ავტორი:

"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა

"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა. სოხუმში მისი ვიზიტი პროექტ "აფხაზეთის მომავალს" უკავშირდება. ჟურნალისტი ბადრაკ ავიძბა წერს, რომ ბასკოვის სოხუმში სტუმრობაზე ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს რუსი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ასეთ საოცარ ადგილას მოწვევისთვის, აქაურობა სიყვარულით, სილამაზითა და რაც მთავარია, ტრადიციებით არის სავსე. პირველად ვარ ასეთ საოცარ ადგილას, ასეთ არაჩვეულებრივ ვითარებაში და პირველად ვხედავ ასე ბედნიერ, სიხარულით სავსე ადამიანებს", - განაცხადა ბასკოვმა სოხუმში და აფხაზეთის მოსახლეობას უსურვა, "ყოველი წელი უკეთესი იყოს, რათა რესპუბლიკა განვითარდეს... " - განაცხადა მან სოხუმის ცენტრში მოწყობილი სცენიდან, სადაც მან არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა. აფხაზური მედიის ცნობით, ბასკოვი აფხაზეთში რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ე.წ. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სოციალურ პროგრამებში მონაწილეობისთვის ჩავიდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

ნიკოლაი ბასკოვმა სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, რომ "რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“. რუსი მომღერალი აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩია".

აფხაზები ბასკოვის სოხუმში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. ნაწილი რუს მომღერალს მადლობას უხდის გამბედაობისთვის, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "ტურისტულ სფეროში ბასკოვის პიარით მიღებული შედეგების არ სწამს..."

"მადლობა, კოლია, რომ ხაბიბივით არ შეგეშინდა, რომ ოდესმე საქართველოში ვეღარ ჩახვიდოდი... მადლობა იმ ერთგულებისთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო კოლეგები ხანდახან თავს გესხმიან..."- წერს ერთ-ერთი მათგანი.

"აფხაზეთში ბედნიერი და სიხარულით სავსე ადამიანები ცხოვრობენო, - ბასკოვმა ჩვენზე თქვა თუ იმ სომხებზე, ვისაც აქ წარმატებული ბიზნესი აქვს?. მშვენივრად მღერით, ბატონი ნიკოლაი, მაგრამ აქ ბედნიერება თითქმის 30-წელია არ ყოფილა. თქვენ აქ კონცერტს ჩაატარებთ და თქვენი კრემლის საკონცერტო დაბრაზს დაუბრუნდებით, ასეთი ერთჯერადი ღონისძიებები კი ვერაფრით გააუმჯობესებს ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას..." - წერს სოხუმელი ამალია ლოგუა.

tsargrad.tv-ს ერთ-ერთი რუსი ბლოგერი წერს, რომ "აფხაზეთში საოცარი ბუნებაა, მაგრამ რაც დროს გადის, ადგილობრივებს რუსი ტურისტების მიმართ სულ უფრო აგრესიული დამოკიდებულება აქვთ".

"მიუხედავად იმისა, რომ რაც დროს გადის, აფხაზეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუს ტურისტებზე, მაინც აშკარაა, რომ აფხაზები ვერ გვიტანენ - ქალები და ბავშვებიც კი გამოხატავენ ჩვენს მიმართ სიძულვილს, არადა, ჩვენს გარეშე ქვეყანა, უბრალოდ, დაიღუპება..."- წერს იგი.