ავტორი:

"ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება" - რას გეგმავს მთავრობა ზაფხულში და რას შესთავაზებენ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

"ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება" - რას გეგმავს მთავრობა ზაფხულში და რას შესთავაზებენ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება იგეგმება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, სამედიცინო დაწესებულებები დაემატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის დამატებითი ცენტრები მოეწყობა.

„საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხაჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და ასე შემდეგ. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების, სამედიცინო დაწესებულებების დამატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა.

ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება, ყველაზე ნაკლები დამატებითი საჭიროება არის თბილისში, თუმცა, თბილისში დღეს მათი მოთხოვნის გამო, როგორც იცით ადგილები მუდმივად შევსებულია, მაგრამ რეგიონებში იმისთვის, რომ მოსახლეობის მოცვა შესაბამისად მოხდეს და თვის მანძილზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა იყოს ვაქცინირებული, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან, ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას იმ პირებისთვის, ვინც დაწესებულებას მიმართავს.

„ასევე გეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები, ისინი ივლიან მაგალითად, სკოლებში ან სხვა საჯარო ადგილებში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოიაზრება, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოებისგან ვაქცინის გარკვეულ დოზას მიიღებს.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია რომელ ვაქცინას, ან რამდენ დოზას მიიღებს საქართველო.

"საქართველო აქ მოიაზრება. ერთი მხრივ, დამოუკიდებლად, პირდაპირი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე როგორც "კოვაქს" პლატფორმის ერთ-ერთი მოსარგებლე. ჯერჯერობით დეტალები, რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა რაოდენობით, არ გვაქვს", - აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები დანარჩენ ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ.

გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და მუშავდება ის პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. გაბუნიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.

„მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე ტალღას ელოდებიან - "...ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს"

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება

"მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ... ასევე მძიმე შემთხვევებმა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე ინდურ და ბრიტანულ შტამებზე?