრილში, როცა კრიზისი გამწვავდა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება კაშხლის მშენებლობა ერთი წლით შეჩერებულიყო, თუმცა კაშხლის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა პროტესტის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა და პროექტის გაუქმება მოითხოვა.

  • "დაუშვებელია!“

მას შემდეგ, რაც გასული კვირას სიტუაცია საგანგაშო გახდა, თბილისში თურქეთის ელჩმა საქართველოს ტელევიზიის ეკრანიდან განაცხადა:

"ნამახვანჰესის" კაშხლის პროექტის საკითხი შეიძლება განხილული იქნეს ქართველ ხალხსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, კონტრაქტის პირობებზე შეიძლება ღიად ვიმსჯელოთ, მაგრამ კაშხლის მშენებლობაზე დასაქმებული თურქი მუშები, რომლებიც საქართველოში ვალდებულების შესასრულებლად იმყოფებიან, მუქარის მიზანი არ უნდა იყვნენ, ეს დაუშვებელია“.

თუმცა, იმ დროს, როცა ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ქართველ ხალხს მიმართავდა, საპროტესტო აქციის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა წინა პლანზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. ამჟამად უსაფრთხოების დაცვას სამშენებლო მოედანზე ქართული პოლიცია უზრუნველყოფს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ელჭექი, წვიმა და სეტყვა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

რატომ გაეთიშა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ელექტრომომარაგება - რა განაცხადეს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში?"

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მეტროში ესკალატორები შეფერხებით მუშაობს - შეფერხდა თუ არა მატარებლების მოძრაობაც?