ავტორი:

ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?

ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?

ბელარუსში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრებს შორის გავლენების გამო, წლების წინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. რამდენიმე ხნის წინ მინსკის ე.წ. კრიმინალური სამყაროს ლიდერს, კანონიერ ქურდს საშა კუშნერს, იგივე "პალტოს" იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ცოლთან ერთად, საკუთარი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა.

თვითმხილველების თქმით, როდესაც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ცოლს უყვიროდა დასახმარებლად, რომ პოლიციისთვის გამოეძახა, რაც ე.წ. კრიმინალურ სამყაროში მიუღებელი საქციელია. ერთ-ერთი ვერსიით, მისი თავდასხმის უკან კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი ალექსანდრე შულბერტი, იგივე "შულცი" იდგა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ კუშნერის დაქვემდებარებაში იყო.

ამ ფაქტის შემდეგ, კუშნერის ნომერ პირველობაც ეჭვის ქვეშ დადგა და მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა" ბათუმელი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" გახდა.

"კუშნერი 90-იანი წლებიდან შავი სამყაროს მეფეა. მისი გვარ-სახელი პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. ის ორგანიზებული დანაშაულების "ყოფილი შტატიანი ქილერია..." - წერს lenta.ru მის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაში, სადაც აღწერილია, თუ როგორ იბრძვიან ბელარუსში გავლენებისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი ე.წ. კანონიერი ქურდები.

საშა კუშნერი და ალექსანდრე შულბერტი

"კუშნერი, რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის, ძედ ჰასანის ფავორიტი იყო და ე.წ. ქურდის ტიტულიც მანვე უბოძა და იმთავითვე ორი ბელარუსი კრიმინალური ავტორეტის - ალექსანდრე ტიმოშენკოს, იგივე "ტიმოხესა" და დმიტრი გალეევის, იგივე "გალიუსის" მოწინააღმდეგე ფიგურად იქცა.

მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან კუშნერის აღიარება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მაგალითად, მისი პრივილეგიები მიუღებელი იყო, ბადრი კოღუაშვილის, იგივე "ქუთაისკის", გურამ ჩიხლაძის, იგივე "კვეჟოევიჩისა" და კახაბერ ფარფალიას, იგივე "კახა გალსკისთვის". დროდადრო მათ შორის კონფლიქტიც მწვავდებოდა. არადა, მას შაქრო კალაშოვიც უჭერდა მხარს, თუმცა კუშნერი ხანდახან შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და მისი ავტორიტეტიც მერყეობდა", - წერს გამოცემა.

ამიტომ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის თანდათან პატივსაცემი გახდა შულცის კანდიდატურა, რომელსაც კუშნერთან პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, თავიანთ წრეში შემოყვანას ჰპირდებიან შაქრო მალადოი, ბადრი სუხუმსკი, მერაბ ჯანგველაძე (რომლის გავლენებსაც გააფრთებული ებრძვის გუდაუთელი ე.წ. ავტორიტეტი რაულ ბარცბა) და ტარიელ ონიანი. თუ ვის სასარგებლოდ გადაიხრება სასწორის პინა, ეს ბელარუსში უდიდესი გავლენების მქონე ბათუმელი გორაძის პოზიციებზე მნიშვნელოვნად აისახება" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, კუშნერს ადგილობრივი სამართალდამცველები ხელს აფარებდნენ.

მისივე ცნობით, ყოფილ ბოსზე თავდამსხმელი შულცის აღზევება კლანებს შორის განხეთქილებას გაამწვავებს. პოზიციების დათმობას არ აპირებს კუშნერიც, რომელმაც თავის მხარდამჭერს ე.წ. კანონიერ ქურდებს, ვლადიმირ ჟურაკოვსკის, ნიკო დგებუაძეს და რომა დმიტრიევს უთხრა, რომ სინამდვილეში არავის უცემია და ეს ყველაფერი მისი ავტორიტეტის დასაქვეითებლად გამოიყენეს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში ამინდს ქართველი კანონიერი ქურდები ქმნიან, რომლებიც უფრო მასშტაბურ პერსონებთან არიან ალიანსში.

"ასე რომ, ახლა კუშნერისა და შულცის ინტრიგნული პერსონებით, ქართული "კრიმინალური სამყაროს" წევრები ბელარუსში (და არა მხოლოდ) გავლენებისთვის იბრძვიან.

რუსული მედიის ცნობით, ამ პირობებში, როდესაც ქართველი კრიმინალები ლიდერობას არავის უთმობენ, ძალზე უსუსურად გამოიყურება გუდაუთელი აფხაზის, რაულ ბარცბას, იგივე პიზას მცდელობა, შეინარჩუნოს პირველობა რეგიონში და ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს, როგორც ჰპირდებოდა, "ფეხი ამოაკვეთინოს".