ავტორი:

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი

ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბოდბის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, იმაზე, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება. ლომჯარიას განცხადებით, ის და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავლენ, რათა ბავშვებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გაუცხოვება არ ჰქონდეთ.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და არ იყოს მტრულად განწყობა იქ მყოფი პირების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები, დაიწყებენ ვითარების შესწავლას.

ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ეს იყო უფრო მეტად ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ბავშვების გაყვანას რაც შეეხება, ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება გადაწყვეტილი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ისე განვითარდება მოვლენები,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

მეუფე იაკობის განცხადებით, არცერთი ის თანამშრომელი, რომლებზეც პანსიონის აღსაზრდელებს პრეტენზია აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებს.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პანსიონი მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვდება და მასში ბავშვების რაოდენობაც შემცირდება.

რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ის ომბუდსმენთან ერთად დაწესებულებაში მომდევნო კვირის ბოლოს შევა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით, რომ მე და სახალხო დამცველი შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში, იქ ვნახავთ სიტუაციას. ჟურნალისტებმა მოგვეცით მუშაობის საშუალება ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით. ეს ბავშვებისთვის დიდი სტრესია და ვერ გამოდიან ამ სტრესიდან. მომზადების შემდეგ შევლენ მონიტორები. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ.

თვითონ ნინოწმინდაში, სხვა ტერიტორიაზე მოხდება ბავშვების გადაყვანა. აქ იქნება დღის ცენტრი. გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდე ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, ეკლესია, ევროკავშირი, USAID და ასევე „ვორლდ ვიჟენი“, ახლა მონაწილეობს სახალხო დამცველიც. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და რეკომენდაციას. ეს საქმე ჩემთვის ახალია, მაგრამ უცხო არ არის, მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ვინმეს წასვლის სურვილი ექნება, სოციალური მუშაკები გადაწყვეტენ სად წავიდნენ.

„რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ახალი ტიპის დაწესებულებაში მისივე გეგმით, 10-მდე ბავშვი უნდა იყოს.

„მქონდა საუბარი UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი ერთ დაწესებულებაში. ამიტომ ამ გეგმით წავალთ. გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს სულთმოფენობაა - "საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება"

"ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - მეუფე გრიგოლი

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 911 პირი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით