ავტორი:

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი და პედაგოგი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

"მწუხარებით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი და პედაგოგი ბატონი თამაზ ჯაფარიძე.

ბატონმა თამაზმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს, ასევე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (სადირიჟორო მიმართულებით).

1966 წელს თბილისში შედგა მისი დებიუტი, ამავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი;

1994 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების, საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი. 2006 წლიდან კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, საოპერო სტუდიის დირიჟორი. ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", "წითელქუდა", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", მ. დავითაშვილი "ქაჯანა"; ბალეტები: ფ. ღლონტი "განთიადი"(1967, პრემიერა), ს. ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"(1973, პრემიერა), ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"; სხვა რეპერტუარი, ოპერები: პუჩინი "ბოჰემა", "ტოსკა", ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "დონ კარლოსი", "ბალ-მასკარადი", "ოტელო", როსინი "სევილიელი დალაქი"; ბალეტები: პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული", "დუენია", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"; გასტროლები: პოლონეთი(1969), გერმანია(1990), იტალია(1991), მალტა, რუსეთი, ბელორუსია, ბალტიისპირეთი", - ნათქვამია ინფორმაციაში.