ავტორი:

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების"  ჟიურის წევრი?

ტელეკომპანია "ფორმულას“ პროექტი "სამზარეულოს ომები“ საინტერესოდ დაიწყო და ასევე მიმდინარეობს. შოუში ძლიერი ოთხეულია დარჩენილი - საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები ერთმანეთს კულინარიულ ჯადოქრობაში კვლავაც შეეჯიბრებიან. მანამდე კი შეფი მიშა ავსაჯანიშვილი ambebi.ge-სთან ერთად "სამზარეულოს ომების“ კონკურსანტების მიერ განვლილ არც ისე მარტივ ეტაპებს აფასებს.

მიშა ავსაჯანიშვილი:

- ეს კონკურსი იმით განსხვავდება, რომ მონაწილეები ტურიდან ტურამდე იზრდებიან. გაზრდაში იგულისხმება ის, რომ ახალ-ახალ ტექნიკას სწავლობენ, ბევრს მუშაობენ, რომ უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. მოკლედ, ეს გადაცემა იმის ნათელი მაგალითია, რომ კონკურსანტებმა შეიძლება ისეთი პროდუქტი მოგვცენ, ისე დაიხვეწონ, ვერც შეადარო წინა ტურებს - სერიოზული ნამუშევრები იქმნება. ისე კი, ეს სეზონი გამორჩეულია, არა მხოლოდ რომელიმე წინა სეზონისგან, არამედ ზოგადად საქართველოს კულინარიული შოუების ისტორიაში.

- ეს რითი აიხსნება?

- პირველ რიგში იმით, რომ თავიდანვე ტელევიზიის პროდაქშენის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შოუ ქართული სამზარეულოსთვის მიეძღვნათ. ამან ავტომატურად გამოიწვია ქართულ სამზარეულოს მიმართულებით ინტერესი და აქტიურად მუშაობა. მონაწილეები ვალდებულები იყვნენ, ქართული სამზარეულო დაეხვეწათ, მაღალ საფეხურზე აეყვანათ და კერძები ჩვენთვის ასე წარმოედგინათ. ამასთან, ჩვენი სამზარეულოს უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის დრო უკვე კი არ მოვიდა, ცოტა დაგვიანებულიც კია...

- ე.ი. შეფების, ჟიურის მოლოდინი გამართლდა, ხომ?

- გადააჭარბა კიდეც. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან არ მქონდა მოლოდინი, რომ კონკურსანტები რამდენიმე თვის განმავლობაში ასე განვითარდებოდნენ. მაღალი ხარისხის კერძებს წარმოგვიდგენდნენ. თურმე ვცდებოდი.

- თქვენ რომ იწყებდით მზარეულობას, ე.ი. იმ პერიოდისგან ბევრად განსხვავებული სიტუაციაა?

- მაშინ მე თვითონ ვცდილობდი, სიახლეები დამენერგა, მაგრამ ამას გარშემო არავინ იღებდა, ხელს არავინ მიწყობდა, არადა, მონდომებული ვიყავი... დღეს უფრო დიდი შესაძლებლობა და მოთხოვნაა და ეს ახალგაზრდები მეტად თამამები ამიტომაც არიან.

- თან, მათი უმეტესობა უკვე მზარეულია, თავიანთ კუთხეებში არიან დასაქმებული, გარკვეული გამოცდილებაც აქვთ. ამასთანავე, თითოეული შეყვარებულია თავის პროფესიაზე...

- ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა... რეალურად ამ თაობაში ეს პროფესია ტრენდული და მოთხოვნადია. პანდემიამ ბევრი რამ უკან დახია, თორემ ტურიზმის დამსახურებით, ეს დარგიც კარგად განვითარდა. ხომ ვამბობ, მოთხოვნაც იყო და შეფების, მზარეულების ხელფასებმაც შესაბამისად, საგრძნობლად აიწია. მე ის მიხარია, რომ ეს ადამიანები ამ სფეროში მაღალი ხელფასის გამო კი არ წავიდნენ, არამედ, იმიტომ, რომ ძალიან უყვართ. ეს სიყვარული რომ არ არსებობდეს, დარგი ასე ვერ განვითარდებოდა. ამიტომაც გავიდნენ ჩვენი შოუს კონკურსანტები ასეთ შედეგებზე, თორემ ამ რთულ საფეხურებსაც ვერ გაივლიდნენ. ასე რომ, ჩვენი შოუ მათთვის არის შესაძლებლობა, თითოეულმა საკუთარი თავი წარმოაჩინოს, რეალურად ვინ არის, ვინ უნდა, რომ იყოს და შესაბამისად, მოსახლეობამაც რომ დაინახოს და გაიცნოს.

- პანდემიამ ტურიზმს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად, დაზარალდა სარესტორნო ბიზნესიც.

- რა თქმა უნდა, ცუდია, რომ რესტორნები დაიკეტა და ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩა, ამან ბიზნესიც უკან დასწია, მაგრამ მეორე მხრივ, გასტრონომიის მიმართულებით უცნაური რამ მოხდა - როცა რესტორნები დაიხურა, ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც პროდუქტების დამუშავებაც კი არ იცოდნენ, შინ კერძების მომზადება დაიწყეს, რამაც, ჩემი დაკვირვებით, ავტომატურად გემოვნების დახვეწა გამოიწვია. ინტერნეტშიც მეტი სოციალური ჯგუფი შეიქმნა, დაიწყეს კერძების განხილვა, სადაც სხვადასხვა კატეგორიის უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ახლა ისეთ საფეხურზე ვართ, როცა უკვე თვითონ ამზადებენ და მუდმივად სწავლობენ... მიხვდნენ, რომ სიტყვაზე, პასტის მომზადება სულაც არ არის წარმოუდგენელი რამ. თურმე თვითონაც შეუძლიათ.

მთავარია, ისე მოხდეს, რომ ამის შემდეგ რესტორნებიც მაღალ საფეხურზე ავიდეს. იქ რომ მივალთ, ისეთი ნაშრომი უნდა დაგვხვდეს, რომელსაც ჩვენ სახლში ვერ მოვამზადებთ.

- საინტერესო ტურები იყო, რომელშიც სხვადასხვა კუთხის კერძები ასევე ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს...

- კი, მეგრელები კახურ კერძებს ამზადებდნენ, კახელები აჭარულს და ა.შ. ეს მართლა საინტერესოა, ანუ ჩვენ დაგებულ "ხაფანგებს“ თავი გაართვეს. ბავშვობიდან შეჩვეულ გემოებში ყველა მაგარია, მაგრამ როდესაც მათ ამოცანას ურთულებ, აქ საინტერესოა, თავს როგორ გაართმევენ. უდავოდ კარგად წარმოაჩინეს, ყველა მოთხოვნილებისა და თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით, ანუ რასაც ვითხოვდით, იმის განხორციელება შეძლეს... მაყურებლის ნაწილი ამას ცოტა ვერ აღიქვამს, მაგრამ თუ არ განვითარდი, არ იშრომე და რაღაცები არ შეცვალე, წინ ვერ წახვალ... მაგალითად, "ჩაქაფულის“ წინააღმდეგი კი არ ვარ, ის ქართული კერძების ერთ-ერთი საგანძურია, ჩვენი სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძი და ასეთ კერძებს არ უნდა შევეხოთ, მაგრამ არსებობს მივიწყებულები, რომელთა პატარა ხელის შევლებით, მაღალი ხარისხის პროდუქტი შეგვიძლია, მივიღოთ.

- რა პროგნოზი გაქვთ - ვინ მოიგებს კონკურსს?

- რატომ მომწონს ამ შოუს განვითარება და დინამიკა, იმიტომ, რომ არაპროგნოზირებადია - ვინც ტურის ლიდერები იყვნენ და აღგვაფრთოვანეს, მეორე ტურში აუტსაიდერები გახდნენ და აუტსაიდერები კი, პირიქით - ლიდერები. ხშირად გვეკითხებიან, - ვინ არის თქვენი ფავორიტიო? არავის გვაქვს პასუხი. როგორც წესი, ეს პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც. მოკლედ, ვნახოთ...

ლოტოს პირველად ნაყიდი ბილეთით ზურაბ ხვინგიამ 9471 ლარი მოიგო

კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი ინფიცირებული?

"საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა" - ვარლამ გოლეთიანი