ავტორი:

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

რუსულ ჟურნალ "დომაშნი ოჩაგში" ("Домашний очаг" - იბეჭდება ორ თვეში ერთხელ, სარედაქციო ოფისი - მოსკოვში), გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ყველაზე მტკიცე ქორწინება: ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო - ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი ბუბა ყოველთვის ეძებდა ქალს, ვისთანც ცხოვრება საიმედო და საინტერესო იქნებოდა... და როცა ასეთი ქალი იპოვა, იგი იდეალური მეოჯახე გახდა" (ავტორი - ლარისა ხომაიკო).

შეგახსნებთ, ბუბა კიკაბიძის მეუღლე ირინა ქებაძეა, რომლის პირველი ქმარიც ცნობილი მსახიობი გურამ საღარაძე გახლდათ.

"ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან. გურამ საღარაძე და ირინა უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

წლებია ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა.შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო.

ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ", - განუცხადა წლების წინ ჟურნალ "სარკეს" ბუბა კიკაბიძემ.

გთავაზობთ რუსული ჟურნალის პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"თავის სიცოცხლეში ვახტანგ კიკაბიძე მხოლოდ ორჯერ იყო ძალიან შეყვარებული: ერთხელ - ბავშვობაში, მეორედ - ბუდაპეშტში, ქუჩის არეულობების დროს. პირველი სიყვარულიდან მას ფეხზე ტატუ დარჩა, მეორედან კი - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სახლი, ბაღი და ბედნიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

  • "ზ+ვ" და სხვა ისტორიები

ვახტანგ კიკაბიძეს ფეხზე ტატუ აქვს - "ზ+ვ", რომელიც მან ათი წლის ასაკში გაიკეთა. იმ დროს თბილისში ცხოვრობდა ზოია, ძალიან ლამაზი გოგონა, ყველაზე პოპულარული სოლოლაკის უბანში. "ზ+ვ" ნიშნავს "ზოია+ვახტანგს", რომელიც პირველი, უპასუხო ბავშვური სიყვარულის სამახსოვროა. ამ პირველი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ ვახტანგის გული დიდი ხნის განმავლობაში თავისუფალი რჩებოდა. იგი უკვე თბილისის ფილარმონიის სოლისტი იყო და საქართველოში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა (ისე ვერავინ ბაძავდა ლუი არმსტრონგს, როგორც ვახტანგი), მაგრამ ის ერთადერთი ქალი, რომელსაც ვახტანგი შეიყვარებდა, ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანდა.

თაყვანისმცემლები მას ფერად-ფერადი ფარვანებივით დასდევდნენ - ბევრ ქალს სურდა უცოლო მუსიკოს-მომღერლის მეგობარი გამხდარიყო, მაგრამ ვახტანგი ახლო ურთიერთობებს გაურბოდა. რასაკვირველია, ბუბა (ბავშვობაში შერქმეული ამ სახელით იცნობდა მას მთელი საქართველო), შეიძლება ითქვას, ქართველი კაზანოვას ცხოვრებით ცხოვრობდა - ხშირად ხდებოდა ტაქსით დევნა, ფანჯრებიდან გადმოხტომა, ურთიერთობების გარკვევა ცოლების მიერ მოტყუებულ ქმრებთან... ერთმა შეყვარებულმა, მაგრამ საშინლად ეჭვიანმა ქალმა ვახტანგს კინაღამ ყელი გამოღადრა სამართებლით, მაგრამ ბოლო მომენტში სიყვარულმა (თუ სიბრალულმა) სძლია და დაინდო...

  • ჩახუტება ბუდაპეშტში

ასე გავიდა თითქმის ათი წელი. ისე ჩანდა, რომ ვახტანგი სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა...

შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს... ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. გააგრძელეთ კითხვა

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე