ავტორი:

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია ხეპრეს უწოდებს პორტუგალიელი ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც "კოკა-კოლაზე" საჯაროდ უარი თქვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომენტარი businessformula.ge-ს მისცა.

"ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია "კოკა-კოლა". მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას "კოკა-კოლას" და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია",- განაცხადა თემურ ჭყონიამ businessformula.ge-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები კამერებისგან მოშორებით დადგა და შეკრებილ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის საბაზრო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ამ კრიზისს არ უკავშირებენ რონალდუს ქმედებას და როგორც "გარდიანი" წერს, ყოველივე უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.

რონალდუს აღნიშნული ქმედებისთანავე კოკა-კოლას აქციების ფასი 1,6%-ით გაუფასურდა, ხოლო კოკა კოლას საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

კოკა-კოლა ვერო 2020-ის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. კომპანიამ რონალდუს ქმედებას განცხადებით უპასუხა. "ყველას აქვს უფლება, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე სასმელს განსხვავებული გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.