სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები და ეს იცით რის ფონზე? როდესაც ზაზა გახელაძის დედამ ტანზე გადაივლო ბენზინი და თვითმკვლელობა სცადა. ეს არის უდიდესი სირცხვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ეკა ხერხეულიძის თქმით, ხვალ, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციას მეგობრებთან ერთად შეუერთდება.
"სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პატიმრობაში ჰყავდა რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე და ერთ დღეში უპირობოდ გაათავისუფლა. არც უფიქრია, რომ ეს სამი მოქალაქე გაეცვალა თავის მოქალაქეებში - ტყვე გახელაძეში ან ბესტაევში. ასე უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ გაეთავისუფლებინა და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი წუხილი ჰქონია. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკლავენ მოქალაქეს ოთხოზორიას, ასევე გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თვითონ აქვს თავისი ძალისხმევით მიღებული მონაწილეობა სპეცოპერაციაში, როდესაც იტაცებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ტომარა გადაცმული მუხთარლი გადასცეს შემკვეთს. ასეთი ურეპუტაციო ქვეყანა მაღალი რანგის შეხვედრებზე ვერ დააყენებს ზაზა გახელაძის საკითხს. ეს ჩვენ ვიხილეთ კიდეც, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის და მტერი ქვეყნის შეხვედრისას არათუ გახელაძის საკითხი, არამედ საქართველოს სახელიც კი არ გაჟღერებულა. რა ქნას, უსასოოდ, სასოწარკვეთილად დარჩენილმა ოჯახმა?!
ქვეყანაში, როდესაც არ არსებობს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი გახელაძის მშობლები მათივე გადაწყვეტილებით აპირებენ ჩაბარდნენ საოკუპაციო რეჟიმს. აქცია, რომლის გამართვასაც ხვალ აპირებენ და რომელსაც მე და ჩემი მეგობრები შევუერთდებით, არ გახლავთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული, მტერთან ისედაც ყველაფერი გარკვეულია. სხვათა შორის, ეს აქცია მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არ აღმოაჩნდა ძალა ეროვნული ღირსების მქონე საკითხი დაძლიოს, მოაგვაროს პრობლემა და საკუთარი მოქალაქე სახლში დააბრუნოს. ეს არის უდიდესი სირცხვილი. ამის პარალელურად თქვენი სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები და ეს იცით რის ფონზე? როდესაც ზაზა გახელაძის დედამ ტანზე გადაივლო ბენზინი და თვითმკვლელობა სცადა. ეს არის უდიდესი სირცხვილი და ეს არის პატივაყრილი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი მორალური ძალა არ გააჩნია. არ ყოფნის ძალა ამ ხელისუფლებას იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქე“, - განაცხადა ხერხეულიძემ.