ავტორი:

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი რიმა ბერაძე პოლიტიკაში მოსვლის მოტივს ხალხის სამსახურში ყოფნის სურვილით ხსნის. ამბობს, რომ, რაც გაუკეთებია, ზღვაში წვეთია, დაღლას არ აპირებს, რადგან წინ დიდი გეგმებია.

  • ბავშვობა

ქალაქ ოზურგეთში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, ხუთი დედმამიშვილი ვიყავით - 4 და და ერთი ძმა. მშობლები ეროვნული ტრადიციების სულისკვეთებით გვზრდიდნენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განათლების მიღება და მართლაც, ხუთივემ დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი. მშობლები მშრომელი ადამიანები იყვნენ და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდნენ, აშენებდნენ სახლს, რომელიც ახლაც დგას ოზურგეთში. ყველაზე მთავარი, რაც მათ გვასწავლეს, შრომისმოყვარეობა, ადამიანების სიყვარული, წესიერება და ერთმანეთის პატივისცემა იყო. ოზურგეთის რაიონში თუ იკითხავთ გენო ბერაძის ოჯახს, გეტყვიან, რომ ერთ-ერთი წესიერი და პატივსაცემი ოჯახია, რაც მეამაყება.

პატარა ბერაძეები
  • სტუდენტობა

შემდეგ იყო სტუდენტობა... თავდაპირველად, გეოლოგობა მინდოდა, რადგან ჩვენთან, რაიონში, მთისპირში იყო ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი დიდი ქარხანა. ამ სოფელში, ბებია-ბაბუასთან ვატარებდით ხოლმე არდადეგებს. იქ რუკებით დადიოდა ერთი ქალბატონი - მარკშეიდერი გეოლოგი და ძალიან მომწონდა. მინდოდა, მეც მასავით გეოლოგი გავმხდარიყავი. ვინაიდან ძალიან კარგად ვიცოდი მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია, შემდეგ მშობლებმა მირჩიეს და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ინჟინერ-ეკონომისტი გავმხდარიყავი. სტუდენტობის პერიოდში ჯერ ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ ჩემი უფროსი და თბილისში გათხოვდა და ყველანი მასთან ვცხოვრობდით. ჩემდა სამწუხაროდ, უფროსი და ახალგაზრდა ასაკში გარდამეცვალა - 23 წლის შვილის ტრაგედიის გამო, უკურნებელი სენი შეეყარა, ვერ შევძელით მისი გადარჩენა... ჩვენ ყველანი, ოთხივე სტუდენტი და-ძმა დასთან და სიძესთან გავიზარდეთ, სადაც შესანიშნავი ოჯახური გარემო გვქონდა. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ძალიან აქტიური, კარგად ვსწავლობდი და მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ჩემი მშობლების გული გამეხარებინა. ზოგადად, კაცთმოყვარე ვარ, მიყვარს ადამიანები და ჩემი უპირველესი ამოცანა იყო და არის, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო, ეს ჩემი ერთგვარი ჰობია...

რიმა ბერაძე დებთან და ძმასთან ერთად

მიყვარს ოზურგეთი და გურულები, იქ ჩემი ფესვებია, ჩემი მშობლები იქ არიან და ბებია-ბაბუის საფლავებიც იქ მაქვს. ყოველთვის ვაკითხავ ჩემი წინაპრების საფლავებს და ვუვლი მარტო ჩემების კი არა, მიმდებარე ტერიტორიაზე საფლავებსაც, რომლებსაც ვერ აკითხავენ. ანდერძივით მაქვს და ჩემს შვილს ვეუბნები, როდესაც გარდავიცვლები, ერთი სურვილი შემისრულე, ვიდრე შეგეძლება ამ საფლავებზე მოდი მათ უკვდავსაყოფად-მეთქი..

  • "ამას არასდროს დავმალავ"

ამას არასდროს დავმალავ - 25 წლის ვიყავი, როცა იმდროინდელმა პარტიის რაიკომის მდივანმა ჩემთან ორგანიზაციაში მოსვლის დროს, მომისმინა იმ საკითხებზე, რომლებიც მის წინაშე დავაყენე, მერე გამომიძახა და პარტიის რაიკომის მესამე მდივნად დამნიშნეს, იდეოლოგია მიმყავდა. 9 წლის განმავლობაში ვიყავი რაიკომის მდივანი ოზურგეთის რაიონში და იმაში, რაც იმ პერიოდში რაიონში აშენდა და რაც განვითარდა, წვლილი მეც მიმიძღვის. იქ დავტოვე ხალხის პატივისცემა და სიყვარული. არიან ადამიანები, მეუბნებიან, აი, შენ რაიკომის მდივანი იყავიო... იმ პერიოდში ძალიან წესიერად ვმუშაობდი. წესიერები ყველა თაობაში არიან და ეს იციან ოზურგეთელებმა. ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება იყო, როცა 15 წლის შემდეგ, მოსახლეობის დიდმა ჯგუფმა წერილი გამოგზავნა საქართველოს მთავრობაში და ჩემს გუბერნატორად დანიშვნას ითხოვდა. ოჯახური მდგომარეობის გამო (შვილი პატარა მყავდა), წასვლა ვერ შევძელი და თანამდებობაზე უარი ვთქვი. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, როცა დავინახე, რომ ადამიანებს ჩემი რწმენა ჰქონდათ.

  • რატომ მოვედი პოლიტიკაში...

როცა ოჯახი შევქმენი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოვედი, ვიყავი 2 მოწვევის დეპუტატი თბილისის საკრებულოში. ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ შინაგანად მქონდა მოთხოვნილება, ადამიანების გვერდით ვყოფილიყავი. საერთოდ არ მქონდა დიდი ხელფასი, არც დიდი თანამდებობა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი ადამიანების პრობლემების მოგვარებას. წინა ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ჩემთვის მიუღებელი იყო და როცა 2011 წელს ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, მივედი ამ გუნდთან როგორც რიგითი მოქალაქე. მის გამოჩენამდე ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდი და პირველად მაშინ ვნახე, როდესაც თბილისში დიდი აქცია ჩატარდა.

2012 წელსაც ჩავერთე საპარლამენტო არჩევნებში - ჩუღურეთის რაიონში კენჭს იყრიდა ვიქტორ დოლიძე და მისი შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. გავიმარჯვეთ და ამის შემდეგ ამირჩიეს ჩუღურეთის რაიონის "ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2012-დან 2014 წლამდე გარდა პარტიული სტატუსისა, არანაირი ანაზღაურება და არაფერი მქონია, თუმცა მაქსიმალურად ვიდექი ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის გვერდით.

თბილისის ათი რაიონიდან ჩუღურეთი ერთ-ერთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის რაიონია,120 ათასი მოსახლით. ის ძალზე კოლორიტული ძველი უბანია ულამაზესი ქუჩებით და ჩემი ინტერესი იყო, რაღაც წვლილი შემეტანა მის კეთილდღეობაში. 2014 წელს გავიმარჯვე როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა და გავხდი თბილისის მოწვევის საკრებულოს წევრი, პარალელურად კი ამირჩიეს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ.

ამ რვა წლის მოღვაწეობის შედეგად, თუ შეიძლება ითქვას, თითოეული ჩუღურეთელის ოჯახის წევრი ვიყავი. მაქსიმალურად ვცდილობდი, მომეგვარებინა მათი პრობლემები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ შევძელი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელე...

2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, 36-ე ნომრად დამასახელეს და ასე გავხდი პარლამენტარი. ამასთანავე, ვასწავლი კავკასიის უნივერსიტეტში თვითმართველობას და თეორიულთან ერთად, სტუდენტებს ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვუზიარებ. სტუდენტები ჩემთან იმ დროს მოდიან, როდესაც მიღებაზე მყავს მოქალაქეები. ისინი პროცესების და იმ პრობლემების მოგვარების თანამონაწილეები არიან, რომელთაც გადაჭრაც მიწევს. დეპუტატი ხიდი უნდა იყო ამომრჩეველსა და იმ სტრუქტურას შორის, რომლისგანაც მას დახმარება სჭირდება.

მაქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში გადმომაქვს და ეს არის გენდერულ ჭრილში, ქალების პრობლემების მოგვარება. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ძალზე იმატა ოჯახში ძალადობის ფაქტებმა და ეს არის დიდი ტრაგედია. მაქვს ბევრი პრაქტიკული მაგალითი იმისა, როგორ ეპყრობოდნენ პრობაციონერ ქალებს, რომლებიც საპატიმროებიდან დაბრუნდნენ და საზოგადოება მათ სხვა თვალით უყურებდა. ჩვენი აქტივობით და გვერდში დგომით მოხდა მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია. კვლევაც ჩავატარე ჩვენს რაიონში, როგორ ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ ემიგრანტი დედების შვილები, როგორი იყო სოციალური ფონი ოჯახებში. დავინახე, რომ მათი აკადემიური მოსწრება იყო დაბალი და რამდენიმე დედას ვთხოვე, დაბრუნებულიყო ემიგრაციიდან, 1-2 ასეთის ხელშეწყობა შევძელი...

  • "ოჯახი, რომელიც მაძლიერებს"

ოჯახზე ცოტას ვისაუბრებ... ჩემს მეუღლეს - მერაბ სიორიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. შევხვდით ერთმანეთს და ოზურგეთში შევქმენით ოჯახი, გვყავს ერთი შვილი - ქეთევანი. მან წარმატებით დაამთავრა პირველი საჯარო სკოლა და ახლა კავკასიის უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზეა. ჯერ კიდევ მეცხრე კლასში იყო, როცა ინგლისის საელჩოში გრანტი მოიგო და 40 დღის განმავლობაში დედოფლის სკოლაში უფასოდ სწავლობდა. მეორედ კიდევ მოიგო გრანტი და ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში წავიდა. ძალიან წარმატებული და შემოქმედებითი გოგონაა, ამასთან, ღირსეული და ადამიანური, ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით.

მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

ჩემთვის მტკივნეული საკითხია მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მერაბს ცალ ფილტვზე გაკეთებული აქვს უმძიმესი ოპერაცია და ისეთ ადგილას, ხელით შესვლა შეუძლებელი იყო, რობოტმა გაუკეთა ოპერაცია თურქეთში, ვინაიდან საქართველოში ეს აპარატი არ არსებობდა. ამ წუთას გვაქვს რთული მდგომარეობა.... ამას ძალიან განვიცდით მე და ქეთი... მერაბი ჩემი დიდი მეგობარია, ქეთის და მერაბს კი საუკეთესო მამა-შვილობა აქვთ.

ქეთი
  • "რამდენჯერ დამხვედრია ეზოს ჭიშკარზე წერილი..."

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, არ მევალება, ჩუღურეთის მოსქალაქეებთან კომუნიკაცია დღემდე არ გამიწყვეტია. დავითვალე და, ბოლო დროს 1070 ადამიანი მყავს მიღებული. მოქალაქეებისთვის ორშაბათი დღე მაქვს გამოყოფილი, თუმცა დროს როცა გამოვნახავ, სხვა დღეებშიც ვხვდები მსურველებს, ან ტელეფონის საშუალებით მაქვს კომუნიკაცია. რამდენი მაკითხავს სახლში, რამდენჯერ დამხვედრია ეზოს ჭიშკარზე წერილი... 25 წელია საბჭოს მოედანზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, მიწისძვრით დაზარალებულ სახლში. ეზოში 16 ოჯახია. ჩვენი ეზოც გასამაგრებელია. ჩემი მეზობლები ცოტა განაწყენებულები არიან, მაგრამ იცით, რატომ არ გავამაგრე? რადგან ჩუღურეთში ბევრი სახლია გასამაგრებელი და არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, თავის სახლს მიხედა, ჩემსას - არაო. ალბათ მომავალში ყველაფერი მოწესრიგდება და ჩემი სახლიც გამაგრდება...