ავტორი:

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?

ერთი კვირის წინ, AMBEBI.GE-ს მკითხველს ჩვენი არაერთგზის რესპონდენტის, აფხაზეთში ომში გაპარული კაპიტნის, ლევან ბლუიშვილის შესახებ ვუამბეთ. მას ერთი ხელი დაკარგული აქვს და ჭკვიანი პროთეზის მოსარგებად თურქეთში გამოკვლევები და წინასამუშაო ეტაპები სჭირდება, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა, მაგრამ მასში არ შედის გზის, სასტუმროსა და კვების ხარჯები, სულ 3 000 ლარამდე თანხა.

შესაბამისად, დახმარების მსურველთათვის, მითითებული გვქონდა საბანკო რეკვიზიტები და ტელეფონის ნომრები... სტატიის დაწერის შემდეგ ჩარიცხვები არ წყდებოდა და ორ დღეში 1500 ლარი დაირიცხა.

ამის შემდეგ ლევანის დედა ზაირა ბლუიშვილი დაგვიკავშირდა. როგორც მან გვითხრა, სურს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მისი შვილის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა და თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხა ანგარიშზე, მადლობა გადაუხადოს.

ზაირა ბლუიშვილი:

- ლევანის ოცზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მათი უმეტესობა თურქეთში, ანკარაში არსებულ სამხედრო კლინიკა "გათაში". რამდენჯერაც თურქეთში ვიყავით, თვალში მომხვდა ადგილობრივების დამოკიდებულება სამხედროების მიმართ - ეს იქნება სამედიცინო დაწესებულებაში, ქუჩაში თუ ტრანსპორტში. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუგიათ, ქართველები რომ ვიყავით, დაფაცურდნენ, ჩვენ აქ თქვენებური ქირურგი გვყავსო., მალე ახალგაზრდა ბიჭი გაგვეცნო, ახლობელივით მიგვიღო და იმ უცხო მიწაზე, სითბო და ყურადღება არ დაუკლია ჩვენთვის...

როდესაც თურქი ექიმები ლევანის ამბავს იგებდნენ, რომ ის ომის ვეტერანი იყო, ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ, მოსანახულებლად შემოდიოდნენ, უამრავ რჩევას აძლევდნენ... ადამიანებისგან იმედგაცრუებაც მიგვიღია, მაგრამ სითბო უფრო მეტი. ერთხელ მოხუცმა ქალმა დაურეკა ჩემს შვილს, თქვენი ნახვა მინდაო, ქუჩაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხელში კონვერტი სჭერია თურმე... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, ჩარიცხვა არ ვიცი, ბოდიში, უხერხულობისთვის, მაგრამ ასე უნდა გადმოგცე თანხაო, ეს მცირედი შენ უფრო გჭირდებაო... სახლში რომ მოვიდა მხოლოდ მაშინ გავხსენით კონვერტი - 100 ლარი იყო.

ცრემლები მახრჩობს, როდესაც მას და ასეთ ასობით ადამიანს ვხვდები, ვინც საკუთარ ოჯახსა და ცხოვრებას აკლებს და ამ მძიმე პერიოდში სრულიად უცნობს უმართავს ხელს. ის ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ისინიც გმირები არიან და როდესაც ამბობენ, ხალხი წახდაო, ვეწინააღმდგები, არ არის ასე - ჩემი და ჩემი შვილის ზურგზე მაქვს გამოცდილი მათი უანგარო სიკეთე და თანადგომა.

AMBEBI.GE-ს და სრულიად უცხო ადამიანების დახმარებით, რომელთა შესახებაც ვერასდროს ვერაფერს გავიგებ, ჩემი ერთადერთი შვილი უამრავჯერ გადარჩენილა უიმედობას. უცხო ადამიანების სიყვარულმა და თანადგომამ, ბევრჯერ დაგვაყენა ფეხზე და ყოველი მომდევნო განსაცდელი გადაგვატანინა... ახლა კი არა, ყველას, ვინც ოდესმე თუნდაც ერთი ლარიც დაგვხმარებია, მადლობას ვუხდით. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ, მკითხველისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა მომეცა.

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

აქცია სოფელ ბობოყვათში - ადგილობრივებმა ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს

"მდგომარეობა დამძიმდა... მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - 37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება