ავტორი:

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამოდარებასთან ერთად, ტურისტული სეზონი დაიწყო. აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი ჩივის, რომ რუსეთში კოვიდპანდემიის მესამე ტალღის აფეთქების შემდეგ, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოდინება რეგიონს მძიმე საფრთხის წინაშე დააყენებს. თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ადგილობრივთა ის ნაწილი, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროსაც დამსვენებლები წარმოადგენენ.

უკმაყოფილების საფუძველი აქვთ რუსეთიდან ჩასულ ტურისტებსაც, რომელთა თქმითაც, აფხაზები წლიდან წლამდე მომსახურების ხარისხსა და საცხოვრებელ პირობებს არ ცვლიან, ფასები კი იზრდება.

"იქ, სადაც ნორმალური პირობებია, საოჯახო იქნება თუ დიდი სასტუმრო, ისეთი ფასებია, აფხაზეთში კი არა, თურქეთის ან ევროპის რომელიმე კურორტზე დავისვენებ და არც ჩანთის, მობილურებისა და კამერების მორიგეობით თვალთვალი დაგვჭირდება და აღარც ქუჩებსა და სანაპიროებზე ზონებად დაყოფილი ადგილების დაზეპირება, რომ სადმე საცურაო კოსტიუმებით სიარულის გამო, შეურაცხყოფა არ მოგაყენონ. ეს აფხაზეთში ხომ ჩვეულებრივი რამ არის - საცურაო კოსტუმით კი არა, მოკლე შორტითა და ტოპი მაისურითაც გიკრძალავენ გადაადგილებას, ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფას აყენებთო. ამდენი წელია რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავლით არსებობენ და მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ, მთის ტრადიციებით ცხოვრება სურთ, თუ ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარება.

შეიძლება ქუჩაში, ზღვასთან ახლოს, მოკლე შორტითა და მაისურით მიდიოდე და ვიღაც ბებომ, დეიდამ ან "ტემპერამენტიანმა ჯიგარმა" შენიშვნა მოგცეს - ასე ჩაცმული სიარული მიღებული არ არის, ბავშვებსა და მოზარდებს ცუდ მაგალითს აძლევთო", - წერს ერთ-ერთი რუსი დამსვენებელი სვეტლანა კლიმჩინა.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რადიკ აიბაშევი სოციალურ ქსელში წერს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკაში, თავისუფლად ჩაცმულ ქალს, თანმხლები მამაკაცის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია და ამ ტრადიციას ახალგაზრდა აფხაზი მამაკაცებიც კი იცავენ. შემთხვევით ხელში ჩამივარდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ადგილობრივი ბიჭი რუს გოგონებს საპატიო მანძილის დაცვით.

ვიდეოში რუსი გოგონების საუბრიდან ირკვევა, რომ მათ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან სურთ ფოტოს გადაღება". მისივე ცნობით, იშვიათად ნახავთ ნასვამ მდგომარეობაში აფხაზს, "ასე რომ რუსებს ბევრი რამ აქვთ სასწავლი".

ამ ვიდეოს აფხაზებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ნაწილმა ის ირონიად შეაფასა:

"რუსი ტურისტი ცდილობს, სხვებს დაანახოს, თუ რამდენად განსხვავებულია აფხაზეთი რუსეთისგან და რჩევას იძლევა, რომ რეგიონში თავშეკავებულად მოიქცნენ. გაუგებარია, რა სურთ რუსებს, თუ რუს ქალს დისტანციის დაცვით ესაუბრები, ველურად მიაჩნიხარ, თუ მასთან ურთიერთობაში თამამი ხარ - ასევე ველურსა და უნახავს გიწოდებს".

"ჩვენი პრეზიდენტიც კი შორტით დადის, სად ნახა ადგილობრივებს თავისუფალ ჩაცმაზე პრობლემა ჰქონოდეთ?! სხვა საქმეა ქალაქში სიარული, ბოდიში, მაგრამ დიახ, ქალაქის ქუჩებში ტრუსებით არ დავდივართ და არც სხვას გავატარებთ. კეთილი ინებონ და შესაბამისად შეიმოსონ. სულ არ მადარდებს, ამის გამო ვინმე ველურ მაიმუნს გვიწოდებს, თუ არა. მათ შეუძლიათ, ქუჩაში დათვრნენ და ბაღში, სკამზე გამოიძინონ. იმედია, მათ არ დავემსგავსებით", - წერს ადგილობრივი ილონა აბუხბა.

"იშვათად ნახავთ მთვრალ აფხაზებსო... მგონი, ძალიან მაგრად დაგვცინის ან აქ სინამდვილეში არასდროს ჩამოსულა. მთელი ქვეყანა გალოთებულია და ეს ერთ ნასვამს როგორ ვერ შეხვდა?" - კითხულობს მარია ავიძბა.

"ეტყობა, ეს ერთხელ ჩამოვიდა, ძალიან ცუდად მოიქცა და ჩვენებმა სცემეს. ახლა კი, რახან ცოტა ფული აქვს, სხვაგან დასასვენებლად ვერ მიდის და ისევ აქეთ უწევს ჩამოსვლა, ჰოდა, პოსტიც მოგვიძღვნა, თუ რა კარგები ვართ, ოღონდ ირონიული უფრო გამოუვიდა, ვიდრე საქებარი", - წერს ლეილა ჩირიკბა.

"რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ძმური ერი ვართო, არ არის ასე, ორივეს ჩვენ-ჩვენი სარგებელი გვაქვს, აფხაზეთი იაფი კურორტია, სუფთა ზღვით, დაბალი ფასებითა და სხვა შეღავათებით. იცის, რომ აქ უსაფრთხოების ზომები არ არსებობს, მაგრამ მაინც რისკავენ ჩამოსვლას, თუმცა საკმარისია, რამე პატარა დაძაბულობა მოხდეს და მაშინვე ვავლენთ ერთმანეთის მიმართ ნამდვილ განწყობას", - წერს ვიოლა სმირი.

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს