ავტორი:

"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ -  ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?

"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ -  ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?

თურქული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც მარმარილოს ზღვაში ხდება და რომელიც შეიძლება მალე შავ ზღვასაც დაემართოს.

საქმე შეეხება ფიტოპლანქტონის არნახულ გამრავლებას, რასაც ხელს უწყობს სამრეწველო ნარჩენები და მომწამვლელი, მავნე ნივთიერებები, რომლებიც მარმარილოს ზღვაში ჩაედინება.

საქმე ისაა, რომ შავ ზღვაზე აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, მას აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო (სასუქები), ცხოველური, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და ორგანული თუ არაორგანული მარილები. მარილები ზღვაში ძირითადად მდინარეების წყალთან ერთად ჩაედინება.

მარილების მოჭარბება კი ერთუჯრედიანი წყალმცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და თავის გადასარჩენად ისინი მეტი ინტენსივობით იწყებენ გამრავლებას, რაც ამჟამად ხდება მარმარილოს ზღვაში, ანუ იზრდება ფიტოპლანქტონის პოპულაცია, რასაც ზღვის ევტროფიკაცია (დაჭაობება) მოსდევს. მკვდარი ორგანული ნივთიერებების შლის შედეგად ზღვაში ჟანგბადის მოცულობა მცირდება. უჟანგბადობას კი მრავალი ცოცხალი არსება ეწირება, რაც, ბუნებრივია, დიდად ვნებს ბიომრავალფეროვნებას.

გაზეთი "თურქი“ («Türkiye») ბეჭდავს სტატიას, სათაურით: "წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ (ავტორი - ზინეთ ქოჯაბიქი), რომელშიც ნათქვამია:

"მარმარილოს ზღვის ფსკერზე ისეა ლორწო მოდებული, რომ ხალიჩა გეგონება. თევზები ან დაიღუპნენ, ანდა ლორწოში "გაბმულები“ კომატოზურ მდგომარეობაში არიან. სურათი ისეთია, როგორსაც საშინელებათა ფილმებში ვხედავთ ხოლმე. მყვინთავები, რომლებმაც ზღვის ფსკერი გამოიკვლიეს, თავიანთ გაოცებასა და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. თურქეთის წყალქვეშა სპორტის მოყვარულთა ასოციაციის გარემოს დაცვის საბჭოს წევრისა და ფოტოგრაფი მეჰფათ აქბაშ ჩიფჩისთვის, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ადგილზე ჩაუყვინთავს და მრავალი არასასიამოვნო სურათის მნახველია, მარმარილოს ზღვის ფსკერზე ნანახი ყველაფერს აჭარბებს.

"ეს საშინელებაა. ასეთი ეკოლოგიური კატასტროფა არსად მინახავს“, - ამბობს ის.

მეჰფათ ჩიფჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ლორწო პრობლემად დაახლოებით ორი კვირის წინ იქცა:

"მარმარილოს ზღვაში ასეთი რამ ადრეც ყოფილა, სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ შემდეგ სწრაფად ქრებოდა. ახლა კი, როცა გავიგეთ, რომ გემლიკის უბეში ლორწოს სქელი ფენა იქმნებოდა, მაშინვე გავემგზავრეთ. ადამიანი ჯერ ზედაპირს რომ შეხედავს, შეეშინდება, მაგრამ მერწმუნეთ, წყალქვეშ უფრო უარესი სიტუაციაა. აი, სურათებზე ჩანს, რომ ყოველგვარი სიცოცხლე ნადგურდება. თევზებზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლანდელ ლორწოს ვერ უძლებს ის მწვანე წყალმცენარეებიც კი, რომლებიც ადრე გამძლეობით გამოირჩეოდნენ. ისინიც კი იღუპებიან. მთელი ფსკერი ლორწოთია მოფენილი, ირგვლივ სქელი ფაფის მაგვარი წარმონაქმნია. წყალქვეშ ორნი ვიყავით და ჩემს მეგობარს ნახევარ მეტრშიც ვეღარ ვამჩნევდი“.

მეჰფათ ჩიფჩისთვის მარმარილოს ზღვის ასეთი მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა, რადგან მან ბავშვობა სწორედ გემლიკის უბის ნაპირზე გაატარა და ცურვაც იქ ისწავლა.

თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მარმარილოს ზღვაში მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები როგორმე შეამციროს. მეცნიერები ამბობენ, რომ ლორწოს წარმოქმნას და მის გამრავლებას ამჯერად ხელი კორონავირუსმაც შეუწყო, როცა ადამიანთა თვითიზოლაციის დროს საყოფაცხოვრებო ნაგავის მოცულობა ძალიან გაიზარდა და ეს ყველაფერი უკონტროლოდ ზღვაში იყრებოდა.

"მარმარილოს ზღვაში ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი კუბამეტრის მოცულობის ნაგავი იყრება. რასაკვირველია, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მოვალეობაა, მაგრამ თითოეულმა მცხოვრებმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ბუნების, გარემოს დაცვა მისი მოვალეობაც არის. თუ ჩვენ მიდგომებს არ შევცვლით, უარესი მოხდება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით