ავტორი:

3 მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს - რას წერს ამერიკული გამოცემა?

3 მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს -  რას წერს ამერიკული გამოცემა?

ამერიკულ ჟურნალ "ნიუსვიკში" («Newsweek») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "საქართველო ჩემს ფიქრებში“, რომელშიც, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგების ფონზე, განხილული და გაანალიზებულია საქართველოს როლი და მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, მასში ლაპარაკია აგრეთვე საქართველოს განვითარების პერსპექტივაზე და ადგილზე საერთაშორისო პოლიტიკაში (სტატიის ავტორები - ფილიპ ბრედლავი, გადამდგარი გენერალი, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური და იულია ჯოჯა - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, გასული კვირის განმავლობაში ევროპაში გამართული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამიტების დროს, რომლებშიც ბევრი მოთამაშე მონაწილეობდა, ასევე ბევრი ინტერესი გამოიკვეთა და ბევრი პრობლემა იქნა განხილული. იმ დროს, როცა მასალები გლობლური თემების აღმნიშვნელი სათაურებით ქვეყნდება, "მნიშვნელოვანია არ მოხდეს კავკასიის რეგიონში აშშ-ის საკვანძო სტრატეგიული მოკავშირის - საქართველოს იგნორირება“.

"ამას წინათ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ყველას შეგვახსენა, რომ ათი წლის წინათ, მოსკოვში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს, ორივე ლიდერი ერთმანეთან საკმაოდ მკვეთრად საუბრობდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ის, რომ ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ ყირიმის ოკუპირება მოახდინა, ეს იყო მოსკოვის პასუხი კიევის ნატოში გაწევრების სურვილზე. დღეს რუს ჯარისკაცებს ჯერ კიდევ აქვთ დაკავებული საქართველოს ტერიტორიის 20%. მაიკლ მაკფოლმა ისიც აღნიშნა, რომ ჟენევის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის საკითხიც უნდა ყოფილიყოო შეტანილი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორების აზრით, "საქართველო ნამდვილად იმსახურებს აშშ-ის უფრო მეტ ყურადღებას". მიუხედავად იმისა, ამ ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესია დღესაც გრძელდება, კავკასიური სახელმწიფო იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ წარმატებებს მიაღწიოს სახელმწიფოს მშენებლობაში, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში.

ფილიპ ბრიდლავისა და იულია ჯოჯას აზრით, არსებობს სულ ცოტა სამი მიზეზი, რომლის გამოც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს:

პირველი - საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 2020 წლის ბოლოს, კავკასია-შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთმა გაყინულმა კონფლიქტმა - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გაიღვიძა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიან ომში გადაიზარდა. ომს შეიძლებოდა საქართველოსთვის ცუდი შედეგები მოეტანა - გამორიცხული არ იყო რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდა ორ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ომის დასრულების დროს საქართველოზე ზეწოლა მოხდა იმ მიზნითაც, რომ მას მონაწილეობა მიეღო თურქეთის ინიციატივით და რუსეთის თანხმობით წამოყენებულ რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაში - "კავკასიური ექვსეულის“ პლატფორმაში (თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც მასში აშშ-სა და დასავლეთის ჩართვას არ ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი როლის შესრულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი სიტუაციის დარეგულირებაში, რომელიც სომეხი ტყვე ჯარისკაცების გათავისუფლებაში შუამდგომლობით გამოიხატა, დანაღმული ზონების რუკების გადაცემის სანაცვლოდ. თბილისის მიერ შეტანილი ეს წვლილი იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, რასაც საქართველო ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აშშ-ის ერთგული მოკავშირის სახით.

მეორე - როცა აშშ თავის მოკავშირეებს მხარდაჭერას სთხოვს, საქართველო მუდამ პირველი რეაგირებს. ასე იყო, მაგალითად, ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებით - საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუერთდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებს. უფრო მეტიც - საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა (მოსახლეობის მიხედვით) ალიანსის ზემოთ ხსენებულ ოპერაციებში.

საქართველო ათეულობით წლის განმავლობაში უწევს წინააღმდეგობას რუსულ ჰიბრიდულ აგრესიას, ახდენს თავისი შეიარაღებული ძალების რეფორმირებას და ემზადება იმ დღისათვის, როცა მას ნატოში მიიღებენ. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული კონფლიქტების დროს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მიმართ მაინც საოცრად მაღალი რჩება.

დაბოლოს, მესამე - საქართველოს იმ ბრძნული როლის შესახებ, რომელსაც ის ასრულებს (და კიდევ უფრო მეტად შეუძლია შეასრულოს): ერთგვარი ხიდის როლი რუსეთთან და თურქეთთან მიმართებით. საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზანი მკაფიო რჩება: შეუერთდეს ნატოს და ევროკავშირს როგორც სტაბილური დემოკრატიული სისტემის მქონე ქვეყანა. მაგრამ იმავდროულად თბილისი იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ თავის ძლიერ მეზობლებთან - რუსეთთან და თურქეთთან ურთიერთობა არ უნდა გააუარესოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუქარები და ოკუპაცია არ წყდება, საქართველომ მაინც მოახერხა მოსკოვთან სტაბილური დამოკიდებულების შენარჩუნება, ხოლო თურქეთთან - სტრატეგიული და ნაყოფიერი პარტნიორობის განვითარება. თბილისის როგორც ხიდის როლი ამ ორ სახელმწიფოსთან ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-სათვის, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის საქმეში.

"ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს დასრულების შემდეგ საქართველომ ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში უფრო შესამჩნევი ადგილი უნდა დაიკავოს. როცა საქართველო თავს იცავს, როცა თბილისი დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებს, სწორედ მაშინ ჭირდება მას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისაგან. აშშ-ის ინტერესებშია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას“, - ხაზგასმულია სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გიორგი ვაშაძემ ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს" - ალეკო ელისაშვილი