ავტორი:

"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

პოპულარულ სერიალში ამჯერად მკაცრი, საქმეზე ორიენტირებული და ზედმეტად წესრიგის მოყვარული ქალის როლი შესთავაზეს. ისიც დასთანხმდა, რადგან რაც უფრო არ ჰგავს მას პერსონაჟი, მით უფრო სიამოვნებს ასეთ როლზე მუშაობა... დღეს ნიჭიერი მსახიობის ნანა ბუთხუზის გმირი "ჩცდ"-ს "კომენდანტია" და მის გარშემო ცდილობს, საკუთარი წესები დაამკვიდროს.

რას ამბობს თავის პერსონაჟზე, მისი რა თვისება აქვს, რით განსხვავდება ამ ქალბატონისგან - ამ და სხვა კითხვებზე AMBEBI.GE-ს მსახიობი თავად პასუხობს.

- ეს ქალი ისეთი კატეგორიის ადამიანია, რომელიც ან ძალიან გიყვარს და მოგწონს, ან კატეგორიულად არ მოგწონს და ვერ იტან. შუალედური აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადად, მგონია, რომ აზრი მხოლოდ ორად იყოფა... მოეწონება მას, ვისაც უყვარს ძლიერი, მკაცრი თუ საშიში ქალები, ზოგი ძალიან გაღიზიანდება და მისთვის ის აუტანელი იქნება.

მაგრამ, მგონი, თავად ასეთი ადამიანები იმაზე არ ფიქრობენ, ვინმეს უყვართ ისინი, თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანია მიზანი - ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებენ. მთავარია, შედეგს მიაღწიონ. მთავარია, გააკეთონ ის, რაც უნდათ, რომ გამოუვიდეთ.

- როდესაც სცენარისტისგან ეს პერსონაჟი მიიღეთ, მგონია, რომ ის ასეთად მაინც თქვენ დახვეწეთ, მთელი თავისი თვისებებით გამოძერწეთ...

- ამ ფსიქოტიპის ქალის თამაში, მისი "ძერწვა" ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული უნარ-ჩვევების ადამიანია. ასეთ დროს ბევრად საინტერესოა პერსონების ძიება, მათი გაგება და გამართლება, რომელთა თვისებები, ერთი შეხედვით, უარყოფითია. არადა, გმირს თუ არ გაუგე და არ გაამართლე, მას ვერ ითამაშებ. აქედან გამომდინარე, დავიწყე ჩემი გმირის თხზვა...

სცენარისტი ისე საინტერესოდ წერს, რომ იმის საშუალებას მაძლევს, უფრო საინტერესოდ შევქმნა. ეს ერთობლივი სამუშაო პროცესია. თუმცა მე ამ ქალს ვხედავ, ვგრძნობ, მესმის, როგორ ლაპარაკობს, როგორი ტემპი აქვს, როგორ მოძრაობს. როცა მსახიობი ამ ყველაფერს აცოცხლებს, სცენარისტს მეტი სურვილი უჩნდება, პერსონაჟი საინტერესოდ განავითაროს. ეს კი, როგორც ვთქვი, ერთობლივი მუშაობის შედეგია. მოკლედ, მასზე მეც დამოუკიდებლად ვმუშაობ და უკვე შემიყვარდა კიდეც...

- მისი რაიმე თვისება თუ გაქვთ?

- ერთი, რაც შეიძლება, მქონდეს, მეც ასეთივე თავგანწირვით ვარ ჩაფლული და ბოლომდე ჩაშვებული საქმეში, თუმცა მისგან განსხვავებით, მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს - ოჯახი, შვილები და ამ ყველაფერს საქმესთან ვათავსებ. ზოგადად წესრიგი მეც მიყვარს, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა მართო და აკონტროლო, ეს აუცილებელია, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენო შენი ძალაუფლება... მე რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, ჩემი მეუღლის სახით, როგორიც შემხვდა, შეიძლება არ ვყოფილიყავი დაოჯახებული და ვყოფილიყავი მარტო...

ძალიან ერთგული და საქმის მორჩილი ადამიანია. ვიმეორებ, მეც ჩემს საქმეში ბოლომდე ვიხარჯები და საკუთარ თავს მაქსიმალურს ვთხოვ, რომ მიზანს მივაღწიო, შედეგი მაღალ ხარისხში დავდო და მაყურებელი იყოს ძალიან კმაყოფილი. ალბათ, ამ ქალის მიზანიც ის არის, რომ წესრიგი დაამყაროს გარშემო, იმ მოცემულობაში და იმ ყოფაში, რაშიც ცხოვრობს.

- ოჯახი, შვილები ახსენეთ... როგორ აფასებენ ამ სერიალში თქვენს ნამუშევარს?

- ოჯახის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია. მგულშემატკივრობენ, ზოგადად ჩემს საქმიანობას გულშემატკივრობენ. უხარიათ, რომ ვარ ამ სერიალში, მოსწონთ, აინტერსებთ. მეკითხებიან, შემდეგ შაბათს მორიგ სერიაში ვიქნები თუ არა? კადრში ჩემს დანახვაზე ეღიმებათ... სამი შვილი მყავს - უფროსი ბიჭი 19 წლისაა, შუათანა ბიჭი - 15 წლისა, უმცროსი გოგონა - 8 წლის გახლავთ. ისე, ბიჭებს დიდად არ უყვართ ტელევიზორის ყურება და ემოციების გამოვლენაში ცოტა თავშეკავებულები არიან. უფროსმა შვილმა მითხრა, - კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ეკრანზე მიჭირს შენი ყურებაო. დედა ვარ და ალბათ, ამიტომ. ჩემი თანდასწრებით არა, მაგრამ შეიძლება, ჩუმად უყურებს, არ ვიცი. გოგონა კი ბოლომდე ჩართულია, მგულშემატკივრობს, ბედნიერია, ემოციებს გამოხატავს, უხარია, სერიალში რომ მხედავს. ამბობს, რომ გავიზრდები, მეც მსახიობი უნდა გამოვიდეო. მოკლედ, ჩემიანია... მეუღლეც უყურებს და მასაც ეღიმება ხოლმე...

- ისიც მსახიობია?

- არა, არქირექტორი და თვალ-ყურს მადევნებს, უყურებს და კმაყოფილი ღიმილი აქვს, ამბობს - კარგია, კარგი! მოკლედ, სახლში რომ არ მოსწონებოდათ, მეტყოდნენ - ეს რას აკეთებო? რადგან ეს არ უთქვამთ, მგონია, რომ ყველაფერი კარგად არის.

- მსახიობს რომ კარგი მეტყველება და ხმა უნდა ჰქონდეს, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ თქვენ მართლა გამორჩეული მეტყველება და ხმის ტემბრი გაქვთ...

- სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, საბალეტო სკოლა დავამთავრე და იქ უხმოდ, პლასტიკაში ვარტისტობდი. მსახიობის ოსტატობის პედაგოგი უხმო პლასტიკას გვასწავლიდა. ის არ იყო ქართველი, ქართული არ ესმოდა, პერმიდან მოწვეული პედაგოგი გახლდათ და მირჩია, ისეთი უნარები და შესაძლებლობები გაქვს, ისეთ რაღაცებს აკეთებ, არ ვიცი, მეტყველებაში როგორ ხარ, მაგრამ გირჩევდი, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბაროო. ეს იყო ჩემი პირველი შეფასება... მერე, როდესაც უკვე სერიოზულად გადავწყვიტე "თეატრალურში" ჩამებარებინა, ჩემი ხმა გასინჯეს, როცა გამოცდებზე ლექსი, იგავ-არაკი და პროზა წარმოვადგინე, - "ეს დაბადებულია ამისთვის, პრობლემა არ აქვსო"... კარგი შეფასებები მქონდა.

- ე.ი. ყველაფერი ბავშვობიდან დაწყებულა...

- რაღაცნაირად ასე მოხდა - ლექსებს, პატარა ნოველებს ვწერდი, ჩემს დაწერილს ვკითხულობდი, პერფომანსებს ვდგამდი. სულ რაღაცებს ვთხზავდი... ჩემს კლასელებს შევკრებდი და თანამედრვე ბალეტის ჟანრში ცეკვებს ვდგამდი და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. ერთ-ერთმა პედაგოგმა ისიც მითხრა, შენგან შეიძლება, კარგი ქორეოგრაფი დადგესო. მოკლედ, სწორად წავედი, რომ მხოლოდ ცეკვით არ შემოვიფარგლე და სამსახიობოზე ჩავაბარე. მხოლოდ ცეკვით ვერ დავკმაყოფილდებოდი. ასე რომ, მოსწონთ ჩემი ხმა...

- თეატრს პანდემიის გამო დიდი პაუზა გამოუვიდა. როგორ გამოიარეთ ეს პერიოდი?

- სტრესის გარეშე, ეს ჩემთვის არ იყო ტრაგედია. პატარა პაუზა გამოვიდა, არ იყო ძალიან დიდი. თან, მსოფლიო გაჩერდა, დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრეები გავხდით, სხვა რეალობაში აღმოვჩნდით, სხვა მოვლენა მოხდა, წინა პლანზე სხვა ფასეულობები წამოვიდა - სიცოცხლის გადარჩენა გახდა მნიშვნელოვანი.

იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი, რომ ვერანაირად მივცემდი თავს იმის უფლებას, თეატრის დახურვაზე მეწუწუნა. არც დეპრესია დამწყებია და ამის გამო სტრესშიც ვერ ვიქნებოდი. პირიქით, ჩემთვის თეატრი და შემოქმედებითი ცხოვრება უფრო ცოცხალი და რეალური გახდა, რადგანაც ეს პროცესი არასდროს მთავრდება. შეიძლება, ერთი წელი თეატრში არ იყო, არ იმუშავო, გაჩერებული იყო, მაყურებელს ვერ ხვდებოდე, მაგრამ პროცესი არასდროს ჩერდება.

ამ დროს იმდენი საინტერესო ემოცია და გამოცდილება დავაგროვე. მაგალითად, როგორ ვუმკლავდები თუნდაც ჩაკეტილობის ჟამს, ვის რა ტკივილი აქვს, რა ემოციური მდგომარეობა, ვის რა დახმარება სჭირდება. ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა. გააზრებულად შევხედე. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დასასრული არ არის და ცხოვრება ისევ გაგრძელდება...

როგორია 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელთაგან ერთს ე.წ. ინდური შტამი, ხოლო მეორეს "ბრიტანული" დაუდასტურდა - ექიმის კომენტარი

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა