ავტორი:

"ბევრს ჰგონია, ამერიკა თუ დაუცაცხანებს, რუსეთი შეშინებული გაიქცევა, ასე არ ხდება" - ექსპერტები აფასებენ, თუ რატომ არ ახსენეს პუტინმა და ბაიდენმა საქართველო

"ბევრს ჰგონია, ამერიკა თუ დაუცაცხანებს, რუსეთი შეშინებული გაიქცევა, ასე არ ხდება" - ექსპერტები აფასებენ, თუ რატომ არ ახსენეს პუტინმა და ბაიდენმა საქართველო

დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ Heritage Foundation-ის ელისონის საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს 20% ოკუპირებულია! თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე არ ახსენეს“, - წერს ლუკ კოფი.

თემას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ქართველი ექსპერტების მხრიდან.

როგორ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველო ნახსენები არ იყო, რისი მიზეზიც არის ის, რომ ქართული მხარე არ აქტიურობს და „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა გვაქვს მთავარ ამომავალ წერტილად“.

ბატიაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს, საჭიროა, ქვეყანა იყოს აქტიური.

„სამწუხარო რეალობაა, როცა შეხვედრაზე არ ახსენეს საქართველო. საქართველო დიდი ხანია რადარებიდან გაქრა იმიტომ, რომ ქართული მხარე მაინცდამაინც ყოველთვის არ აქტიურობს. ხშირად არის ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა, რომ თითქოს არავის უნდა ვაწყენინოთ. ამ დროს საერთაშორისო ურთიერთობები აგებულია არა წყენინება-არწყენინებაზე, არამედ ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების დაცვა არის მთავარი. ის, რომ აშშ-ს არ უხსენებია საქართველო, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო საბოლოოდ ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. საქართველო დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის, უბრალოდ, პრიორიტეტებში არ არის და გადაწეულია“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

როგორც ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აშშ-მა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ასევე მან აღნიშნა, რომ ბაიდენმა სწორედ ის თქვა, რისი შიშიც პუტინს ჰქონდა. მისივე თქმით, ეს იყო საკმაოდ მკაცრი განცხადება, რომ ის არ აპირებს უღალატოს იმ ფასეულობებს, რასაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია ჰქვია.

„შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები ყოველთვის შეძლებენ შეთანხმებას. ამ შემთხვევაში ძირითადი ის იყო, რომ მხარეებმა შეძლეს და ერთმანეთს გააცნეს თავიანთი პოზიციები. მნიშვნელოვანი იყო ჯო ბაიდენის განცხადება, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს იქნება მისი პრიორიტეტი. ბაიდენი შეეცადა, რომ ეს აეხსნა პუტინისთვის. მთელი მსოფლიო სწორედ იმიტომ ელოდა ტრამპის წასვლას და ბაიდენის მოსვლას, რომ პრინციპებზე იქნებოდა საუბარი და სწორედ ამ პრინციპების წინა პლანზე წამოწევას ვხედავთ ახლა და ეს არ იქნება მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო კარგი დემონსტრირება იმისა, თუ რა იქნება ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ვფიქრობ, რომ კრემლში კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოყვეს იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში ატარებენ.

პუტინი საკმაოდ ნერვიულობდა ამ შეხვედრაზე და ეტყობოდა. სწორედ ის თქვა ბაიდენმა, რისი შიშიც პუტინს ჰქონდა, რომელიც შეიძლება იყოს ძალზე მტკივნეული რუსეთისთვის, იგივე ნავალნისთან მიმართებაში და ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს იყო საკმაოდ მკაცრი განცხადება, რომ ის არ აპირებს უღალატოს ფასეულობებს, უღალატოს იმას, რასაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია ჰქვია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

საქართველო რომ ახსენონ, ამას რამე გარღვევა მოყვება? პუტინს რომ ბაიდენმა უთხრას, გაიყვანე ჯარებიო, გაიყვანს ჯარებს? - არ გაიყვანს! ეს ბაიდენმაც მშვენივრად იცის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, საქართველოს თვითმიზანი მსგავსი მაღალი დონის შეხვედრაზე ქვეყნის სახელის ხსენება კი არ უნდა იყოს, არამედ, ქვეყნის განვითარება.

„გვახსენებენ თუ არ გვახსენებენ, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის. რატომღაც აჩემებულია, რომ ყველგან უნდა გვახსენონ. უკრაინა რომ ახსენეს, რატომ ახსენეს? - იმიტომ, რომ უკრაინაზე გადის ფრონტის ხაზი ამერიკა-რუსეთს შორის. როცა ფრონტის ხაზი გადის ქვეყანაზე და გახსენებენ, აქაც ხეირი არაფერია და არც ეგაა მაინცდამაინც კარგი.

პუტინსა და ბაიდენს სალაპარაკო თემები აქვთ, მაგალითად ჩინეთი, ირანის საკითხი, ბირთვული იარაღის საკითხი, ასევე, სტრატეგიული სტაბილურობა ორ ქვეყანას შორის, რაც მნიშვნელოვანია. ამ საკითხებთან რომ საქართველო ახსენოს ბაიდენმა, ამას რამე მოყვება? რაზე შეთანხმდებიან საქართველოსთან მიმართებაში? იცის ბაიდენმა, რომ პუტინი ჯარებს არ გაიყვანს. თუ ზრდილობის გამო ჩაიწერს, რომ საქართველო ახსენა, ამას არ იზამს.

თუ რამე კონკრეტული შეიძლება მოყვეს საქართველოს ხსენებას, მაშინ უნდა გვახსენონ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ჩვენს ხსენებას პუტინთან შეხვედრისას შედეგი მოყვება. უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომელიც არის. პატარა ბავშვებივით არ უნდა ვიყოთ, რომ ყველგან ჩვენ გვახსენონ. რეალისტები ვიყოთ, რომც გვახსენოს ბაიდენმა 100-ჯერ, პუტინი ჯარს არ გაიყვანს. საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის დრო არ დამდგარა და არც ასე მარტივად დადგება. რუსეთს თავისი მოთხოვნები ექნება დეოკუპაციის სანაცვლოდ. ეს მწარე რეალობა უნდა გავიაზროთ. ბევრს მოლოდინი აქვს, ამერიკა თუ დაუცაცხანებს რუსეთს, რუსეთი შეშინებული გაიქცევა. ასე არ ხდება, ფაქტია! მომენტს უნდა ველოდოთ და თუ მომენტი ჩავარდება, დეოკუპაციას მივაღწიოთ. ამ მომენტს უნდა დავხვდეთ მომზადებულები. ახლა ეს მომენტი არ დგას, ფაქტია. დღეს და ხვალაც არ დადგება, მაზეგ, იმედია, დადგება”, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს და ამაზე ამერიკასა და რუსეთს შორის მსჯელობას, როგორც შარაშენიძე ამბობს, ეს რუსეთისთვის „წითელი ხაზია“ და საქართველო აქაც მომენტის ჩავარდნას უნდა დაელოდოს.

„როცა ბაიდენი პუტინს ხვდება, ბაიდენმა კარგად იცის, რომ ის არ აპირებს ამ საკითხის განხილვას. ეს არის „წითელი ხაზი“ მისთვის. აქაც უნდა ველოდოთ, როდის ჩაგვივარდება მომენტი, სხვა გზა ჯერჯერობით არ ჩანს. უკრაინა ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ. ეს საერთოდ ზღაპარია, რომ უკრაინას რაღაც მისცენ. ერთი ტერიტორია უკვე წაართვა რუსეთმა და მიიერთა, მეორე ჩამოაჭრა და იქ ომი მიდის. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რომ საქართველო მიიღონ ნატო-ში, მაგრამ იმ პირობით, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით, ვიდრე ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება. უკრაინასთან მიმართებაში მსგავსი ფორმულაც კი არ არსებობს. უკრაინის ხსენება ზელენსკის აწეული პიარია, პროპაგანდაა, რომ შიდა პოლიტიკური რეიტინგი აწიოს.

საქართველოს თემა ისედაც წამოწეულია, აძლევენ თანამშრომლობის პაკეტებს, მაგრამ პოლიტიკური ნაბიჯი გაწევრიანებისკენ არის მაპ-ი, რომელსაც ჯერ არ გვაძლევენ. რომ წამოწიოს თემა ჩვენმა მთავრობამ, რა მერე? 24 საათი თუ იმას დაველოდებით როდის გვახსენებენ უმაღლესი დონის შეხვედრებზე, ასე არაფერი გვეშველება. პირველ რიგში, ქვეყანა შიგნით უნდა დავალაგოთ. მერე ვუყუროთ ვინ როგორ გვახსენებს. ძლიერები და შემდგარი სახელმწიფო რომ ვიქნებით, მერე გვახსენებს ყველა და აქეთაც შეგვეხვეწებიან შემოდით ნატო-შიო“, - განაცხადა შარაშენიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მკვლევარს თენგიზ ფხალაძეს.

"ის, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაში საქართველოს საკითხი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაში ორი აზრი არ არის. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, ეს იყო ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა და იმით, რომ ცალ-ცალკე იყო განცხადებები და აბსოლუტურად ყველაფრით ჩანდა, რომ ეს იყო უაღრესად დაძაბული და რთული შეხვედრა, რაზეც შემდგომ ღიად ისაუბრეს როგორც ბაიდენმა, ასევე პუტინმა. გარღვევას ამ შეხვედრიდან ნამდვილად არავინ ელოდებოდა. მთავარია ის, რომ პოზიციამ რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო, დაფიქსირდა ის, რაც თქვა ჯო ბაიდენმა, რომ ამერიკის პრეზიდენტი თვალს ვერ დახუჭავს როცა საფრთხე ემუქრება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მსოფლიოში უსაფრთხოებას და ა.შ. ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, რომ პრესკონფერენციაზე არ ითქმის ყველაფერი და საუბარი იქ დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა თემაზე იყო, რომელიც პრესკონფერენციის დროს შესაძლებელია არ გაჟღერდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ბაიდენმა თქვა - პუტინმა უნდა მიიღოს გზავნილი მსოფლიოსგან, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს არის ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი. აქედან გამომდინარე შემდომ რა ნაბიჯები გადაიდგმება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

გუშინდელ შეხვედრაზე მსოფლიო უსაფრთოებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გაჟღერდა, რაზეც მეტ-ნაკლებად პოზიციების დაახლოება მოხდა. ეს არის ბირთვული უსაფრთოების საკითხები, ეს არის ის, რომ საელჩოებმა ორივე ქვეყანაში დაიწყონ ფუნქციონირება მეტ-ნაკლებად ნორმალურად, მაგრამ ის, რაც გაჟღერდა გუშინ, არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმისა, რაზეც იყო საუბარი“, - განაცხადა ფხალაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულად საქართველოზე არა, მაგრამ შეხვედრაზე შავი ზღის უსაფრთოების საკითხი განხილვის თემა ყოფილიყო.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველო იყო ცალკე განხილვის საკითხი, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ საუბარი ყოფილიყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ასევე ზოგადად, ახალგაზრდა დემოკრატიების მიმართ კრემლის პოლიტიკაზე. ეს გამოჩნდება მომავალში. ჩვენთვის მთავარია რა შედეგი მოყვება ამ შეხვედრას. მივესალმები იმას, რომ რაც შეიძლება მეტი საუბარი იყოს საქართველოზე და უფრო მეტად ჟღერდეს ნებისმიერი პრესკონფერენციის, ბრიფინგის, შეხვედრის დროს. ჩემთვის მთავარია ის, რომ ამას შეხვედრას მოყვეს ქმედითი ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, საქართველოს პოლიტიკური დაცულობისთვის. მთავარია რუსეთთან მივიდეს გზავნილი, რომ საქართველოს მიმართ არალეგიტიმური ქმედება არ შეიძლება და ამას მოყვება ძალიან სერიოზული ფასის გადახდა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს გვინდა მივიღოთ. ამ ერთი შეხვედრით არაფერი მთავრდება, პირიქით, იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება სხვა შეხვედრები აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელიც რუსეთის პოზიციას გახდის უფრო განსხვავებულს და ისეთს, რომელიც ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, მანამ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია არ მოხდება, საქართველოს მიღწეულით თვითკმაყოფილების ფუფუნება არ აქვს.

„საქართველო უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს ყოველთვის, სანამ არ მიაღწევს საბოლოო მიზანს. სანამ ამ ქვეყანაში არის თუნდაც ერთი გოჯი მიწა ოკუპირებული, თუნდაც ერთი უკანონო მავთულხლართი, თუნდაც ერთ მოქალაქეს ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება და ერთი ადამიანი მაინც არის უკანონოდ დაპატიმრებული ოკუპანტის მიერ, მანამდე შეუძლებელია რამით კმაყოფილი იყო. მილიონჯერ რომ გვახსენოს ბაიდენმა, სანამ საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია არ მოხდება, შეუძლებელია რამით კმაყოფილი იყო. რისი ფუფუნებაც არ გვაქვს, თვითკმაყოფილებაა. თუკი რაიმე მიღწევები გვქონდა გუშინდელ დღემდე, ახლა ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ მეტი უნდა იყოს. აქტიურობა აუცილებელია. უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები!“ - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჟენევაში პირველი შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებს შორის ჟენევაში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა 4.5 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბაიდენმა და პუტინმა შეხვედრის თაობაზე ცალ-ცალკე გამართეს პრესკონფერენციები.