ავტორი:

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების პირველი გადანერგვა მსოფლიოში 1988 წელს მოხდა, მას შემდეგ კი, სულ მცირე, 45 000 ასეთი ტრანსპლანტაცია განხორციელდა უკვე. პირველ ეტაპზე, ჭიპლარის სისხლი გამოიყენებოდა სისხლმბადი სისტემის ონკოდაავადებების სამკურნალოდ (ლეიკემია, ლიმფომა, მიელომური დაავადება), ასევე თანდაყოლილი ანემიების, თალასემიის და იშვიათი გენეტიკური დაავადებების (ე.წ. ლიზოსომური დაგროვების დაავადებები) დროს. მრავალი ათეული ათასი პაციენტი განიკურნა ამ სასიკვდილო განაჩენებისგან.

ამრიგად, თანამედროვე მედიცინა ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, ბოლო დროს ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს აქტიურად იყენებს. რა შემთხვევაშია მისი გამოყენება ყველაზე ეფექტიანი, ამაზე ჭიპლარის სისხლის ბანკ "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის უჯრედული თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლუბეკის სამედიცინო უნივერსიტეტის (გერმანია) მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი გვესაუბრება.

მისი თქმით, ამ ბოლო ათწლეულში აქტუალური გახდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენება აღდგენით მედიცინაში. "მსოფლიოში მიმდინარეობს არაერთი კლინიკური კვლევა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: აუტიზმი, თანდაყოლილი ანემიები, აუტოიმუნური დაავადებები, თავის ტვინის ტრავმები, ბრონქოპულმონალური დისპლაზია, ჰიპოპლასტიური მარცხენა პარკუჭის სინდრომი, ცერებრული დამბლა, ალცჰაიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ, შიდსი, იმუნური ან მეტაბოლური დაავადებები, მძიმე ინფექციური დაავადებები, ლეიკემიები, ლიმფომები, მიელომული დაავადება, მიელოდისპლაზიური სინდრომი, ართრიტი და ორთოპედიული ტრავმა, მიელოფიბროზი, სმენის შეძენილი დაქვეითება, ნამგლისებრი ანემია, ზურგის ტვინის ტრავმა, იშემიური ინსულტი, თალასემია", - აღნიშნავს გოჩა შათირიშვილი.

- დიდი ხანია აუტიზმისა და ცერებრული დამბლის მიმართულებით დაიწყო კვლევა?

-დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. განსაკუთრებით დიდია დუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) როლი ამ საკითხის შესწავლაში. კვლევებს ხელმძღვანელობდა და დღემდე ხელმძღვანელობს ჯოან კურცბერგი, მსოფლიოს წამყვანი ექიმი ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციაში, რომელიც 1988 წელს ჭიპლარის სისხლის პირველ ტრანსპლანტაციაშიც მონაწილეობდა.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები აუტიზმის და ცერებრული დამბლის დროს დაზიანებული თავის ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას იწვევს. გადანერგილი ღეროვანი ნივთიერებები გამოყოფენ აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ე.წ.ნეიროტროფინებს, რომლებიც აძლიერებს თავის ტვინის ნერვული უჯრედების რეგენერაციის უნარს. სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები აძლიერებს სისხლძარღვთა წარმოქმნას, ანუ ანგიოგენეზს და შედეგად უმჯობესდება თავის ტვინის სისხლმომარაგება; ჭიპლარის სისხლის უჯრედებს აქვთ ასევე იმუნორეგულაციის უნარი, განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. თრეგ (რეგულატორულ უჯრედებს). რადგანაც აუტიზმის განვითარებაში თავის ტვინში აღინიშნება ე.წ. ნეიროინფლამაცია (ანთებითი პროცესები), ანტიანთებითი იმუნორეგულაცია დადებით როლს თამაშობს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჭიპლარის სისხლის მონოციტებს კი ნერვული უჯრედების დამცველი, ანუ ნეიროპროტექტორული როლი აქვს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორივე დაავადების მკურნალობისთვის.

- აღნიშნეთ, რომ ჭიპლარის სისხლი ოცდაათ წელზე მეტია, სისხლმბადი სისტემის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება. კონკრეტულად რა შემთხვევაში იყენებენ მას?

- ამ შემთხვევაში ჭიპლარის სისხლი გამოიყენება მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის შემდგომ დაზიანებული სისხლმბადი სისტემის აღსადგენად. პარალელურად, ბოლო წლებში სულ უფრო იკვეთება ჭიპლარის სისხლის გამრავლებული ღეროვანი და იმუნური უჯრედების როლი კიბოს იმუნოთერაპიისთვის. სიმსივნის იმუნოთერაპია ეწოდება იმუნური სისტემის აქტივაციას ან მოდულირებას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების გასაძლიერებლად. გამრავლებული უჯრედების გამოყენების არეალი სულ უფრო ფართოვდება. მათ, ვინც შეინახავს ჭიპლარის სისხლს, ახლო მომავალში ექნებათ საუკეთესო წინაპირობა, საჭიროების დროს, წარმატებით გამოიყენონ ეს მეთოდი მრავალი დღეისათვის უკურნებელი დაავადების სამკურნალოდ.

ბატონი გოჩას თქმით, ეს კონცეფცია ეფუძნება ფაქტს, რომ ჭიპლარის სისხლი არა მხოლოდ ღირებულ ღეროვან უჯრედებს შეიცავს, არამედ ასევე მრავალ სხვა სახის უჯრედს, რომელებიც იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილებია და წარმოადგენენ ანტისიმსივნური მოქმედების უჯრედების წყაროს. მათგან კულტივაციის პირობებში სიმსივნის საწინააღმდეგო გააქტივებული უჯრედები მიიღება, - ისინი კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.

ჭიპლარის სისხლში მოიპოვება: B ლიმფოციტები, ციტოტოქსიური ტ ლიმფოციტები, ბუნებრივი კილერები - ნატურალ კილლერ ცელლს (NK), საიდანაც შესაძლებელია იმუნური თერაპიისათვის საჭირო უჯრედების გამრავლება:

შესაძლოა, პაციენტის საკუთარი პერიფერული სისხლის გააქტივებული უჯრედებითაც მკურნალობა, მაგრამ ჭიპლარის სისხლს აქვს უპირატესობები, რადგან ხშირად ბევრი მიზეზის გამო სიმსივნიანი პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, შევაგროვოთ მისი ლიმფოციტები საკმარისი რაოდენობით.

- რა მიზეზებია ეს?

- გავრცელებული სიმსივნური ინტოქსიკაციის შედეგად პაციენტის დაბალი წონა ან კახექსია; გავრცელებული და შორსწასული სიმსივნური პროცესის გამო პაციენტის ორგანოთა სისტემების მძიმე უკმარისობები (მაგ. საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საშარდე სისტემის მძიმე დარღვევები); ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაცია და იმუნური სისტემის დათრგუნვა - იმუნოსუპრესია; სხივური თერაპიის შედეგად გამოწვეული იმუნოსუპრესია; დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევა.

ამ შემთხვევებში საჭირო რაოდენობის სისხლის (100-200 მლ და მეტის) აღება პაციენტისგან შეუძლებელია. ჭიპლარის სისხლი კი წარმოადგენს იმუნური უჯრედების საუკეთესო ალტერნატიულ წყაროს შემდეგი ფაქტორების გამო:

  • NK უჯრედების მაღალი შემცველობა;
  • უჯრედების წყაროზე დაუყოვნებელი წვდომა;
  • ჭიპლარის სისხლის უჯრედების მაღალი აქტიობა სიმსივნის საწინააღმდეგოდ.

ბუნებრივი კილერი უჯრედები სიმსივნისგან ორგანიზმის არასპეციფიური მცველები არიან და სიმსივნის აღმოსაჩენად არ საჭიროებენ სპეციფიური სტიმულაციას. ისინი პირველები ებრძვიან ახლად წარმოქმნილ სიმსივნის უჯრედებს. სინჯარაში გააქტივებული ბუნებრივი კილერები კი კიდევ უფრო ეფექტიანად ებრძვიან სიმსივნეს. ორგანიზმში ინექციის შემდგომ ისინი 10-15 დღე ცოცხლობენ და ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ჭიპლარის სისხლიდან NK, LAK, CIK, DCV-ს მიღებისთვის საჭიროა, უჯრედების კულტივაცია აქტიური ნივთიერებების - ციტოკინების დამატებით.

ჭიპლარის სისხლის უჯრედების ანტისიმსივნურ მოქმედებას მსოფლიოს არაერთი სამედიცინო ცენტრი და კლინიკა იკვლევს. სწავლობენ მათ მოქმედებას მწვავე და ქრონიკული ლიმფომებისა და ლეიკემიების დროს და მიელომური დაავადების სამკურნალოდ.

ჭიპლარის სისხლის გამოყენება კიბოს იმუნოთერაპიაში ახალი, მაგრამ მეტად პერსპექტიული მიმართულებაა. ეს მიმართულება ახლო მომავალში წარმატებული ანტისიმსივნური მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება.

"ადამიანებს ასეთ დაწესებულებებში კი არა, პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები, რა გასაკვირია, უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს" - მეუფე იაკობი ბავშვთა პანსიონზე

"მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება" - შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზე: "ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა... როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს"