ავტორი:

"ქართული ოცნებიდან" განკვეთილი პოლიტიკოსები - ვის რას აბრალებდნენ და ვინ როგორ "შეაჩვენეს"?

"ქართული ოცნებიდან" განკვეთილი პოლიტიკოსები - ვის რას აბრალებდნენ და ვინ როგორ "შეაჩვენეს"?

9-წლიანი მმართველობის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" ბევრი მაღალჩინოსანი ჩამოშორდა ან ჩამოაცილეს. რამდენიმე მათგანმა ყოფილ გუნდში მეორედ მოსვლაც შეძლო, მაგალითად, მეორედ გაპრემიერებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ბიძინა ივანიშვილის "იმედები იმდენად ვერ გაამართლეს", რომ "ოცნება" მათ სამუდამოდ შემოსწყრა...

ambebi,ge გაგახსენებთ რამდენიმე მაღალჩინოსანს, ვინც "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, განკვეთა.

  • ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები"

მოგეხსენებათ, კოალიცია "ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, "რესპუბლიკური პარტია”, "თავისუფალი დემოკრატები” და "ეროვნული ფორუმი”.

2011 წელს, პოლიტიკაში შემოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოალიციურ პარტნიორად აირჩია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ალასანიამ თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა, მისმა პარტიამ კი დამატებით სამი მინისტრის პორთფელი მიიღო, თუმცა 2014 წლის ნოემბერში ირაკლი ალასანიამ და პოლიტიკურმა პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს.

ამას კი წინ უსწრებდა "კაბელების საქმის" გახმაურებული სკანდალი, 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა, იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები. მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და პროკურატურის ნაბიჯები იყო "შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა. მას მთავრობიდან გაყვნენ მისი გუნდის წევრები, თეა წულუკიანის გარდა, რომელსაც ერთგულება ბიძინა ივანიშვილმა შემდგომში განსაკუთრებულად დაუფასა. აღსანიშნავია, რომ ალასანიას გუნდის წვერების ნაწილი დროთა განმავლობაში დაუბრუნდა სახელისუფლო პარტიას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.

იმჟამადაც ითქვა და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო თვალნათლად ჩანს, რომ გარდა ღია დაპირისპირებისა, ირაკლი ალასანიას გუნდის შიგნით, კულუარულადაც ძალიან ბინძურად ებრძოდნენ, არადა, თავდაპირველი კოალიციური თანამშრომლობით თითქოს ასე იყო გადაწყვეტილი, რომ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი - პრემიერი, დავით უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია კი - "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა.

ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის უთანხმოება, სავარაუდოდ, სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წელს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად არ განიხილავდა, - ვინაიდან ის ამ ინსტიტუტს ვერ ერგებაო. შემდეგ კი ალასანიას ერთ-ერთი უცხოური ვოიაჟი ივანიშვილმა საჯარო განხილვის საგანი გახადა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა ალასანიას დუბაიში, შემდგომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ამბავი. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მან ალასანიას ოჯახის ერთგულების მნიშვნელობა ვითომ შემთხვევით შეახსენა, რაც ნამდვილად უსიამოვნო მოსასმენი იყო...

2016 წლის არჩვენების შემდეგ ირაკლი ალასანია არათუ პოლიტიკიდან, ქვეყნიდან წავიდა საერთოდ. ის აშშ-ში გაემგზავრა და საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა. მას მერე სულ არის ლაპარაკი, რომ ის შესაძლოა კვლავ შემობრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ალასანიას დასავლეთში, განსაკუთრებით, აშშ-ში მნიშვნელოვანი კავშირები აქვს, როგორც ამბობენ, მისი ამერიკელი მეგობრები ბოლო ხანს განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული მისი პოლიტიკური გააქტიურებით.

  • გიორგი მარგველაშვილის "მიუღებელი" პრეზიდენტობა

როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მის მემკვიდრედ ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დატოვა, რომლის გაპრეზიდენტებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაც გასწია, თუმცა მალევე უკვე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს, ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რასაც შემდგომში თანდათანობით მისი უფლებების მაქსიმალური შეზღუდვაც მოჰყვა.

ივანიშვილმა, პირველი, რაც მარგველაშვილს დაუწუნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მის პრეზიდენტის სასახლეში დაბრუნებას უკავშირდებოდა.

”შევახსენებ საზოგადოებას, თუ რატომ და როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტი პრემიერს. მას უნდოდა ყოფილიყო ლიდერი ამ გუნდის და კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა. რა უფლებებიც აქვს, ის აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც მარგველაშვილი გაანაწყენა იმან, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მან კი არა, ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. მისი მტკიცებით, კონსტიტუციურად ამის უფლება სწორედ ღარიბაშვილს ჰქონდა. "ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში წასულიყო. ეს მთავრობის გადასაწყვეტი იყო და არ გაუშვეს. პრეზიდენტი საოცრად ჯიუტობდა და ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს მაინც წავიდა და შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო ეს მსოფლიო ისტორიაში, ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩადის ერთ ფორუმზე. აქაც აჩვენა მან, რა და როგორ უღირს,” – ამბობდა მარგველაშვილზე ივანიშვილი.

საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, დაგვიბარა, - სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურსო და... წავიდა.

  • UNICEF- ის კვლევას გადაყოლილი პრემიერი?

მორიგი "განკვეთილი" პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა. კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პარტია "ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, რითაც მიანიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.

"ოცნებაში" კი ამტკიცებდნენ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი UNICEF- ის კვლევას გადააყოლეს. საქმე ისაა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 წლის (UNICEF) "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა "გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. იყო საკმაოდ მაღალი ინფლაცია და ფასების მატება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ა.შ., "ოცნებაში" ამბობდნენ, რომ თითქოს კვირიკაშვილმა გუნდს ეს მდგომარეობა დაუმალა, რაც უფრო სასაცილო არგუმენტი იყო, ვიდრე რეალობის ამსახველი.

შემდგომში ირაკლი კობახიძის გამარტებით, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო არა სიღარიბის შესახებ UNICEF-ის კვლევა, არამედ მისი დამოკიდებულება ბანკებთან.

"ჩვენ ბანკებთან მიმართებით უფრო მეტი ეფექტიანობა გვჭირდებოდა. საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი და მამუკა ბახტაძის ინიციატივებმა ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა", - განაცხადა კობახიძემ.

მაგრამ ძირითადი მიზეზი ამ დაპირისპირების, სავარაუდოდ, იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. როგორც შემდგომ გაირკვა, "ქართული ოცნების" 2018 წლის 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ ამ შეხვედრიდან მეორე დღეს გადადგა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი. პოლიტიკაში მოსვლამდე ის საბანკო სფეროში მუშაობდა და 2011 წლამდე ივანიშვილის კუთვნილ "ქართუ ბანკს” მართავდა.

საინტერესოა, რომ 2018 წელსვე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ამ საქმეებით "ქართულმა ოცნებამ" კვირიკაშვილის დაშანტაჟება სცადა, რათა მას მომავალში პოლიტიკისკენ გახედვა ვეღარ გაებედა.

  • უვადო მოსამართლეებს შეწირული "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი

2019 წლის თებერვალში პარტია "ქართული ოცნება", მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დატოვა, რასაც წინ დიდი ბატალიები უძღვოდა. "ქართული ოცნება" პირველი ოქტომბრის იდეალებს და თავის ღირებულებებს აცდა, ჩვენ გვაქვს დღეს ღირებულებათა სხვაობა… ის რაც ჩვენ შევქმენით, შორს არის იმ იდეალებისგან, რასაც ეფუძნებოდა ეს პოლიტიკური პარტია", - განაცხადა მან. ბესელიას განმარტებით, მისი გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი მმართველი გუნდის მიერ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარი იყო. (უმრავლესობამ ჩააგდო მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონ-პროექტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო). როგორც ეკა ბესელია ამბობდა, ეს კანონპროექტი მისთვის გადამწყვეტი იყო.

ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელების ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური უმწიფარობა" უწოდა და განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად განაგრძობდა, ვისაც იდეალებისთვის არასდროს უღალატია. საინტერესოა, რომ ბესელიას ამ გადაწყვეტილებამდე, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები. ბევრს დღემდე სჯერა, რომ ბესელია ურჩობისთვის ასე სწორედ მმართველი გუნდიდან დასაჯეს. ზოგადად ფარული ჩანაწერების საჯარო სივრცეში "გაჟონვის" თემა ამ პოლიტიკური გუნდის უდიდესი პრობლემაა.

  • გახარიას "შეჩვენება"

"თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი", - ასე შერაცხა მოღალატედ არცთუ დიდი ხნის წინ საუკეთესო პრემიერად და კრიზისმენეჯერად გამოცხადებული ექსპრემიერი გიორგი გახარია რამდენიმე თვის წინ პოლიტიკიდან უკვე მეორედ წასულმა ბიძინა ივანიშვილმა. მას გახარიას "შეჩვენებაში" "ქართული ოცნების" არც სხვა ლიდერები ჩამორჩებიან, არადა, მათგან მოღალატედ გამოცხადებული გახარია ბევრს თავიდან სწორედ ივანიშვილის პროექტი ეგონა, ზოგს ეს დღესაც სჯერა, ივანიშვილის ამ განცხადების მიუხედავდ: "შევიტყვე მოარული, თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ..."

"იცით, გუგული არის ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას. მცდელობა ჩვენ ძალიან მარტივად დავასრულეთ. პარტიის დამფუძნებელმაც ეს ყველაფერი დაასრულა ძალიან მარტივად“, - ეს კი პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხმაურიანად დატოვა თანამდებობა. გახარიამ ბრიფინგზე განმარტა, რომ მას გაუმართლებლად მიაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება იმ ფორმით და იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე არსებობდა.

მისი თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

წასვლიდან 4 თვეში გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა და გადადგომის მიზეზები განავრცო. "გადავდექი იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს დაშორდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა", - აღნიშნა მან.

ექსპერტების ვარაუდით, გახარია თვითმართველობის არჩევნებში პრობლემებს "ქართულ ოცნებას" შეუქმნის, ამიტომაც ის მმართველი გუნდისთვის თავის ტკივილად იქცა და მათგან წამოსულმა ბრალდებებმაც არ დააყოვნა. რამდენიმე დღის წინ, კობახიძემ ექსპრემიერს სახელწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი, რომელსაც მისივე თქმით, თებერვალში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას გიორგი გახარიამ "შეშინებული კაცის ბოდვა" უწოდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა - ფოტოები ვატიკანიდან