ავტორი:

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს. სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 86.4%-ის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, "სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 55.02% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი“, 20.41%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი "მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, "აყვავებული სომხეთი“ კი - ხმების 4.1%.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომეხმა ხალხმა "სამოქალაქო შეთანხმებას“ და პირადად მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, მიანიჭა მანდატი. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

”ჩვენ უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ და პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა გვეყოლება,“- აღნიშნა ფაშინიანმა და მხარდამჭერებს ორშაბათს საღამოს ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსში აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა არსებობს.

"უამრავი სიგნალია საარჩევნო უბნებიდან, რაც არჩევნების შედეგების ორგანიზებულ და დაგეგმილ ფალსიფიცირებას ცხადყოფს და არჩევნების მიმართ უნდობლობის სერიოზული მიზეზია,“- აღნიშნულია საარჩევნო ბლოკ "სომხეთის“ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, არჩევნების შედეგებს მანამ არ აღიარებენ, სანამ დარღვევებს არ შეისწავლიან.

შეგახსენებთ, სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა დილის 8:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.