ავტორი:

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილთან ერთად, - ამის შესახებ ნატო-ს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი საგარეო ჩარევის გარეშე“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს ოპერაციებში.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რომელიც საქართველომ განახორციელა და უნდა გაგრძელდეს და რომელიც დაეხმარა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მდგარდობის გაზრდით, ტრენინგების, წვრთნებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების კუთხით. მოუთმენლად ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

ნატო-ს წევრები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში... საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან სამივე ქვეყანაში განათავსა, მათი თანხმობის გარეშე...

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ალიანსთან მეტი დაახლოების მიზნით ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს - უკრაინასა და საქართველოს. ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რას გააკეთებს ნატო უკრაინის დასახმარებლად, იენს სტოლტენბგერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას პრაქტიკულ დახმარებასა და თანადგომას ჰპირდება.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ალიანსს უფრო დაუახლოვდნენ“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის შეძლებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგმა უპასუხა: "საქართველოსთან მიმართებაში მესიჯი იგივეა, რაც უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. მათ შორის არის თბილისში საწვრთნელი ცენტრი. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. მე კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად".